ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან ოპონირებისა და ფაქტების დაზუსტების მცდელობის გარეშე
11.04.2019
9 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემას „პირისპირ“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სტუმრობდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტელეეთერით ეს მისი პირველი ინტერვიუ იყო. ბიძინა ივანიშვილის სხვა ინტერვიუებისგან, (მაგ.: მისი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაკა ცინცაძესთან) განსხვავებით ამ გადაცემაში წამყვანი ცდილობდა, სტუმარი არ ყოფილიყო მონოლოგის რეჟიმში და საკუთარი სურვილისამებრ არ წარემართა ინტერვიუს პროცესი, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მას უჭირდა ოპონირება და გარკვეული ფაქტების დაზუსტება, იმისათვის, რომ მაყურებელი შეცდომაში არ შესულიყო და სტუმარს მანიპულაციის საშუალება არ ჰქონოდა.

ასეთი შთაბეჭდილება განსაკუთრებით სასამართლოს თემაზე საუბრის დროს შეიქმნა. მართალია, მოსამართლე მურუსიძეზე საუბრისას გადაცემის წამყვანმა არ მისცა სტუმარს საშუალება, რომ ეს გვარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწეულად წარმოეჩინა და შეახსენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მურუსიძის გვარი სანდრო გირგვლიანის საქმესთან ასოცირდება, მაგრამ გაუჭირდა არგუმენტირებული ოპონირება შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით. ამან კი სტუმარს მანიპულაციის საშუალება მისცა.

უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილმა გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამ საქმეში მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში შავგულიძის გმირად წარმოჩენა არასწორია. მისი თქმით, „ეს მან [შალვა შავგულიძემ] არ გაასაჩივრა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში და პირდაპირ უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რითაც მურუსიძეს აღარ ჰქონდა საშუალება საქმე განსახილველად პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა“. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა.

altწამყვანს არც სტუმრისა და არც მაყუებლისთვის არ შეუხსენებია, რომ რეალურად, 2006 წელს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა მსჯავრდებულის ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება დანაშაულში სხვა პირთა სამხილებლად. ეს ფაქტი ინტერვიუს შემდეგ თავად შალვა შავგულიძემ განმარტა. შესაძლოა ამგვარი სამართლებრივი დეტალი უცნობი ყოფილიყო გადაცემის წამყვანისთვის, თუმცა, ვინაიდან გირგვლიანის მკვლელობა ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა, წამყვანი ამ თემაზე გაცილებით მომზდებული უნდა ყოფილიყო.

სასამართლოს თემაზე საუბრისას წამყვანმა სტუმარს ასევე მისცა საშუალება ეჭვქვეშ დაეყენებინა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სანდოობა და მისი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის დისკრედიტაცია მოეხდინა.

საუბარია ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე სასამართლო სისტემის შესახებ. ბიძინა ივანიშვილი ამ კვლევის შედეგებს საერთაშორისო კვლევების შედეგებს ადარებდა და ამბობდა, რომ ამ კვლევების მიხედვით ძალიან მაღალია საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება „კაპიტანი გიგაურის მიერ გამომცხვარი კვლევა“. წამყვანი არ შეკამათებია და არ მოუყვანია ასევე არაერთი საეთაშორისო ანგარიში, სადაც ქვეყანაში მართლმსაჯულების მძიმე მდგომარეობასა და სასამართლოსადმი დაბალ ნდობაზეა ლაპარაკი.

altგარდა ამისა, „კაპიტანი გიგაური“ - სწორედ ასე ახსენებდა ორგანიზაციის დირექტორს ეკა გიგაურს ბიძინა ივანიშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში. იქამდეც, ვიდრე ამ კვლევებს ახსენებდა, ეკა გიგაური გადაცემის სტუმარმა მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან კავშირში ახსენა და მის შესახებ თქვა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა, მე მგონი, სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური, რომელმაც 26 მაისის დარბეული (გულისხმობდა აქციის დამრბევებს. რედ) ხალხი დააჯილდოვა და დღეს ჩვენ ენჯეოდ წარმოგვიდგება“.

წამყვანს კი მის ამგვარ მოხსენებაზე რაიმე კომენტარი არცერთხელ არ გაუკეთებია. მას არც ის ფაქტი დაუზუსტებია სტუმრისა და მაყურებლისთვის, რომ ეკა გიგაურის სახელს 7 ნოემბრის აქციასთან კავშირში ახსენებდნენ და არა 26 მაისის, ვინაიდან ამ დროს იგი უკვე აღარ მუშაობდა სასაზღვრო უწყებაში და საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორი იყო. გარდა ამისა, მისი ბრალეულობა სასამართლომ არც 7 ნოემბრის აქციის დარბევაში დაადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან ისმის მსგავსი ბრალდებები და დისკრედიტაციის მცდელობა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მისამართით. ამგვარი პათოსის სიუჟეტი გავიდა არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 5 აპრილსაც, იმ დღეს, როდესაც ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მასალის მთავარი ფოკუსი მაშინაც იყო არა ის, რა აჩვენა კვლევამ, არამედ რამდენად სანდოა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებული კვლევები და რამდენად სწორად იყო დასმული კითხვები.

ბიძინა ივანიშვილს მანიპულაციის საშუალება ჰქონდა ყოფილი თანაგუნდელების გუნდიდან წასვლის თემაზე საუბრის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ცდილობდა მისგან მოესმინა კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რა მიზეზით გადაწყვიტეს გუნდის ყოფილმა წევრებმა წასვლა, ბიძინა ივანიშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში ამბობდა, რომ ისინი „ღია კარების მტვრევით წავიდნენ, პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ წასვლის მიზეზი“, ასევე, მათაც ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებაში.

ფაქტების დაზუსტებას ითხოვდა ინტერვიუს ის ნაწილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაზე დაყრდნობით, მოსახლეობის გაღარიბებასა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესახებ საუბრობდა. სიღარიბის ზრდა პარტიის თავმჯდომარემ საფინანსო სექტორში რეგულაციების არარსებობას დაუკავშირა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მისთვის ტრაგიკული იყო, როდესაც გაიგო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა“, მაგრამ, 600 000 ადამიანისთვის სესხის განულებით „მათ მოახერხეს და 600 000 ადამიანი დაუბრუნეს ზომიერ ცხოვრებას“.

არც რეგულაციების არარსებობისა და სიღარიბის კავშირზე, არც სესხების განულებით ხალხის მდგომარეობის გაჯანსაღებაზე წამყვანს ოპონირება არ გაუწევია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა. მსჯელობა, რეალურად რა შეცვალა რეგულაციებმა, გადაცემაში აღარ ყოფილა და შესაბამისად, მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სიღარიბის მთავარი გამომწვევი იყო სესხები და ჭარბვალიანობა, რასაც სხვა დროსაც ხშირად ახსენებს ხელისუფლება.

წამყვანის კითხვები არც სტუმრის შემდეგ ფრაზებს მოჰყოლია: „მედია თავისუფალია, განსხვავებით „ნაცებისგან“, ოპონირებაც შეიძლება, ბიზნესი თავისუფალია“...

კითხვა-პასუხი კიდევ ერთ საკითხზე, თიბისი ბანკის საქმეზე გადაცემის წამყვანსა და სტუმარს შორის ისე წარიმართა, რომ მაყურებელს დარჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ამ საქმეში მთავარი კითხვაა თუ რატომ დაიწყო ერთი კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ საქმის ძიება ამდენი წლის შემდეგ ეს მაშინ, როდესაც ამ საქმეზე ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ამ კითხვის ლეგიტიმაციაც ეჭვქვეშა დააყენა და თქვა, რომ დროის ათვლა უნდა დავიწყოთ არა ტრანზაქციის განხორციელებიდან, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლიდან.

ინტერვიუს ბოლოს ბიძინა ივანიშვილი შეეხო მედიის თემას, რომელიც მანამდე მხოლოდ გაკვრით ახსენა, თავისუფლების კონტექსტში. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ მედიაში გახშირდა ბილწსიტყვაობა, გინება (რაზეც ბოლო პერიოდში ასევე ისმის გარკვეული გზავნილები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან. რედ), მდარე სერიალები, რამაც შეიძლება „საზოგადოების გამოთაყვანება“ გამოიწვიოს, ამიტომ მან კინოინდუსტრიის წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი და სერიალები დააფინანსოს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 1.40 საათიანი ინტერვიუს განმავლობაში წამყვანმა მეტ-ნაკლებად მოახერხა პარტიის თავმჯდომარისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის (როგორადაც ბიძინა ივანიშვილს ხშირად მოიხსენიებს ოპოზიცია და არამხოლოდ ოპოზიცია), თითქმის ყველა იმ საკითხზე დაესვა კითხვა, რაც ბოლო არჩევნებიდან (ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან) დღემდე საზოგადოებაში დაგროვდა. ცხადია, თემა ბევრი იყო და ჟურნალისტს შესაძლოა არ სცოდნოდა ყველა საქმის ყველა დეტალი. თუმცა, როდესაც წამყვანი გადაცემაში ასეთ სტუმარს იწვევს, მაყურებელში განსაკუთრებული მოლოდინი იქმნება და მან უნდა შეძლო აუდიტორიისთვის ამომწურავი, და რაც ყველაზე მთავარია, დაზუსტებული ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდება სტუმართან ოპონირების რეჟიმით. ამგვარი დისკუსიის ნაკლებობამ კი გადაცემის სტუმარს გარკვეულ თემებზე სპეკულაციის საშუალება მისცა, რამაც მაყურებელში არასწორი წარმოდგენების ჩამოყალიბების საფრთხე გააჩინა.

თეგები : მიმოხილვა;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ