„პუბლიკა“ ბასტი მგალობლიშვილის დაკავების ფაქტს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს
24.10.2025


„პუბლიკა“ გამოცემის თანადამფუძნებლისა და ჟურნალისტის, ბასტი მგალობლიშვილის დაკავების ფაქტს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს და განიხილავს ხელისუფლების მცდელობად, ჩაახშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს.

მოგვიანებით, ფაქტის გახმაურებისა და ფართოდ გავრცელების შემდეგ, ის სახლში დააბრუნეს და უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“, თუმცა ბასტი მგალობლიშვილი აღწერს გარემოებებს, რაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს – პოლიციის თანამშრომლებმა იცოდნენ მისი სახელი, გვარი, მისამართი; მის სახლთან იცდიდნენ დილიდან; იცოდნენ, რომ სტუმრად ჰყავდა ბებია და ა.შ.

ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი „პუბლიკის“ დაფუძნების დღიდან აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ბოლო დღეების განმავლობაშიც აშუქებდა რუსთაველის პროტესტს.

„პუბლიკა“ მისი დაკავების ფაქტს აფასებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და განიხილავს ხელისუფლების მცდელობად, ჩაახშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები ხშირად გამხდარან როგორც პოლიციის ძალადობის, ასევე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და პროპაგანდის სამიზნე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოში მომუშავე მედიის ყოველდღიურობა, თუმცა არ ვაპირებთ, შევეგუოთ მას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების ცემის, დაპატიმრების, დაშინებისა და ყველა სხვაგვარი რეპრესიის პრაქტიკა. თავისუფლება მზიას ამაღლობელს!“ - წერს გამოცემა.


„პუბლიკამ“ ბასტი მგალობლიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 ოქტომბერს გაავრცელა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ