„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ტელეკომპანია „ფორმულას“
ჟურნალისტისთვის, ნინუცა კეკელიასთვის საპარლამენტო აკრედიტაციის
შეჩერებას ეხმაურება
და პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, „გადასინჯოს საკანონმდებლო
ორგანოში ჟურნალისტთა აკრედიტაციის მოქმედი წესი, რომელიც
არაპროპორციულად ზღუდავს მედიის თავისუფლებას და პარლამენტის
ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, დისკრიმინაციულად გამოიყენოს
ის“.
ქარტიის განცხადებით, „ამგვარი დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ პარლამენტი მათი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისადმი უპატივცემულობას აჩვენებს. როდესაც ჟურნალისტები ვერ სვამენ შეკითხვებს, ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ იღებს საზოგადოება, რომელსაც სრულიად ლეგიტიმური ინტერესი აქვს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ“.
პარლამენტმა „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიას აკრედიტაცია 1 თვით, 16 დეკემბრის ჩათვლით, შეუჩერა.
პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილში კეკელიასთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ იმ მუხლის დარღვევა, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“.
„აღნიშნული მოთხოვნა თქვენს მიერ არ იქნა დაცული რაც დასტურდება 2026 წლის 14 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გასული სიუჟეტით“, - ვკითხულობთ წერილში, რომელშიც აღნიშნული არ არის, თუ ვისი მიმართვის საფუძველზე შეუჩერდა ნინუცა კეკელიას საპარლამენტო აკრედიტაცია.
11 ნოემბერს ანალოგიური მიზეზით 1 თვით საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს „TV პირველის“ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძესაც.
ივნისში საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს „TV პირველის“ სხვა ჟურნალისტებსაც: ნატალია ქაჯაიას, მაკა ანდრონიკაშვილსა და მაკა ჩიხლაძეს. ამავე თვეში პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძესაც. 21 მაისს კი, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადამდე ადრე გააუქმეს „პუბლიკასა“ და „მონიტორს“.
შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტში 1 წლით საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, 14 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია“ და „მათ გადმოღებაზე“ იფიქრებდა. 8 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა და სანქციებიც გამკაცრდა.
ამ წესით განსაზღვრულია აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლები, აკრედიტებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებებიც. მის საფუძველზე ითხოვენ დეპუტატები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და მიღების უფლების შეზღუდვასაც.

