ტრაგედია, სენსაციები და "მოსამართლე მედია"
21.12.2015
„პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“ - უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წინადადება თითქოსდა მარტივად აღსაქმელია და არ მოიცავს რთულ, ჩახლართულ, იურიდიულ ტერმინებს, ადამიანის უფლება, მიიჩნეოდეს უდანაშაულოდ, მანამ სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას, ვერა და ვერ გაითავისა ჩვენი მედიის ნაწილმა. ეს პრობლემა, როგორც წესი, მაშინვე იჩენს ხოლმე თავს, როგორც კი, მედიის დღის წესრიგში რაიმე გახმაურებული კრიმინალური ამბავი, მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა ხვდება.

ტრადიციულად გაშუქდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომლის შედეგადაც მამაკაცი და 5 წლის ბავშვი დაიღუპა. „მკვლელი“.... სწორედ ასე მოიხსენია რამდენიმე გამოცემამ ბრალდებული და არც მისი სახელისა და გვარისა თუ პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას მორიდებია.

„ვინ არის ქალი, რომელმაც ქმარ-შვილი მოკლა“ - შეკითხვაც ტრადიციული იყო, ონლაინ მედიაში ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტიპის სათაურები გვხვდებოდა. თავად ტექსტებში კი გავეცანით მკვლელობების ქრონოლოგიას, ვკითხულობდით დეტალებს ბრალდებულის შესახებ, შევიტყვეთ მისი სახელი და გვარი, ასაკი, სამუშაო ადგილი, ისიც, რომ „მეზობლების თქმით, ნორმალური ოჯახი ჰქონდათ“. დავათვალიერეთ ოჯახის წევრების ფოტოებიც, რომლებიც მედიასაშუალებებმა სავარაუდოდ სოციალური ქსელიდან აიღეს. მედია მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ ქალმა ჯერ ქმარს ჩაარტყა ჩაქუჩი თავში, შემდეგ კი შვილი მოგუდა. წერდა ისე, რომ არავის გახსენებია პირის უფლება, იყოს უდანაშაულო მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება. ეს მედიასაშუალებები თითქოს თავს იმართლებდნენ და წერდნენ, დანაშაული თავად ბრალდებულმაც აღიარაო. სამწუხაროდ, მათ არ გახსენებიათ, რომ პირი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლება მაშინაც კი, როცა მან აღიარებითი ჩვენება მისცა, რადგან აღიარება არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა. სს საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლში ვკითხულობთ: „ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით“. შესაბამისად, ბრალის აღიარება, მედიასაშუალებას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, მაშინ როცა პირს მკვლელად ან დამნაშავედ მოიხსენიებს.

ტელემედია შედარებით უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და ბრალდებულის სახელი და გვარი არ უხსენებია. „დავაკავეთ ქალბატონი, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა“ - თუმცა შსს წარმომადგენლის ეს კომენტარი უცვლელად შემოგვთავაზეს „მაესტრომ“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

მეზობლები ამ ტიპის სიუჟეტებში მთავარი მოქმედი გმირები არიან ხოლმე. როგორც ონლაინ, ისე სატელევიზიო მედიაში მეზობლებისგან მოვისმინეთ დეტალური აღწერა, რომელი გვამი სად იპოვეს, რა დაზიანებები აღენიშნებოდა ვიზუალურად და ა.შ, გავიგეთ, რომ „დედაც კარგი იყო, მამაც და შვილიც“ , „რომ ჩვეულებრივად ცოლ-ქმარი იყვნენ“, ისიც, რომ „ერთმანეთი უყვარდათ“.

ტელემედიას არც მკვლელობის მოტივების ძიება დავიწყებია. რატომღაც, როცა ამ ტიპის მკვლელობა ხდება, მედია ყოველთვის სვამს კითხვას - ხომ არ ჰქონდა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები? ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, „კურიერში“ ჟურნალისტი არ მოერიდა იმ ვარაუდების გაჟღერებას, რომელიც ბრალდებულის პირად ცხოვრებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება: „არსებობს ბევრი ვერსია, დაწყებული იმით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგში არ იყო, გაგრძელებული იმით, რომ მას თითქოს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი“ - გვამცნო ჟურნალისტმა შესავალ ტექსტში. წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებს სიუჟეტში აღარ ჩაღრმავებიან, თუმცა მიმოიხილეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორჯერ აღინიშნა, რომ მას დიაბეტი ჰქონდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები, ოჯახის ახლობელი ასე პასუხობს: „რა ვიცი ,შეიძლება.... ინსულინზე იყო ეს გოგო და არ ვიცი“.... გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ სინქრონის გამოყენება სიუჟეტში, გარდა იმისა, რომ საუბარია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც პერსონალურ ინფორმაციას მიეკუთვნება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიაბეტი ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, ფსიქიკური პრობლემები კი დანაშაულის, მკვლელობის პირდაპირი მოტივია, რაც ცალსახად არასწორი შეხედულებაა და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ.

ცალკე საუბრის თემაა ამგვარი ტრაგედიების სენსაციურ ჭრილში გაშუქებაც. მაგალითად, არაერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ გვიჩვენა სოციალური ქსელებიდან აღებული მოკლე ვიდეო, სადაც 5 წლის პატარა დედას ლექსს უძღვნის, კადრში კი გვესმის დედის ხმა: „როგორ უყვარხარ დედას...“ „კურიერის“ სიუჟეტში კი ვნახეთ ბრალდებულის დის სასოწარკვეთილი კივილი, ეს კადრები იმდენად ემოციურია, რომ მისი ბოლომდე ნახვა მაყურებლისგან დიდ გამძლეობას მოითხოვს.. იგივე კადრები უფრო დიდი ქრონომეტრაჟით გვაჩვენა პალიტრა TV-მაც. აქ საკითხი ასე დგას: რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ამგვარი კადრების ჩვენებას, თუ არ აჩვენე როგორ კივის ჭირისუფალი, ისე ვერ დაიჯერებს მაყურებელი რომ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია? ან გაუგებარია, რისი თქმა სურს მედიას, როცა გვიჩვენებს ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვის ვიდეოს...

დღეს საქმის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. სიმართლე გითხრათ, მეშინია თითოეული სიახლის, რომელიც ამ საქმეზე მედიაში ქვეყნდება. ეს თემა მედიის დღის წესრიგში კიდევ დიდხანს იქნება, ვიცი რომ ჟურნალისტები ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ და მეშინია, რომ კიდევ ბევრ ჭორს და ტყუილს, “ექსკლუზიურ” და “სენსაციურ” ინფორმაციას ამოვქექავთ ოჯახის პირადი ტრაგედიის შესახებ.

აქვე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლები:

მუხლი 35. 1.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

მუხლი 35. 20.მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.

მუხლი 36. სახელმძღვანელო რეკომენდაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის 1.მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

მუხლი 49. 2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 49.3.დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მუხლი 50. 1.დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

მუხლი 50. 4.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

ბლოგის ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ