IPI: „საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან მმართველი პარტია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს“
01.07.2025


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ საქართველოში მედიის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო ზეწოლას დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს.

როგორც IPI-ის განცხადებაში აღნიშნულია, საქართველო ყოველდღიურად სულ უფრო უახლოვდება სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს, რადგან „ქართული ოცნება“ დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლასა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას აქტიურად ცდილობს.

„ბოლო კვირის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ასევე, დაწესდა ახალი შეზღუდვები სასამართლო პროცესების გაშუქებაზე, ხოლო ბათუმის სასამართლომ, მზია ამაღლობელს პატიმრობა გაუხანგრძლივა მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ექიმების დასკვნა მისი მხედველობის მკვეთრი გაუარესების შესახებ.

საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, ვალდებულება აქვს იმოქმედოს, რათა დაგმოს და ეფექტური ზეწოლა მოახდინოს მმართველ პარტია „ქართული ოცნებაზე“, ინსტიტუტების ლიდერებსა და მოსამართლეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნაზე“.

„პრესის საერთაშორისო ისტიტუტი“ ასევე გამოემაურა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონსა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში  შესულ ცვლილებებს, რითაც მედიის მუშაობა კიდევ უფრო იზღუდება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ მედიისთვის სასამართლო პროცესების გადაღებას სინდისის პატიმრების საქმეების მიმდინარეობის პარალელურად კრძალავს.

IPI-ის შეფასებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა მედიის რეპრესიები, თუმცა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა სამაგალითო გამძლეობა გამოავლინეს და ცემის, შევიწროების, დაკავების, დაპატიმრების, შეურაცხყოფისა და დაჯარიმების მიუხადავდ, მაინც აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას.

„ასეთი მდგრადობის მიუხედავად, კონტროლისა და ბალანსის ძლიერი სისტემის, სამართლებრივი დაცვისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, აშკარა მტრობისა და შიშის ატმოსფეროს ფონზე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადარჩენა საქართველოში სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა [...] 

რეპრესიული, არადემოკრატიული და ანტილიბერალური კანონმდებლობის მიღება, პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოში – ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა. „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა რუსეთის ავტორიტარულ სახელმძღვანელოს კრიტიკოსების გასაჩუმებლად, ადამიანის უფლებების შელახვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დანგრევისთვის“.

ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გააუქმოს რეპრესიული კანონები, მათ შორის, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები.

გარდა ამისა, IPI „ქართული ოცნების“ პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონსა და სასამართლო პროცესების მედიაგაშუქების შემზღუდველ ცვლილებებზე.

„ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღობელი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი ქართული მედიის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა“, - აღნიშნულია „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადბაში.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ