(ფოტო: screenshot-ი
სერიალიდან)
2011 წელს დაწყებული „ჩემი ცოლის დაქალები“ წლების განმავლობაში
ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად
იქცა. თავდაპირველად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, მოგვიანებით კი
„ფორმულას“ ეთერში გასულმა პროექტმა 12 წლის განმავლობაში მაყურებელს
19 სეზონი შესთავაზა.
სამწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი მეოცე სეზონით ბრუნდება და სავარაუდოდ, ამბავიც იქიდან გაგრძელდება, რითაც მე-19 სეზონის ბოლო სერია დასრულდა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სერიალის მე-19 სეზონში ერთ-ერთი მთავარი ხაზი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება იყო. მთავარი კონკურენტები კი მმართველი გუნდის კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი სულიკო დარდიანიძე და ახალგაზრდა, ენერგიული, სახალხო კანდიდატი დოდო მებუკე იყვნენ. უკანასკნელი სეზონის ბოლო, 56-ე სერია იმ სიტყვებით სრულდება, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე კითხულობს: „გაგაცნობთ საქართველოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს. მაშ ასე, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა…“ ვინ გახდა საქართველოს პრეზიდენტი ამას, სავარაუდოდ, მე-20 სეზონის პირველივე სერიაში გავიგებთ.
„ჩემი ცოლის დაქალების“ დაბრუნების შესახებ ცნობას
სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და მაყურებლის განსაკუთრებული
სიხარული მოჰყვა. „მედიაჩეკერი“ სერიალის სცენარისტს, ქეთი დევდარიანს
ესაუბრა.
პირველ რიგში, როგორ ფიქრობ, რა არის იმის მიზეზი, რომ ამბავს „ჩცდ“-ს დაბრუნებაზე ასეთი გამოხმაურება მოჰყვა?
- 12 წლის განმავლობაში ეს სერიალი ხალხისთვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ბევრ გმირთან მაყურებელი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, პრობლემებს, ტკივილსა და სიხარულს აიდენტიფიცირებდა. ამან კი მიჩვევა და მონატრება იცის, ამიტომ ახლა ახალ სეზონს მოუთმენლად ელის ის, ვინც სულ უყურებდა და ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ გამეორებითაც რამდენჯერმე ნახეს. ჩვენ კი ასეთი რეაქცია სტიმულს და ძალას გვაძლევს. როცა მასპროდუქტი დისკუსიას იწვევს, ეს თავისთავად წარმატების ნიშანია. ასე რომ ერთგულ მაყურებლებსაც და ჰეითერებსაც ველით მალე ისევ ეკრანთან.
რა სიახლეს უნდა ელოდოს მაყურებელი, რა ტიპის ახალი დრამატურგიული ხაზები განვითარდება პოლიტიკური, სოციალური თუ უფრო, ვთქვათ, სასიყვარულო?
- იქნება პოლიტიკაც, სოციალური თემებიც და სიყვარულის გარეშე სერიალი კი არა, მზე არ მზეობს ცის კამარაზე. ჩვენი გმირები წამოიზარდნენ და ჯენზური სიყვარულის სპეციფიკაში გარკვევა მიწევს ახლა.
რომელ გმირებს ვეღარ ვნახავთ და რატომ?
- ძველი გმირებიდან ბევრი გაქრა ყოფითი და არაყოფითი მიზეზების გამო. ბევრი მსახიობი წავიდა სხვა არხზე სამუშაოდ, ბევრმა პერსონაჟმა თავი ამოწურა სერიალში, ზოგს სამსახური აღარ უწყობს ხელს, რომ იმსახიობოს, მაგალითად, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს.
ძირითადი ხაზის პერსონაჟები რჩებიან და აგრძელებენ ცხოვრებას იმ წერტილიდან, რომელშიც 3 წლის წინ გავჩერდით. ახალი პერსონაჟებიც იქნებიან და რაც მთავარია, ძალიან ვეცდებით, ვაჩვენოთ უკვე სხვა რაკურსიდან დანახული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეგზისტენციალური გამოწვევები.
როდის და როგორ გახდა „ჩცდ“ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სერიალი?
- პირველი სამი სეზონის მერე გავაფართოვეთ პერსონაჟების წრე და შემოვიყვანეთ პოლიტიკოსები, სხვა უბნები, სხვა პროფესიები და სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს მეტი დრო დავუთმეთ, რადგან მივხვდით, რომ ერთი ოჯახის ცხოვრება მოსაწყენი ხდებოდა.
არ მინდა თავხედურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ნებისმიერი კომერციული პროექტი ავტორისთვის მხოლოდ ხელფასი და სანახაობა არ უნდა იყოს. თუ იმაზე არ წერ და იმას არ იღებ, რაც გაწუხებს, გიყვარს, გტკივა და გიხარია, მაყურებელიც მხოლოდ გაერთობა და დაგივიწყებს გუშინ ნაჭამი ფუნთუშასავით.
ფიქრობ, რომ ოდესღაც ეს სერიალი, როგორც 2010-2020-იანი წლების პოპ-კულტურა, მკვლევრებისთვის ამ პერიოდის შესწავლის საშუალებად იქცევა?
- ამის თქმა რთულია, თუმცა, ფიქცია ხშირად დამატებით ინფორმაციას იძლევა ეპოქაზე, ისტორიასთან და სოციალურ კვლევებთან ერთად. იმედი მაქვს, „ჩცდ“ 21-ე საუკუნის ათიანი წლების საქართველოზე მეტ-ნაკლებად მსუყე წარმოდგენას შეუქმნის მათ, ვინც მომავალში ამ წლებით დაინტერესდება.
ხშირად ამბობენ, რომ „ჩცდ“ პირველ რიგში, სოციალური პროექტია. ეთანხმები ამ მოსაზრებას?
- ალბათ, იმის გამო, რომ ხშირად ეხმაურება დღევანდელი საქართველოს სოციალურ ცხოვრებას და ხშირად იყო ეპიზოდები, რომლებიც მერე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც რეალიზდა, სამწუხაროდ, მაგალითად, გინების აკრძალვა, პოლიციის თავგასულობა, უცნაური პრივილეგიები, გროტესკამდე მისული აბსურდი და სხვ.
სერიალში რამდენიმე ხაზი ვითარდება, შენთვის, როგორც მისი ავტორისთვის, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
- ყველა სეზონში სხვადასხვა ხაზი მიყვარდა, ბოლო სეზონში ჯეკოს ხაზი (მისი ტყუილად დაპატიმრება და მერე ნაფიცი მსაჯულებით გათავისუფლება) იყო საყვარელი. ბაქარის აღზევების ხაზიც მიყვარდა, ოჯახური დრამებიც…
როგორ ფიქრობ, შენი ცნობილი პერსონაჟები, ე.წ. ბაბულიკები, რომლებსაც შენ, ასე ვთქვათ, აშაყირებდი, რატომ გახდნენ ახალგაზრდებისთვის მოსაწონი გმირები?
- ეს არის, ალბათ, ყველაზე ხშირად მიღებული საყვედური, რამდენიმე მიზეზის გამო. მარტო „ჩცდ“-ს პრობლემა არ არის მოძველბიჭო პერსონაჟების რომანტიზება მაყურებლის მიერ. ალბათ, მეტი ცუდი მხარე უნდა მეჩვენებინა, რომ ამ ბიჭების პოპულარობა გამეზავებინა, მაგრამ რთულია, როცა მთელი ჩვენი თაობაც, წინაც და მომდევნოც, სწორედ ასეთ ბიჭებზე იყო ხოლმე შეყვარებული. თუმცა, ჩემს ბაბულიკებს სამაგიეროდ მაპის მიღება უხარიათ.
მაყურებელი სერიალში წინასწარმეტყველურ ნიშნებსაც ხედავს. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს?
- კაცობრიობის გამოცდილებამ და ჩემმა დაინტერესებამ ქცევის მოდელებით და აბსურდის ისტორიით. წინასწარმეტყველება სულ არ უნდა ხოლმე იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და მოხდება.
დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, როგორ და საიდან გაჩნდა ამ სერიალის გადაღების იდეა?
- 2010 წლიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ არ გვქონდა ქართული სერიალი ქალებზე, ქართულ პრობლემებსა და ქართულ ტენდენციებზე. დავწერე პილოტი, გადავიღეთ და მაშინდელი „რუსთავი 2“ დაგვთანხმდა, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში გაეშვა.
სერიალის სათაური გიორგი ლიფონავამ მოიფიქრა. საკმაოდ საინტერესო საკვლევი იყო, როგორ გამოყურებიან საშუალო სტატისტიკური კაცის თვალით დანახული ქალები და სინამდვილეში, როგორები არიან ისინი, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი ხედვა. გარდა ამისა, საქართველოში, როცა კაცს ცოლი მოჰყავს, იცის, ან მერე ხვდება, რამდენად დიდ როლს თამაშობენ მეგობრები ოჯახის არქიტექტურაში.
მაშინ „რუსთავი 2“ -ის გასართობი მიმართულების პროდიუსერმა შემოგვთავაზა Sex and the city -ის ადაპტაცია გაგვეკეთებინა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ასე მგონია, რომ „ჩცდ“ უნდა ყოფილიყო ქართული და მხოლოდ ქართული. ქართული და ამერიკული პრობლემები და ურთიერთობები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენადაც საქართველო და ამერიკა.
ახალი ქართული ტელესერიალები თუ გინახავს, თუნდაც რამდენიმე სერია, და როგორ ფიქრობ, რა განასხვავებს მათ „ჩცდ“-სგან?
- ახალი ქართული სერიალებიდან რამდენიმე მინახავს და ალბათ, ის განასხვავებს, რომ იქაური სამყარო ნაკლებად მწვავე და გროტესკულია, ვიდრე „ჩცდ“-ს სამყარო, რომელიც ხშირად რეალობას ემთხვევა.
დაბოლოს, რას ნიშნავს ტელეკომპანია „ფორმულასთვის” სერიალის ამ არხზე დაბრუნება?
- „ფორმულასთვის“ ეს არის სტიმული და ამდენი პოლიტიკის ფონზე ცოტა ამოსუნთქვა სერიალით. ტელევიზიას ძალიან მძიმე პერიოდი აქვს, დღეს არხი იქ მომუშავე ადამიანების ენთუზიაზმზე, საკუთარი პროფესიისა და ამ ქვეყნის სიყვარულზე დგას.
სერიალის დაბრუნება არხისთვის იმ გასართობი სეგმენტის დაბრუნებას ნიშნავს, რომელიც ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდება. მისმა დაბრუნებამ ჩვენი თანამშრომლებიც გაახალისა, რადგან ნოსტალგია „ფორმულაშიც“ ყველას აქვს.
იმედი მაქვს, გავამართლებთ, ყველა მოლოდინს, რომელიც
მაყურებელს აქვს. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრჯერ მომიწია
კითხვებზე - „როდის ბრუნდებით“ და „ვინ გაიმარჯვა“ მეპასუხა, რომ არ
ვიცი, მაგრამ ახლა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დეკემბერში
დავბრუნდებით ეკრანზე.

