ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში - „ნამდვილი ამბავი ელისო
ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო
სიუჟეტიდან 2 დღეში, პროკურატურამ განაცხადა, რომ
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი დააკავა.
საქართველოს პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, 2024 წლის საპროტესტო აქციების აქციების დროს გურამ როგავას, დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილისა და პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
უწყების ცნობითვე, ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე პატიმრობაში იმყოფება სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დააკავეს.
გიორგი გვარაკიძის
ბრიფინგის შემდეგ, ვიდეო მიმართვა
გაავრცელა
გურამ როგავამაც. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით,
დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც მათ წყარომ ინფორმაცია
მიაწოდა.
5 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში -
„ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო რეპორტაჟით,
ჟურნალისტებმა გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა
გაარკვიეს, რომელიც მათ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. სიუჟეტის ეთერში გასვლის
შემდეგ, მეორე დღეს, პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა
გადაცემის წამყვანი, ელისო ჯარიაშვილი. დღეს დაკითხეს
გურამ როგავაც.
გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი. მან კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო. როგავა დაზარალებულად ცნეს, თუმცა თავდამსხმელი დაკავებული ამ დრომდე არ იყო.

