სად უნდა გავიქცეთ, როცა სოციალური ქსელებიდან გათიშვა მოგვინდება?
20.11.2023
ამას წინათ ამერიკულ ჟურნალ Wired-ზე ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რომელმაც საქართველოს კონტექსტში აქტუალურ რამდენიმე საჭირბოროტო საკითხზე დამაფიქრა. სტატიაში აღწერილია სოციალური ქსელების იმ ამერიკელი მომხმარებლების გასაჭირი, რომლებსაც აღარ იზიდავთ ონლაინ ცხოვრება, მაგრამ ვეღარც მის ალტერნატივას პოულობენ.

ზემოთაღნიშნული პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ იმ თაობას უდგას, რომლის თინეიჯერობაც 2000-იან წლებში სოციალური ქსელების აღმასვლას დაემთხვა. დიდი ხნის განმავლბოაში, ამ თაობისთვის ვირტუალური საჯარო სივრცე ემანსიპაციის, მონაწილეობითი დემოკრატიისა და თვითგამოხატვის იდეალებს გამოხატავდა. სამწუხაროდ, ეს იმედები უკვე ბევრს გაუცრუვდა.

ამ იმედგაცრუების გააზრება, ცხადია, 2023 წელს არ დაწყებულა. ინტერნეტის პოლიტიკური და სოციალური როლის გადაფასების ერთ-ერთი პიონერი ბელარუსული წარმოშობის ამერიკელი მკვლევარი, ევგენი მოროზოვი იყო, რომელმაც 2012 წელს ეს ფენომენი შესანიშნავად აღწერა თავის გახმაურებულ წიგნში „ნეტით გაუცხოება“.

მახსოვს, როდესაც დაახლოებით ათი წლის წინ, მოროზოვის წიგნი წავიკითხე, პირველად დავალაგე თავში ის ნეგატიური ემოციები, რაც ინტერნეტ სამყაროს მიმართ თანდათანობით მიჩნდებოდა. თუმცა დღევანდელი პერსპექტივიდან რომ ვუყურებ, ამ ემოციების დიდი ნაწილი იმით იყო გამოწვეული, რომ იქამდე მეც (ისევე, როგორც ბევრი სხვა აქტივისტი) ზედმეტად დიდ იმედებს ვამყარებდი ინტერნეტის პოლიტიკურ პოტენციალზე.

2023 წლისთვის უკვე დღესავით ნათელია, რომ დეზინფომაციის, ტროლ-ბოტებისა და პოლარიზაციის ეპოქაში სოციალური ქსელები თავისუფალი განსჯის არენად ვერ გამოდგება. თუმცა როგორც Wired-ის სტატიის ავტორი მართებულად აღნიშნავს, გასაქცევი ადგილის პოვნაც ადვილი საქმე არაა.

ვფიქრობ, გამოსავალი, მინიმუმ, ორი მიმართულებით შეგვიძლია ვეძებოთ. პირველ რიგში, სიმბოლურ დონეზე მაინც, უნდა შევამციროთ სოციალური მედიის მნიშვნელობა პოლიტიკურ პროცესებში. როგორც „მედია ჩეკერზე“ გამოქვენებულ ჩემს პირველ ბლოგში ვწერდი, ცეცხლის ბოლომდე გაკეთილშობილება შეუძლებელია - ის წვავს და ანადგურებს; თუმცა ამავე დროს, ცეცხლის კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმეებისთვის გამოყენებამ არნახულ ტექნოლოგიურ პროგრესამდე მიგვიყვანა. ამის მსგავსად, სოციალურმა ქსელებმაც შეიძლება მოგვიტანოს სიკეთე, თუკი მათ მიმართ მოლოდინებს შევამცირებთ და მხოლოდ საჭიროებების მიხედვით გამოვიყენებთ.

მეორე და ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშნვნელობა გამოსავალი ის არის, რომ ნაწილობრივ მაინც უნდა დავიბრუნოთ საჯარო სივრცის ის იდეა, რომელიც ვირტუალური სამყაროს აღზევების შედეგად დავკარგეთ. ერთი მხრივ, ტრადიციული გაგებით, საჯარო სივრცე გულისხმობს ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, რომლებიც ფაქტებზე დაფუძნებულ, არგუმენტირებულ მსჯელობას უნდა ახალისებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მედია უფრო მეტად არის ორიენტირებული ხარისხზე (ფეისბუქის „ინფლუენსერებთან“ შედარებით), მას შეუძლია ხელი შეუწყოს თვისებრივად ახალი, გარდამტეხი იდეების წარმოშობასა და გავრცელებას.

ახალი და რევოლუციური იდეები ხშირად არ არის პოპულარული. ისინი ფეისბუქზე ათასობით „ლაიქსა“ და გაზიარებას ვერ მოიპოვებენ ხოლმე. სოციალური ქსელების ალგორითმებიც არამეინსტრიმულ მოსაზრებებს შედარებით ნაკლებად სწყალობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც რაციონალურად განსჯის უნარი აქვთ. იდეალურ ვარიანტში, პროფესიონალური მედია სწორედ რევოლუციურ, ახალი იდეებს უნდა ეძებდეს და მათი გავრცელებით საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებდეს.

პროფესიონალური მედიის გაძლიერების გარდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, თუ საჯარო სივრცეს დავუბრუნოთ თავისი კუთვნილი როლი. როგორც გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, იურგენ ჰაბერმასი თავის მონუმენტურ ნაშრომში “საჯარო სივრცის ტრანსფორმაცია“  აღწერს, ევროპაში ლიბერალიზმის იდეები მე-17 და მე-18 საუკუნეებში ისეთი საჯარო თავშეყრის ადგილებში შეიქმნა, როგორებიც იყო ყავის სახლები და სალონები. ციფრულ ეპოქაში ფიზიკური სივრცის, როგორც საჯარო განსჯის არენის, მნიშვნელობა, ცალსახად, დაკნინებულია.

ფიზიკური თავშეყრის ადგილებისთვის ძველი დიდების დასაბრუნებლად, ხაზი უნდა გავუსვათ მათ დადებით მხარეებს. მაგალითად, მატერიალურ რეალობაში, ვირტუალურისგან განსხვავებით, შესაძლებელია სხვა ადამიანების ემოციებთან სრულფასოვნად დაკავშირება (სიხარულის, მწუხარების და ა.შ. გაზიარება), ადამიანების მიმიკებისა და ჟესტების უკეთ ინტერპრეტირება (ემოტიკონებისა და სმაილიკების ინტერპრეტირებაზე ტვინის ჭყლეტის ნაცვლად) და რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (ფეისბუქზე ფუჭი და არაფრისმომცემი განცხადებების გაკეთების საპირისპიროდ).

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ყველაზე რთული რეალობასთან დაბრუნება იმ თაობისთვის იქნება, ვისაც ვირტუალური სივრცე ემანსიპაციისა და დემოკრატიზაციის მიღწევის არენად ესახებოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ციფრული სამყაროს გადაფასების მოძრაობის წინა რიგებში სწორედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ