მიკერძოებულობა თუ თვითცენზურა - რატომ გათიშეს ბასილ კობახიძე "TV პირველის" ეთერიდან
10.04.2020
8 აპრილს “ტელეკომპანია პირველის” გადაცემა “დღის ამბებს” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი ბასილ კობახიძე სტუმრობდა. საუბარი ეხებოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომლის თანახმად, პანდემიისა და მაღალი რისკის მიუხედავად, საეკლესიო რიტუალებში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. მას შემდეგ, რაც გადაცემის სტუმარმა საუბარში ახსენა, რომ “TV პირველისა და სხვა არხების მხრიდან “შავბნელი მღვდლების კომენტარების უკომენტაროდ და უკრიტიკოდ ტირაჟირება პანდემიის დროს არ შეიძლება”, სტუმარი ეთერიდან გათიშეს.

“არ ვფიქრობ, რომ ახლა კორექტულია ასეთი ტიპის განცხადება, არც ამ შენიშვნას მივიღებ. დიდი მადლობა, ბასილ კობახიძე იყო ჩვენი სტუმარი”, - თქვა წამყვანმა და სტუმარს დაემშვიდობა.

გადაცემის დასასრულს დიანა ტრაპაიძემ განმარტა, რომ მას მოეჩვენა, თითქოს სტუმართან საუბრის დროს “დისკომუნიკაცია” იყო: “ამიტომ, თუ ამ ეთერით შეურაცხყოფილი დარჩა მაყურებელი და თავად ჩემი სტუმარი, მე მათ ბოდიშს ვუხდი, აუდიტორიასაც და ბასილსაც”.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მომხდარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, წამყვანმა ბოდიში Facebook-ის საკუთარ გვერდზეც მოიხადა და დაწერა: “ბასილ კობახიძეს ბოდიში მოვუხადე (ეთერშიც და მიღმაც) და მაყურებელსაც.

სიბნელის ადვოკატად ვერ გამოვდგები. ამისთვის ეთერს ადრე არ დავამთავრებდი, სხვაგვარად არც ვთხოვდი ეთერში ჩართვას. უბრალოდ,კომუნიკაციის პრობლემა იყო. როგორც ერთ ეთერში ვაღიარე, არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამავე ტელეკომპანიაში წამყვანის მიმართ რესპონდენტი პრეტენზიას გამოხატავს და მას პირდაპირი მნიშვნელობით თავს ესხმის. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემას, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სტუმრობდა, რა დროსაც, წამყვანის კითხვებით უკმაყოფილო პარალმენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟიჟილაშვილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გააიგივა. თუმცა, მაშინ, გაცილებით მძიმე დიალოგის მიუხედავად, სტუმარი ეთერიდან არავის გაუთიშავს და მისთვის არც სათქმელი შეუწყვეტინებიათ. წამყვანმა სტუმართან ოპონირებით და სპონტანური კითხვების დახმარებით საუბარი ბოლომდე მიიყვანა და რესპონდენტისგან მომდონარე პირდაპირი აგრესიაც სწორედ ასეთი ფორმით მოიგერია.

ონლაინგამოცემა “ტაბულას” რელიგიური მიმომხილველი ლევან სუთიძე რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გამოყოფს, რაც მისი აზრით მედიის უმრავლესობაში, რელიგიური საკითხების გაშუქების თვალსაზრისით, ძალიან პრობლემურია. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მედია პანდემიის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის “კატასტროფულ” პოზიციას აშუქებს, ეს საკმარისი არ არის და “ამას არ ჰყოფნის მხოლოდ გაშუქება”. მისივე თქმით, ამგვარი გაშუქება არაადეკვატურია და ვერ ემსახურება იმ მიზანს, რა მიზანიც უნდა ჰქონდეს მედიას.

“მედიის ამოცანა ამ შემთხვევაში უნდა იყოს, რომ გაამწვავოს კითხვები იმგვარად, რომ ის იყოს რეალობის ადეკვატური და არა აბალანსოს სიკეთესა და ბოროტებას შორის. მედიას უნდა ჰქონდეს პოზიცია და თუ სადმე უნდა ჰქონდეს პოზიცია, ეს არის სწორედ ფაქტებისა და ინტერპრეტაციის გარჩევა”, - ამბობს იგი და აზუსტებს, რომ ფაქტი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს სახელმწიფო არღვევენ საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს და სარგებლობენ სახიფათო პრივილეგიით, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას”.

სუთიძის შეფასებით, მედია კვლავ “ენას უჩლექს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”, რაშიც იგი ორ მთავარ პრობლემას ხედავს. “პირველი - ხანდახან არ არის ნება, ჟურნალისტი ცალსახად მიკერძებულია და კონფესიური მიმართულებით აშუქებს ჯანდაცვის უმწვავეს კრიზისს. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ ნებაც რომ ჰქონდეთ, მათ, სამწუხაროდ, არ ჰყოფნით კომპეტენცია იმისთვის, რომ სათანადო კითხვები დასვან”.

იგი უფრო სიღრმისეულ პრობლემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს ბევრი “მარბიელი ჯგუფი, რომლებიც მის პოზიციას ძალადობით იცავენ”: “ეს ჯგუფები დაეჩვივნენ, მათ შორის, ტელევიზიებში მივარდნას, მედიაორგანიზაციებში მივარდნას, რაც გავბედავ ვივარაუდო, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს თვითცენზურის დაწესებას აიძულებს. იმისთვის, რომ საკუთარი კომპანიისა და მისი პირადი უსაფრთხოება უზუნველყოს იმ გზით, რომ არ იყოს მწვავე იმ ადამიანებთან, რომელთაც ანაფორა მოსავთ და სარგებლობენ პრივილეგიებით, დგანან რა კანონზე მაღლა”.

სუთიძე მიიჩნევს, რომ ახლა არ არის ის მოცემულობა, როდესაც ჟურნალისტებმა რაიმე უნდა დათმონ და ისინი რაც შეიძლება მკაცრები უნდა იყვნენ მათ მიმართ, “ვინც საზოგადოების ინტერესებს უხეშად ხელჰყოფს, სარგებლობს რა საკუთარი პრივილეგიებით”: “თუ ჟურნალისტის პირადი პოზიციაა, რომ კანონს ვინმე უნდა არღვევდეს, ეს შეუფერებელია დემოკრატიული მედიისთვის და ამგვარი ღირებულებების მქონე ადამიანის ადგილი მედიაში საერთოდ არ არის. არათუ უნდა შეიკვაოს ეს ფიქრები, ამგვარი ფიქრისა და აზროვნების ადამიანებისთვის ჩემი აზრით, საერთოდ უნდა იყოს დაკეტილი რესპექტაბელური მედია”.

სუთიძე მიესალმება ეთერიდან სტუმრის გათიშვის გამო “ტელეკომპანია პირველის” წამყვანის ბოდიშს და “შეცდომის აღიარებას”, თუმცა იქვე აღნიშნავს: “როდესაც უიშვიათესი ადექვატური ხმა ისმის ეთერში, ვგულისხმობ ბატონი კობახიძის სიმწვავეს, როგორც ტონში, ისე შინაარსში, ის არათუ უნდა გათიშო, მას უნდა მისცე მაქსიმალური დრო. ეს არის ერთადერთი ადექვატური, პროფესიული ნაბიჯი, როდესაც გვაქვს პანდემია”.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ