ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა, მადლობას უხდის ყველას, „ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა“ გამოუცხადა და იმედოვნებს, რომ ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შეძლებს.
„“ფორმულას“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყველას,
ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა.
თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის
პროცესში მონაწილეობდნენ.
ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება
მალე დავუბრუნდეთ მაყურებელს. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების ნორმების
დაცვით, შესაბამისი სამსახურების დროული მუშაობისა და ტექნიკური
შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას
შევძლებთ.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას მას აუცილებლად მივაწვდით“, - წერს „ფორმულა“.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნეს ცენტრში, რომლის რამდენიმე სართულზეც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი დღეს, შუადღით გაჩნდა. ამ დროს ეთერში გადაცემა „ფორმულას დღე“ გადიოდა, რომლის წამყვანმაც, ირაკლი კიკნაველიძემაც, დაახლოებით 15:43 წუთზე, თქვა, რომ ტელევიზიის შენობაში კვამლი იყო და პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა შეწყვიტა.
მე-17 სართულზე მყოფი 22 ადამიანი დაკვამლიანების გამო შენობის დატოვებას ვერ ახერხებდა.
„22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგამ ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, - დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, დაახლოებით 17:00 საათზე, მათ ბიზნეს
ცენტრის შენობა მეხანძრე-მაშველების დახმარებით დატოვეს.
ბიზნეს ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ „ფორმულას“ წამყვანმა, სოფო ვარდიაშვილმა „მედიაჩეკერს“ უამბო, რომ გამოშვებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ძლიერი სუნი იგრძნეს და შემდეგ უკვე კვამლიც დაინახეს:
„თავიდან კვამლი ძლიერი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ
მერე გავიგეთ, რომ რომელიღაცა ქვედა სართულზე იყო ცეცხლი და ეს კვამლი
ამოდიოდა ზემოთ. მერე ვცადეთ კიბით ჩასვლა, ჩავედით კიდეც, მაგრამ
რაღაც ეტაპამდე შევძელით მისვლა იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი კვამლი იყო
კიბეზე და მოგვიწია, რომ ამოვბრუნებულიყავით უკან. ლიფტებიც გაითიშა,
მერე უკვე გათიშეს და ლიფტით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ იყო
უსაფრთხო. ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ჩვენს სართულზე, მე-17 სართულზე
ვიყავით ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლები და სტუმრებიც გადაცემების, და
ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ისეთი ადგილი, სადაც ნაკლები კვამლი
იქნებოდა. მერე შევედით ნიუსრუმში და იქ გავაღეთ ფანჯრები, მერე რაღაც
ეტაპზე ჟალუზები ჩამოგვლიჯეთ იმიტომ, რომ ისინი ფანჯრების გაღებას,
კარგად გაღებას ხელს უშლიდა და მერე ბოლომდე გავაღეთ ფანჯრები. რაღაც
ეტაპზე უკვე კვამლი ძალიან ძლიერი იყო და სიმართლე რომ ვთქვა, ამ
მომენტში მართლა ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე მაშველებიც მოვიდნენ,
ჩვენთან შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო
ნიუსრუმი და აქ დავრჩენილიყავით. არ ვიცი, მგონი განიხილებოდა რაღაცა
ვერსია გარედან, ფანჯრიდან გადმოსვლის, მაგრამ მერე ცეცხლი რომ
ჩააქრეს, კვამლიც ნელ-ნელა გაიფანტა და შიდა კიბით ჩამოგვიყვანეს
ნაწილ-ნაწილ. 22 ადამიანი ვიყავით ნიუსრუმში“.
სიუჟეტს ამზადებდა ჟურნალისტი ნინი ბალანჩივაძეც, როდესაც დაკვამლიანება შეამჩნია: „ვაპირებდი, რომ ჩამეწერა რესპონდენტი, სიუჟეტისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ისეთი დაკვამლიანება გაჩნდა, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ვერ ჩამოვედით ვერც კიბით. შემდგომ უკვე, დაახლოებით 40 წუთში, ამოვიდნენ მაშველები, მეხანძრეები და გვითხრეს, რომ ეძებდნენ გზებს, როგორ ჩავეყვანეთ უსაფრთხოდ და ჯამში, უხეშად რომ ვთქვათ, საათ-ნახევარში შევძელით, რომ ჩამოვსულიყავით უკვე კიბეების მეშვეობით ქვემოთ“.
„ფორმულას“ წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ კი
„მედიაჩეკერთან“ საუბრისას თქვა, რომ „საკმაოდ ტოქსიკური გამონაბოლქვი
იყო, იმიტომ რომ კაბელები იწვოდა ძირითადად, როგორც ჩანს, მაგრამ
არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“. თარგამაძის თქმით, როგორც
თანამშრომლებმა ნახეს, აპარატურა - არა, მაგრამ დაზიანებულია ოპტიკური
კაბელი, რაც ტელევიზიისთვის სერიოზული პრობლემაა.
ხანძრის ლიკვიდირების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან საუბრისას
თქვა,
რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე 150-მდე
მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული. რომელ
სართულზე გაჩნდა ხანძრის კერა და რამ გამოიწვია ის, მღებრიშვილს ეს
დაზუსტებით არ უთქვამს: „ამ ეტაპზე მაგას ვერ დაგიდასტურებთ,
რომელ სართულზე იყო ზუსტად კერა, თუმცაღა მთელს შენობაში იყო
გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში. დაახლოებით, ქვედა სართულებზე
იყო, დიახ, საწყისი“.

