„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი,
ბერა ივანიშვილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ
ტელევიზიებს სასამართლოში უჩივის.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
წერს, რომ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ
სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბერა ივანიშვილის ადვოკატმა,
დავით ასათიანმა შეიტანა. მისი თქმით, სარჩელი ეხება „იმ ფაქტების
გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული“ და ივანიშვილი „ამ
ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად
გამოცხადებას“ ითხოვს.
„მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში
გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების,
ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ
ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც
ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ
საზოგადოებას...
მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი,
კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ,
სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური
განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს
სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები
შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით
პასუხი უნდა აგონ“, - ამბობს ასათიანი „პირველ
არხთან“.
ტელეკომპანიებს სარჩელი ჯერ არ ჩაბარებიათ.
ბერა ივანიშვილმა 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში
დაწერა, რომ მის მიმართ გაჟღერებულ „თითოეულ ბინძურ
ცილისმწამებლურ ბრალდებასთან“ დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს
მოითხოვდა.

