რატომ ამძაფრებს ფეისბუქი პოლარიზაციას
23.11.2022
ქართულ მედიაში პოლარიზაცია ყოველთვის არსებობდა, თუმცა დღევანდელი სიტუაცია, გარკვეული აზრით, მაინც განსაკუთრებულია. საქმე ის არის, რომ მიუხედავად ჩვენს ხელთ არსებული ინოვატორული ტექნოლოგიური ინსტრუმენტისა - სოციალური ქსელებისა, პოლარიზაციის გადალახვა ან შემსუბუქება მაინც ვერ ხდება. პირიქით, ზოგჯერ სოციალური მედია ცეცხლზე ნავთს ასხამს და დაპირისპირებულ მხარეებს უფრო მეტად აჯახებს ერთმანეთთან.

ამ სტატიაში შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ხდება ისე, რომ საქართველოში სოციალური ქსელები, ნაცვლად იმისა, რომ პოლარიზაცია შეამსუბუქონ, ზოგჯერ მას უფრო მეტად ამძაფრებენ. ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ კონკრეტულ სოციალურ ქსელზე - ფეისბუქზე, ვინაიდან პოლიტიკურად აქტიური ქართველების დიდი ნაწილი სწორედ ამ პლატფორმას იყენებს.

ქართული ფეისბუქის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ის, როგორც წესი, ამცირებს კონტაქტს სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს შორის და ქმნის, ფაქტობრივად, ჩაკეტილ ბაბლებს. ასეთ ბაბლებში ადამიანები მხოლოდ იდენტური ან მსგავსი შეხედულებების ადამიანებთან აქვთ კონტაქტი. შესაბამისად, ბუნებრივად მცირდება არგუმენტების მრავალფეროვნება და ძალიან ადვილი ხდება, რომ დაიჯერო რაღაც, რაზეც საკმარისი ინფორმაცია ან კონტრარგუმენტები არ მოგისმენია.

პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეისბუქის მომხმარებლები საერთო ნიადაგის შექმნისკენ კი არ ისწრაფვიან, არამედ პირიქით - უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს. ზოგჯერ, მომხმარებლებმა საპირისპირო მხარის შეხედულებებზე, ფაქტობრივად, არაფერი იციან. მართლაც შეუძლებელია სიღრმისეულად გაიგო, რას ფიქრობს „მოწინააღმდეგე ბანაკის“ წევრი, თუ მასთან თითქმის არასდროს გქონია რამე სახის დიალოგი და მისი აზრი არც სხვაგან წაგიკითხავს ან მოგისმენია.

გარდა ამისა, რადგან საპირისპირო შეხედულების მქონე ფეისბუქ მომხმარებლებს შორის (და ზოგჯერ, მსგავსი შეხედულების მქონეებს შორისაც) ურთიერთობის დომინანტური ფორმა აგრესიაა, ამ პლატფორმაზე წახალისებულები არიან ისეთი აქტივისტები, ვინც ყველაზე მეტად არიან ამ მიმართულებით დახელოვნებულები. ფეისბუქის ტოქსიკურ დებატებში, სადაც „ბულინგი“ ნორმალიზებული და ზოგჯერ წახალისებულია, არც თუ ისე იშვიათად „იმარჯვებენ“ ისეთები, ვინც უფრო მეტად ტოქსიკურები არიან. ამის გამო, ზოგჯერ ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში, არ გამოირჩევიან აგრესიით, ფეისბუქზე ცდილობენ მოირგონ დაუნდობელი და უცენზურო მოპაექრისა და მჩაგვრელის იმიჯი.

ამასწინათ, მეგობრებთან ერთად ვცდილობდი გამეხსენებინა ადამიანები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდობიანები და კონსტრუქციულები არიან, ფეისბუქზე კი სრულიად საპირისპიროდ იქცევიან. ჩემდა გასაკვირად, ასეთი არაერთი ჩამოვთვალეთ. შემდეგ დავფიქრდი მიზეზებზე, თუ რატომ იქცევიან ეს ადამიანები ასე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ ფეისბუქზე არსებული ტოქსიკური გარემოც ბევრ მომხმარებელს სწორედ აგრესიული ქცევისკენ უბიძგებს.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ პოლარიზაციას ამძაფრებს ფეისბუქის “მოწონებების“ სისტემა და ალგორითმები, რომლებიც პოპულარულ და პოტენციურად საინტერესო პოსტებს ანიჭებს უპირატესობას. პოპულარული აზრი ყოველთვის სწორი აზრი არ არის. რაციონალური დებატების ყველაზე დიდი თეორეტიკოსები, დაწყებული ჯონ სტიუარტ მილიდან და დამთავრებული იურგენ ჰაბერმასით, სწორედ იმაზე მიანიშნებენ, რომ სიმართლე ზოგ შემთხვევაში რთული მოსასმენია და მის გასახმოვანებლად საჭიროა არსებობდეს გავლენებისგან თავისუფალი საჯარო სივრცე.

არაპოპულარული აზრი, თავისთავად, ბევრად ნაკლებ „მოწონებასა“ და „გაზიარებას“ იმსახურებს, ვიდრე პოპულარული (თუნდაც ეს უკანასკნელი შეთქმულების თეორია იყოს) და შესაბამისად, რიგით მომხმარებელს ის ნაკლებად ხვდება თვალში. რაც უფრო ნაკლებ არაპოპულარულ აზრს მოისმენს მომხმარებელი, ბუნებრივია, ის უფრო მეტად გაიმყარებს იმ წარმოდგენებს, რომლებიც მისი „ბაბლისთვის“ მისაღებია. ეს კი პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაამძაფრებს.

გარდა ამისა, ფეისბუქი (და მასზე უფრო მეტად ტვიტერი, რომელსაც საქართველოში მასობრივად არ იყენებენ) თავისი ფორმატიდან და ალგორითმებით გამომდინარე, ახალისებს ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც ნიუანსური არ არის. ხშირად ეს არის პათეტიკური პოსტები, რომლებიც ანალიტიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილია ან ხუმრობები, რომლებიც, როგორც თითქმის ყველანაირი იუმორი, რაღაც ტიპის გაზვიადებებს ეყრდნობა (იუმორის ამ თვისების წინააღმდეგი არ ვარ, უმალ პირიქით). სერიოზული დისკუსიები ქართულ ფეისბუქზე იშვიათია და როგორც წესი, მომხმარებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ასეთი განსჯების ადგილი სოციალურ ქსელში არც არის.

ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების კომბინაციით, ვიღებთ ქართულ ფეისბუქს, რომელიც ერთგვარი მედია-საბერველია, რომლითაც მომხმარებლები, თავისდა უნებურად, უფრო მეტად აღვივებენ პოლარიზაციას. რთული სათქმელია, რა შეიძლება იყოს აქედან პრაქტიკული გამოსავალი. თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ფეისბუქის მავნე ეფექტების გააზრება და ამ თემაზე ღია დისკუსია გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ