CMIS-მა ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 306 ინციდენტი აღრიცხა
03.05.2026

დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 3 მაისთან დაკავშირებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 306 ინციდენტი აღრიცხა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი. 

CMIS მედიაგარემოს შეფასებისას წერს: „საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის ინციდენტები, როგორებიცაა: დაკავება/დაპატიმრება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, და სხვა.

2026 წლის 2 აპრილს, ე.წ. „უდოს კომისიამ“ სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა. ამაღლობელს 2025 წლის 6 აგვისტოს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს უახლესი ინდექსით, საქართველო 180 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 135-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველო 75 პოზიციით დაქვეითდა, რაც გულისხმობს მედიის თავისუფლების კუთხით საგანგაშო გაუარესებას“.

ორგანიზაცია აქვეყნებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებსაც:  

პოლიტიკური მოტივით გასამართლება - 1 შემთხვევა

● 2025 წლის 6 აგვისტოს , მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები - 103 შემთხვევა

● დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების დროს - 16 (ე.წ. “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით”, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას. ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი უმრავლესობა გასაჩივრებულია; ნაწილს ჯარიმა მოეხსნა)

● სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა) - 13

● სამართლებრივი დევნა - 39 (სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზეწოლა, გამოძიების დაწყება, რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულება, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს წერილები, კომუნიკაციების კომისიის სიტყვიერი შენიშვნა )

● ადმინისტრაციული პატიმრობა -10 (უკავშირდება “ტროტუარზე დგომას”).

● მედიის შემზღუდველი კანონმდებლობის დაინიცირება და მიღება - 8

● SLAPP სარჩელი - 7

● საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება - 5 (ჟურნალისტებზე სისტემური ზეწოლისა და დევნის არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი დაბარება აღიქმება როგორც მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი ფორმა და ქმნის მსუსხავ ეფექტს ჟურნალისტურ საქმიანობაზე)

● დაკავება - 5

სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია - 108 შემთხვევა

● დისკრედიტაცია - 69

● სიტყვიერი შეურაცხყოფა - 20

● დაშინება - 18

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა - 35 შემთხვევა

● გადაღების აკრძალვა - 9

● ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა - 8

● საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება - 8

● სასამართლო სხდომიდან გაძევება - 7

● აკრედიტაციის შეჩერება - 3

ფიზიკური ძალადობა და დაზიანება ჟურნალისტებზე- 26 შემთხვევა

● ფიზიკური ძალადობა - 16

● დაზიანება (მათ შორის, აქციებზე) - 10

შრომითი უფლებები დარღვევის - 13 შემთხვევა (ყველა შემთხვევა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

● სამსახურიდან გათავისუფლება - 10

●დისციპლინური პასუხისმგბელობის დაკისრება - 3

თავდასხმა საკუთრებაზე - 12 შემთხვევა

● ტექნიკის ჩამორთმევა - 7

● ტექნიკის დაზიანება - 4

● ქონების დაზიანება (მაგ. ოფისი, სახლი, მანქანა) - 1

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი“ აღნიშნავს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 7 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 4 შემთხვევა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების წინა პერიოდში მოხდა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ