კომუნიკაციების კომისიამ ფიზიკური პირის, ლევან მამფორიას საჩივრის
საფუძველზე ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში ჯეროვანი სიზუსტის
დარღვევისთვის სამართალდამრღვევად
ცნო, თუმცა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა:
„კერძოდ, მაუწყებელმა ლ. მამფორიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტის დაცვის გარეშე და ფაქტად გააშუქა ინფორმაცია, რომელიც მიღებული იყო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, მაყურებელს მკაფიოდ არ მიუთითა წყაროს ანონიმურობის შესახებ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული სიუჟეტი შეეხებოდა კერძო პირს და შეიცავდა მის მიმართ მნიშვნელოვან ბრალდებებს, რაც განსაკუთრებული სიზუსტით უნდა გაშუქდეს და ტელევიზიამ უნდა გამოიყენოს ყველა გონივრული ზომა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ისიც, რომ მაუწყებელმა აღნიშნული სიუჟეტი სოციალური ქსელების მეშვეობითაც გაავრცელა, რითიც ასევე დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის განთავსების წესების შესახებ“.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საჩივარში მითითებული იყო მოთხოვნაც მაუწყებლის მიერ იმავე გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის შესახებ, რაც არ დააკმაყოფილეს, „ვინაიდან კომისიამ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგინა, რომ მაუწყებელს სათანადოდ არ ჰქონდა გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაცია, რაც არღვევდა აუდიტორიისთვის ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით მიწოდების სტანდარტებს“.
როგორც ComCom-ი წერს, შესწავლილი გარემოებების საფუძველზე, კომისიამ ლევან მამფორიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ობიექტივი“ სამართალდამრღვევად ცნო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „დარღვევა 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში იქნა ჩადენილი, მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა“.
ამასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივს“ სიუჟეტის სოციალური ქსელიდან აღებაც დაავალა.
კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე თვეში „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, სამართალდამრღვევად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელევიზია.
ამ ტელეკომპანიების შემთხვევაშიც საჩივრების საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები გახდა.
„ქართული ოცნების“ საჩივრები პირველი იყო, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული.
კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, კანონის გარდამავლი დებულებით კი, მანამდე შეფარდებული სანქციები არ აღსრულდება.