როდესაც ჟურნალისტს კითხვის დასმას არ პატიობენ
01.04.2020
alt
ფოტოზე: პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე. 
ზაალ სულაკაურის მიერ შესრულებული კარიკატურა

„დასვი იმდენი კითხვა, რამდენიც საჭიროა და გაიმეორე იმდენჯერ, ვიდრე რესპონდენტისგან სასურველ პასუხს არ მიიღებ, მიუხედავად მისი ავტორიტეტისა. გახსოვდეს, რომ ეს პროფესია „კერპებს“ და „გმირებს“ ვერ იტანს და ნურც შენ ეცდები ვინმესგან ასეთის შექმნას“, - ალბათ, ასე ვუპასუხებდი სტუდენტს ახლა ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორი რომ ვიყო და მასაც ჟურნალისტის მთავარი ფუნქციის შესახებ ეკითხა.

ეს, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც, წესით ყველა უნდა თანხმდებოდეს, ხშირად სადავო ხდება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტის მქონე პირს, ან ამა თუ იმ დარგის დამსახურებულ წარმომადგენელს ეხება. ასეთ დროს ემოცია რაციონალურ განსჯას სცილდება და საზოგადოებაც ჟურნალისტის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო იწყებს, რომ მან მისი „ფავორიტისა" თუ "გმირისთვის" უბრალოდ კითხვის დასმა გაბედა, რამაც თავის მხრივ კითხვის ადრესატიც გააღიზანა. 

არადა, ჟურნალისტის, როგორც საზოგადოებასა და რესპონდენტს შორის ინფორმაციის გამტარის მთავარი ვალდებულება ზუსტად საკითხის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხების მიღება და მათი აუდიტორიამდე მიტანაა. ეს ვალდებულება გაასმაგებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე კრიზისულ შემთხვევებთან გვაქვს და ინფორმირებულობის როლიც, შესაბამისად, გაასმაგებულია. 

პრობლემა სრულფასოვნად რომ გავიაზროთ, თავდაპირველად მისი საწყისი უნდა გავშიფროთ და ყველაფერი საკუთარ ადგილს მალევე თავად მონახავს. ასე მაგალითად, საყოველთაო ბრაზი ერთი მიმართულებით მაშინ იხეთქებს ხოლმე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილის ფავორიტებს მედია ზომაზე მეტად შეიყვარებს, საყოველთაო აღტყინებაში შეტოპავს, მათი მისამართით გადამეტებულ რევერანსებს არ იშურებს და მეტიც, ეშხში შესულს რესპონდენტისთის პირადპირ ეთერში საიუბილეო ტორტის მირთმევაც არ ეთაკილება. შედეგად, იშლება ყველა ის ზღვარი და დისტანცია, რომლის დაცვაც მედიას პროფესიული ეთიკის ფარგლებში მოეთხოვება.

განზოგადებული მაგალითი, ალბათ, ყველამ ზედმეტად კონკრეტულად გაიგო და არც ამბის მთავარი გმირების ამოცნობა გაუჭირდა. დიახ, ზუსტად მიხვდით, ამბავი სწორედ ქართველ „სამ მუშკეტერად“ წოდებული სამეულის ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძის მედიასთან ურთიერთობას ეხება, როდესაც თავდაპირველი „ფლირტი“ პროფესიულ დრამაში გადაიზარდა და ასე ვთქვათ კომფორტულ გარემოს შეჩვეული „გმირები“ მათთვის უსიამოვნო, თუმცა სრულიად ლეგიტიმურმა კითხვებმა გააღიზიანა, რაც საბოლოოდ, კითხვების ავტორის მიმართ საყოველთაო უკმაყოფილებაში გადაიზარდა.

არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტმა ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის პარალელურად, სტუმრთან მხოლოდ იმის გარკვევა სცადა, თუ რატომ არ გვაქვს ვირუსის დამდგენი სწრაფი ტესტები? როდის გვექნება ისინი და დგას თუ არა პროცესის დაყოვნების უკან ვინმეს კომერციული ინტერესი? კითხვებით ნაწყენი დარჩა ადრესატი, კიდევ უფრო მეტად კი - საზოგადოება. აუდიტორიის ნაწილმა ჟურნალისტს მისი „გმირისთვის“ კითხვების დასმა ვერ აპატია. ერთი კატეგორია მას არაპროფესიონალიზმს, მეორე კი - უმადურობას ედავებოდა.

არადა, რა ქნას ასეთ დროს ჟურნალისტმა, როდესაც კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სტუდიას „ჩვენი გმირები“ სტუმრობენ? როდესაც კითხვის რეალური ადრესატი მოუცლელობის მოტივით, პასუხებისგან თავს იკავებს [თუმცა მისთვის კომფორტულ გარემოში სტუმრობისთვის მაინც იცლის], ცხადია, კითხვებიც სწორედ მათ მიემართება, ვისაც ზემდგომებმა სპიკერობა და მედიასთან ურთიერთობა არგუნეს.

შესაბამისად, აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყველა დასმულ კითხვაზე ადეკვატური პასუხიც მათი ვალდებულის ნაწილია, რაც უნდა უსიამოვნო და არაკომფორტული იყოს ეს მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც კონკრეტული საკითხის გარშემო არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვების პირობებში, ერთ დიდ უფსკრულად იქცევა, რომლის ამოვსებაც სულ უფრო და უფრო გართულდება.

დასვას კითხვა და მასზე მიიღოს პასუხი, ეს ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა აუდიტორიის წინაშე, კითხვის არდასმა მისი რაიმე ფორმით შელამაზება და გარკვეული მიზეზით თავის არიდება კი - ამ მოვალეობაზე უარის თქმა და იმ მთავარი პრინციპის ღალატია, რომლის დაცვასაც მას საკუთარი პროფესია ავალდებულებს.

თემაზე დისკუსიების ნაწილში ერთ საინტერესო მოსაზრებას წავაწყდი და საუბარს მეც ამით დავასრულებ - „საქართველო საბჭოთა კავშირი არ არის და ის თანამედროვე დემოკრატიის ნაწილია, დემოკრატიულ ქვეყნებში კი - კითხვებს სვამენ და პასუხებსაც იღებენ. საქართველო არასდროს გახდება ჩრდილოეთ კორეა, სადაც კითხვის დასმა დასჯადია“.
 

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ