როგორ გახდნენ აცრილი ადამიანები სხვებისთვის სამაგალითო გორში
19.07.2021



თათია გოლოშვილი - Qartli.ge

ბოლო პერიოდში, შიდა ქართლში ვაქცინაცია დადებითი ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებულ როლს ის ადამიანები თამაშობენ, ვინც უკვე აიცრა და სხვებისთვის სამაგალითო ხდება. ამ ტენდენციას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც ამჩნევენ. ცენტრის დირექტორი, მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გორში 4,700-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ვაქცინაციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, თუმცა ჩვენი რეგიონის მაგალითზე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპზე უფრო დადებითი ტენდენციით ხასიათდება, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო.

გორში მხოლოდ ორი სტაციონალური დაწესებულება ღებულობს მონაწილეობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ორივე სამედიცინო დაწესებულებას აქვს იმის საშუალება, რომ ოთხივე სახის ვაქცინის მიღება შეძლოს ჩვენმა მოსახლეობამ.

ერთი გახლავთ სამხედრო ჰოსპიტალი, რომელშიც ორი კაბინეტი მუშაობს, და მეორე კლინიკა ,,გორმედი”, სადაც ასევე ორი კაბინეტი მუშაობს და იგეგმება კიდევ ერთი კაბინეტის ამუშავება.

“გორმედში” მაგალითად, თავდაპირველად ერთი კაბინეტი მუშაობდა. შემდეგ დამატებით საჭიროება გაჩნდა და მეორე კაბინეტი დაამატეს და ახლა არის უკვე მზაობა იმის, რომ სამმა კაბინეტმა ერთდროულად იმუშაოს.

მესამე კაბინეტის დამატება გახდა საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობას დიდხანს არ მოუწიოს რიგში ყოფნა და აცრის ჩასატარებლად სხვა ქალაქებში წასვლა.

რეგულაციების დაცვამ ზამთრის პერიოდში გრიპის შემთხვევები და ვირუსული ინფექციები საგრძნობლად შეამცირა. ერთი მიზეზი იყო ის, რომ ხალხი იყო ჩაკეტილი, მეორე კი პირბადის გამოყენება, რომელიც რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. ახლა ზაფხულის სეზონია და დიარეული დაავადებები და კვებითი ინტოქსიკაციები მატულობს. ასევე მატულობს ცოფის შემთხვევებიც ზაფხულში, მაგრამ ესეც შემცირებულია. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ პირად ჰიგიენას მიაქცია ხალხმა ყურადღება.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის თქმით, რესპირატორული დაავადებები წელს, წინა წლებთან შედარებით, ძალიან არის შემცირებული. ალბათ ამის მიზეზი ისევ და ისევ პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაა. თუმცა უჭირს იმის თქმა, თუ რა იქნება შემდეგ ცხელ პერიოდში, რა იქნება ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ