ჩუბინიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს
23.10.2026

(ფოტო: სოციალური ქსელი)


გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტისთვის, დიტო ჩუბინიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა, გუშინდელი განცხადების მიხედვით, ჩუბინიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. 

დიტო ჩუბინიძე, რომელსაც ედავებიან სამშობლოს ღალატს - საბოტაჟს დავით გარეჯის შესახებ ცრუ და დეზინფორმაციული ცნობების სისტემატური გავრცელებით, რითაც ხელი შეუშალა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფუნქციონირებას, გუშინ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და მომხდარით გაკვირვებულია. 

ჩუბინიძის ადვოკატი, ნონა ფილაური „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის საქმის მასალებს უკვე გაეცნო და „სხვა მტკიცებულებები, გარდა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების გამოკითხვის ოქმებისა და დიტო ჩუბინიძის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის, ინტერვიუებისა, საქმეში მეტი არაფერი დევს“. 

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებას „სამარცხვინო შურისძიებას“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, „მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავითგარეჯის სადაო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი“. 

„თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი! აკი, ჩემს უკანასკნელ პოეტურ კრებულსაც სწორედ ასე ერქვა „ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები.“ და ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც ამაში მისტიური წინაგრძნობა იმისა, რომ საქართველოში არც თუ შორეულ მომავალში კვლავ შემოგრიალდებოდა 37  წლის „ჩორნი ვორონი“ თავისი იაგოდებით, ეჟოვებითა და შაშურკინებით.

ჩვენ, ასავალ-დასავალის თანამშრომლებმა, ვინც 2007 წლის აგვისტოში, შუაღამისას, ავადსახსენებელმა სააკაშვილის რეჟიმმა გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამოგვყარა, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ახალ ხელისუფლებას აღარასოდეს გაემეორებინა წარსულის შეცდომები, მაგრამ კვლავ სადამსჯელო მანქანის წინაშე აღვმოჩნდით ერთი უწყინარი შეკითხვის გამო – რატომ დგანან ჩიჩხიტურის კოშკთან და აღდგომის ტაძართან უცხო ქვეყნის მესაზღვრეები და რატომ გვიკრძალავენ ამ სიწმინდეებთან მიახლოებას?“ - წერს ლაშა ნადარეიშვილი. 

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, გუშინ დააკავეს. 

პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“. 

უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.  

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს“ და მოუწოდებს პროკურატურას, „საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვოს“.  

„ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის“.

დიტო ჩუბინიძის დაკავებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“.

„საზოგადოება არ არის ინფორმირებული თუ რამდენად გააჩნია პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს პირდაპირ განზრახვასა და რეალურ ზიანს. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დევნა ხორციელდება მხოლოდ ჟურნალისტური მასალებისა და გამოთქმული მოსაზრებების გამო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფასდება კონკრეტული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა ან გავრცელებული ცნობების სიზუსტე, დეზინფორმაციასთან თუ პროფესიულ ცდომილებებთან ბრძოლისთვის არსებობს სხვა დემოკრატიული მექანიზმები.

პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს, როდესაც მომავალში ნებისმიერი ჟურნალისტური საქმიანობა, სტატია თუ კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებაში ხელის შეშლად და გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. აღნიშნული ტენდენცია ემსახურება ქვეყანაში თავისუფალი სივრცის საბოლოოდ შეზღუდვას“, - აცხადებს კოალიცია. 

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტისთვის წარდგენილი ბრალდება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ