კადრ-სინქრონებში ჩაკარგული ამბები საზოგადოებრივ მაუწყებელზე
12.02.2019

მეორე წელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მთავარმა საინფორმაციო გამოშვება “მოამბემ” ფორმატი იცვალა. კერძოდ, გამოშვებას ე.წ. კადრ-სინქრონების ნაწილი დაემატა, სადაც გარკვეული ამბები მხოლოდ ჟურნალისტის გადასაფარი ტექსტითა და კადრებით არის მოთხრობილი, ან, რიგ შემთხვევებში, ერთი ან ორი რესპონდენტის სინქრონი ემატება. ამ ცვლილებამ არხს შესაძლებლობა მისცა, დღის რომელიმე მნიშვნელოვანი ამბავი არა ვრცელი სიუჟეტით, არამედ მსგავსი ფორმატით გააშუქოს. ანუ, არხი ამბავს არ ტოვებს, მაგრამ აშუქებს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით, რაც მომხდარის სრულად აღქმისთვის საკმარისი არ არის და მაყურებელს საკითხის სიმწვავეს ბოლომდე ვერ გადასცემს. “მედიაჩეკერის” ორთვიანი მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ასე ხშირად ისეთი თემები შუქდება, რომელთა გამოტოვება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ძალიან თვალშისაცემი იქნებოდა, სიღრმისეული გაშუქება კი ძალიან მწვავე გამოვიდოდა.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია 24 იანვრის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის დატოვების შესახებ ინფორმაცია, სწორედ ამ ფორმატში იყო მოთხრობილი. ჟურნალისტის ტექსტიდან არასამთავრობოების გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” კოალიციის მიერ სამუშაო ჯგუფის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ჯგუფში მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა იყო. ეს მაშინ, როდესაც მათივე გავრცელებულ ტექსტში ჯგუფის დატოვების უფრო არგუმენტირებული დასაბუთება იყო მოცემული. ამასთან, მოთხრობილ ამბავში პრობლემა სათანადოდ არ იყო წარმოჩენილი და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები მკაფიოდ ნაჩვენები არ იყო.

კადრ-სინქრონად გაშუქდა 1-ელ თებერვალს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა, რომელიც დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და ცილისწამების კუთხით ქვეყენაში არსებულ მდგომარეობას ეძღვნებოდა. სალომე ზურაბიშვილი ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებაზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კაპანიიდან მოყოლებული საუბრობს, რაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მსგავსი მნიშვნელობის მქონე საკთხის მხოლოდ კადრ-სინქრონის ფორმატში გადმოცემა და იმ პოტენციურ საფრთხეებზე ყურადღების არ გამახვილება, რამაც შესაძლოა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით პრობლემები შექმნას, მაყურებლისთვის საკითხს არასამკარისი სიმწვავით წარმოაჩენს და მას საკითხის სრულფასოვნად გაანალიზების შესაძლებლობას არ აძლევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ასევე კადრ-სინქრონად გააშუქა, 6 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ მიმდინარე ამბავი, რა დროსაც, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე რამდენიმე საათის განმავლობაში გენერალურ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შედეგად, ადგილზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ, თადუმაძე სარალიძეს შეხვდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებიდან კი შევიტყეთ, რომ მთავარი პროკურორი სარალიძეს შეხვდა, თუმცა შეხვედრამდე პროკურატურაში ინციდენტი მოხდა, სარალიძე ეზოში შეიჭრა და მისი შვილის საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდა, რის გამოც მას ტერიტორია დაატოვებინეს, ამის შემდეგ კი ზაზა სარალიძემ თვითდაზიანებები მიიყენა.

ამის შემდეგ მოცემული იყო სარალიძის კომენტარი, რომელიც ამბობდა, რომ მისი რწმენით, მისი შვილის მკველობის საქმის პროკურორები თადუმაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. რის შემდეგაც უკვე სარალიძის ადვოკატი განმარტავდა, რომ გენერალური პროკურორი სარალიძეს თავიდანვე რომ შეხვედროდა, საკითხის ასე გამწვავება თავიდან იქნებოდა აცილებული. რეალურად, თუკი მაყურებელი დღის განმავლობაში ამბავს თვალს არ ადევნებდა, მაუწყებლის მიერ მომზადებული მხოლოდ ამ მცირე ქრონომეტრაჟიანი მასალით, პროკურატურის წინ განვითარებული მოცლენების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ნამდვილად ვერ მიიღებდა.

იმავე დღეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს მხოლოდ კადრებისა და ჟურნალისტის ტექსტით უამბო უზენაესი სასამართლოს წინ არასამთავრობო ორგანიზაციების აქციის შესახებაც, სადაც ისინი სასამარლო სისტემაში არსებულ ე.წ. კლანურ მმართველობას აპროტესტებდნენ.

7 თებერვალს ასევე კადრ-სინქრონად გაშუქდა 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა, ასევე პარლამენტში საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე კადრ-სინქრონი მიუძღვნა 8 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციასაც, სადაც უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვდნენ და მას სიძულვილის ენის გამოყენებაში, ასევე დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ მიდგომებში ადანაშაულებდნენ.

ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მხრიდან დღის განმავლობაში განვითრებული მნიშვენლოვანი მოვლენების ე.წ. კადრ-სიქნრონებად გაშუქება პრობლემა და დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის შეუსაბამოა, ევროკავშირის დაკვეთით ჩატარებული სამწლიანი მონიტორინგის ანგარიშშიც არის აღნიშნული.

“მაყურებელი ელის მნიშვნელოვანი ამბის ამომწურავ, მრავალმხრივ გაშუქებას, რისი გადმოცემაც ხშირად 30‐50 წამიან კადრ სინქრონით შეუძლებელია. ეს ტენდენცია გაგრძელდა 2018 წელსაც”, - ვკითხულობთ არჩევნების მედიამონიტორინგის 2016-2018 წლების საბოლოო ანგარიშში.


თეგები : მიმოხილვა;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ