რუსული ტოკ TV
12.04.2018
ახლა, როცა "ამ სტრიქონს ვწერ", ჩემი კოლეგები არკვევენ - რა ხერხითა და მექანიზმებით შემოდის რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომ მედიის" შვილობილი - NTV Plus -ი საქართველოს ტელებაზარზე. ბევრს უკვირს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მათი პრიორიტეტი "გეოგრაფიული ექსპანსიაა" და აქ კომერციულ პროექტზე ნაკლებად ვსაუბრობთ. რაა გასაკვირი, რა აზრი აქვს იმის დამალვას, რაც ცხადზე უცხადესია.

ლეგიტიმურად, ისევ აქტუალური გახდება "რუსული არხების" აკრძალვის თემა. მედიები არკვევენ რა მექანიზმებით გაიარა, ან შეიძლება გაიაროს რეგისტრაცია კომპანიამ, რომელიც რუსულ არხებს გაავრცელებს. არა და, ეს უკვე ხდება. არხები, რომელიც შესაძლოა ქართულ ბაზარზე ახალი პაკეტის სახით გავრცელდეს, უკვე ისედაც მაუწყებლობდნენ ფასიან პლატფორმებზე თუ ღია თანამგზავრზე და მათ უკვე შარშან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემით, საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს აუდიტორიის 20%-ზე მეტი ისედაც წაართვეს.

აუდიტორიას საქართველოში მოქმედი მედიები დიდწილად იმ სამაუწყებლო პლატფორმებზე კარგავენ, რომელთა რეგულირება მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი, ესაა თანამგზავრული მაუწყებლობა და IPTV. საკუთარ სამეზობლოშიც რომ გადაამოწმოს დაინტერესებულმა პირმა, აღმოაჩენს, რომ თანამგზავრული ანტენები პირატულ, ე.წ. "დაკრეკილ" არხებს იღებენ, IPTV -ს პაკეტების წვდომა კი უკიდეგანოა. აქ აკრძალვები რომც გქონდეს, მხოლოდ ქაღალდზე თუ დარჩება, სირაქლემას პოზაში ყოფნისთვის გამოსაყენებლად.

თუ სირაქლემას თავს ქვიშიდან ამოვწევთ და მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი რეაქციული ნაბიჯი არ გვიშველის და ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებას. აქ პროაქტიულობა თუ დაგვეხმარება, ისიც კომპლექსური სტრატეგიული მიდგომით.

თებერვლის დასაწყისში ქართული მედიები კანტიკუნტად ყვებოდნენ, რომ მოლდოვამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი კანონი აამოქმედა და რუსული სამაუწყებლო კონტენტი აკრძალა. ჩვენ, JRC-ელები, ამ დროს, საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პირველ რუსულენოვან რეგიონულ არხს, TOK TV -ს ვრთავდით, ღია და უფასოდ გავრცელებად სიხშირეზე.

სიხშირე სწორედ ის პლატფორმაა, რომლის რეგულირება თეორიულთან ერთად პრაქტიკულად, ფიზიკურადაა შესაძლებელი. ამიტომ, სიხშირული სამაუწყებლო პლატფორმის გაძლიერება, მისი მიმზიდველობა და გავრცელების ხელშეწყობაც უნდა ყოფილიყო წესით საინფორმაციო უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი, იმ სტრატეგიის, რომელიც არ გვაქვს.

ცოტა პარადოქსული ამბები გვჭირს, ერთ-ერთი პარადოქსთაგანი ისაა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდით შეწუხებული ჩემთვისაც პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი, აგერ ჩემს "ნიუსფიდშიც", მოლდოვის ახალი გადაწყვეტილებით ხარობდა და არც კი უღრმავდებოდა ამბავს, რომ მოლდოვამ ახალი კანონით ქართული სამაუწყებლო კონტენტიც აკრძალა.

საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, მოლდოვის ტერიტორიაზე შეიზღუდა საინფორმაციო-ანალიტიკური, პოლიტიკური და სამხედრო თემატიკის გადაცემების ტრანსლირება და რეტრანსლირება. იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენცია, რუსეთთან ერთად საქართველოცაა.

ცოტა სიმბოლურიცაა, რომ მედიის სფეროში უფრო რუსულ სივრცეში ვართ ჯერ, ვიდრე ევროპულში. პირველად JRC -მ, ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის წევრიცაა, ამის შესახებ 2015 წლის პოლიტიკის დოკუმენტში დაწერა, მაგრამ ყოველწლიური შეხსენების მიუხედავად, ამ ევროპული კონვენციის რატიფიცირება არა და არ ხდება.

პოლიტიკის დოკუმენტში, მაშინაც და შემდეგაც ვსაუბრობდით მექანიზმების ერთობლიობაზე, რაც უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი: მათ შორისაა ადგილობრივი არხების კონკურენტულობის ხელშეწყობა.

ახლა ჩვენც ადგილობრივი რუსულენოვანი არხი გვაქვს და ჩვენს თავზე განვიცდით - როგორი ,,ხელშეწყობა აქვს” ადგილობრივი მედია კონტენტის წარმოებას: ბანკებისთვის მედია ბიზნესი არ არის, შეღავათიანი სესხი რაა, სამომხმარებლო ძვირადღირებულ სესხსაც ვერ მიიღებ მედია კონტენტის საწარმოებლად. ევროკავშირიც კი არ განიხილავს საქართველოში მედიას როგორც ბიზნესს, რადგან მის მიერ მხარდაჭერილი ბიზნეს სესხები მედიაწარმოებას არ მოიცავს. ადგილობრივი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოჩლუნგებულია, არხს, რომელსაც უმეტესად სოციალური დანიშნულება აქვს და საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის გასაგებ ენაზე მედიაწარმოებას ისახავს მიზნად, ადგილობრივი ბიზნესი მხარს არ უჭერს - ჯერ გავლენა უნდა აჩვენო. გავლენას, ანუ აუდიტორიას კი რეგიონებში ვერასდროს დაითვლი და აჩვენებ, რადგან მთვლელი კომპანიები მხოლოდ მსხვილ ქალაქებში მუშაობენ, სოფელი და მით უფრო, ეთნიკური უმცირესობის ზონები, არ ითვლება. არც დონორები სწყალობენ მედიასტარტაპებს. TOK TV-სთვის, მიუხედავად მცდელობისა, არც ერთი დონორისგან არ გვაქვს მხარდაჭერა. სახელმწიფო? მისგან არც არაფერი გვითხოვია, ერთადერთი, რასაც სანთლით დავეძებთ, PIK TV -ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებია, რომელშიც ქართველმა გადამხდელებმა, ერთ დროს, საკამოდ ძვირი გადავიხადეთ. ამ დრომდე ვერც პატრონს მივაკვლიეთ და ვერც კონტენტს.

მიუხედავად ამისა, TOK –ზე, პირველ რეგიონულ რუსულენოვან არხზე, რომელსაც არ უნდა გაიმეოროს PIK -ის შეცდომები, მაგრამ უნდა ერთ საინფორმაციო ველში გააერთიანოს PIK -ის გაუქმებით დაკარგული აუდიტორია, უკვე 20-ზე მეტი პროგრამა გადის და არხი შეუფერხებლად მაუწყებლობს. ეს არხი ადასტურებს, რომ ფული ყველაფერს არ წყვეტს ამ საქმეში და სრულიად არაა ფრუსტრირების საფუძველი, რომ გაზპრომის დიდ ფულს მცირე სახსრებით ვერ გაუწევ წინააღმდეგობას.

20-მდე პროგრამას პარტნიორები გვჩუქნიან. DW, BBG, ETV - პარტნიორი არხები ევროპიდან და აშშ-დან შემეცნებით, გასართობ, დოკუმენტურ კონტენტს უსასყიდლოდ გვიზიარებენ. "მაუწყებელთა ალიანსის" წევრ სხვა რეგიონულ არხებთან პარტნიორობით ოთხ პროგრამას თავადაც ვამზადებთ: ,,აგრო სიახლეები” , ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა” საზოგადოებრივი ჟურნალი "სათვალე" და ტელე-რადიო ჩანართი "რვEUლი". ამ პროგრამების რუსულ წარმოებაში ჩვენი გუნდი ჩვენსავე ხელფასებს ვხარჯავთ, რომლებსაც სხვა საქმის კეთებაში ვიღებთ. პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტთა დახმარებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნად დავიწყეთ "ასი წლის - ასი ისტორიის" კეთებაც. და რაც ასევე მახალისებს, უახლოეს ხანში TOK TV მაყურებელს უახლესი წარმოების უკრაინულ ტელესერიალებს და ფილმებსაც შევთავაზებთ, რომელთა შეძენაც "ნისიად" შევძელით.

საინფორმაციო ომიც ("ც" - გამაძლიერებელი ნაწილაკია) ომია და აქ ყველაზე მეტადაა საჭირო მოხალისეობა.

ბლოგის ავტორი : ნათია კუპრაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ