2024 წელს, პროევროპული აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა.
„ანდრო ჭიჭინაძის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. კონსტიტუციური სარჩელი უკვე დარეგისტრირდა. სარჩელით ვასაჩივრებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.
ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმე პირველი იყო, რომელზეც აღნიშნული შეზღუდვა პრაქტიკულად გავრცელდა.
სასამართლოში არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესების გაშუქების შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს არცერთ ინსტანციაში მედიას არ მიეცა სასამართლო პროცესების გადაღებისა და საზოგადოებისთვის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა.
სახელმწიფო ამ ფორმით შეეცადა, საზოგადოებისთვის დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე. მიგვაჩნია, რომ არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაცვის უფლებას.
ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, ეფექტურსა თუ არაეფექტურს, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა უფლებებიც დაირღვა. კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრირებულია №1985-ით“, - წერს მიგინეიშვილი.
ანდრო ჭიჭინაძის კონსტიტუციური სარჩელით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 3 მუხლს ეწინააღმდეგება. ესენია:
-
მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
-
მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები 1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. 5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
-
მუხლი 31. საპროცესო უფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები,
რომლითაც მედიისთვის სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და
სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და
აუდიოჩაწერა დაუშვებელი გახდა, 2025 წლის გაზაფხულიდან მოქმედებს.

