ქარტია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მედიამონიტორინგს აწარმოებს
02.02.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ევროკავშირი საქართველოსთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი), 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მედიამონიტორინგს აწარმოებს.

პროექტის, "თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში", პრეზენტაცია 1 თებერვალს გაიმართა, ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატები, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლია ჩახუნაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბრისას აღნიშნავს, მედიამონიტორინგის პერიოდში, დააკვირდებიან მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს და ახალ ამბებს. სატელევიზიო მაუწყებლების შემთხვევაში, ქარტია გაანალიზებს მათ მიერ ე.წ "პრაიმ თაიმში" (* ყველაზე მაღალრეიტინგული საათები) გაშუქებულ საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ შოუებს.

"გარდა ამისა, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ, ინდივიდუალურად შევხვდებით და გავუზიარებთ ჩვენს მიგნებებს და რეკომენდაციებს".

მონიტორინგი მიზნად ისახავს იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით გაშუქდება სატელევიზიო მედია სხვადასხვა სუბიექტს პოსტ-საარჩევნო პერიოდში. გაშუქების ტონის მიხედვით შეინიშნება თუ არა სატელევიზიო მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავს სატელევიზიო მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს არჩევნებამდე ორი თვით ადრე და ერთი თვის შემდგომ პერიოდში სუბიექტთა გაშუქების დროს.

სატელევიზიო ახალი ამბების პოსტ-საარჩევნო მონიტორინგის ანგარიში 2022 - წაიკითხეთ ვრცლად.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ