4 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას პროსამთავრობო მედიების საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით ბრალდებულ 6 პირს: გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, თამარ კირტავა, ვახტანგ გაბელაია, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, ალექსანდრე ცნობილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მე-7 პირის, ირაკლი წულაიას კი - 5 000-ლარიანი.
გუშინ, 23 ოქტომბერს, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედისა” და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მტკიცებით, ამ დღეს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ირაკლი წულაიამ, გიორგი დუშენკომ, მარიამ ოთინაშვილი, თამარ კირტავა, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაიამ, ალექსანდრე ცნობილაძემ და ვახტანგ გაბელაიამ „წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი“ პროსამთავრობო მედიების გადამღებ ჯგუფებს.
ირაკლი წულაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ), ითვალისწინებს.
დანარჩენ 6 პირს კი პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

