საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, სამეურვეო საბჭოს წევრები ერთი თვის ჰონორარებს დამატებით წელსაც აიღებენ.
გარდა ამისა, ცვლილება შევიდა სამეურვეო საბჭოს რეგლამენტშიც და განისაზღვრა, რომ ნოემბერში საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი იქნება 10 898 ლარი (დარიცხული), სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 8 403 (დარიცხული), მეურვის - 7 521 ლარი (დარიცხული).
ერთი თვის ოდენობის შესაბამისი ანაზღაურება ნოემბერში დამატებით გაიცემა სამეურვეო საბჭოს აპარატის თანამშრომლებზეც - აპარატის უფროსა და უფროს სპეციალისტზე.
კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთიდან (407 314 ლარი) კი, 207 314 ლარი - „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ თანამშრომლების, 200 000 ლარი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პრემირებაზე მიემართება.
„აჭარის ტელევიზიისთვის“ გადაცემული 207 314 ლარიდან 1 თვის ანაზღაურება დამატებით გაიცემა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორისთვის, ირაკლი კიკვაძისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, კიკვიძეს მე-13 ხელფასი „წახალისების მიზნით“ მოუყვეს:
„ყოველთვის ძალიან მონდომებული იყო აჭარის ტელევიზია,
მაგრამ აი, წელს რასაც მიაღწია ბატონმა ირაკლიმ და მთელმა კოლექტივმა
ერთად, ნამდვილად აი, ძალიან ძლიერი სასტარტო პირობები შექმნეს
განვითარებისათვის“.
სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებთან დაკავშირებით კი,
მაღლაფერიძემ თქვა, „ახლა მე გთავაზობთ, რომ არის საშუალება და
ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო სიტუაცია იქნება, შემდეგ ვნახოთ უკვე,
ახალი კანონიდან გამომდინარე როგორ იქნება საშუალება. შეიძლება, არ
იყოს და რომ აღარ იყოს, მე გთავაზობთ, რომ ჰონორარები თვეში
გაიზარდოს, რაც გაიცემა ყოველთვიური ჰონორარები, 16 611 ლარით. ეს
საშუალებას მოგვცემს, რომ პროპორციულად გაიზარდოს, რა ჰონორარსაც
იღებდნენ ყოველი თვის განმავლობაში წევრები და გარდა მაგისა,
დარჩენილი ნაშთი გაიცეს მე-13 ჰონორარის სახით. ის, რაც ჩვეულებრივი
პრაქტიკა“.
ეს გადაწყვეტილებები სამეურვეო საბჭომ 12 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ამ სხდომის დღის წესრიგში ვასილ მაღლაფერიძის ეს ინიციატივები მიმდინარე საკითხებად იყო გაწერილი. ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, ამ საკითხების შესახებ მათ წერილობით წინასწარ არ შეატყობინეს, რაც კანონს ეწინააღმდეგება და სხდომა დატოვეს.
„საერთოდ ასეთი პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ
კანონმდებლობას, უნდა შეწყდეს. ასე საკითხის გადაწყვეტა, პირდაპირ
ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კეთილშობილური განზრახვა
არის, შეიძლება ნორმალურად რომ შემოტანილიყო საკითხი,
დავთანხმებულიყავი კიდევაც ასეთ მიდგომას, რაღაც თემაში შეიძლება
მეთქვა, მოდი, მეტიც კი მივცეთ, მაგრამ ამაზე არ არის, ახლა საუბარი
არის რაღაცა წესზე, რომელსაც ჩვენ, იმ შემთხვევაშიც დავარღვიეთ და ამ
შემთხვევაშიც გვთავაზობთ ბატონო ვასილ, ჩვენ რომ დავარღვიოთ მოქმედი
კანონი…
თან ეს
ფინანსური საკითხებია, აქედან გამომდინარე მე პირდაპირ გეუბნებით, რომ
ასე არ არის სწორი გადადგმა ნაბიჯის, შესაბამისად, გთავაზობთ, რომ ეს
საკითხი გაიტანოთ და შემოიტანოთ ისე, როგორც არის კანონმდებლობის
მოთხოვნა და თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ამ საკითხის დაყენებას, მე
აქვე ვამბობ, რომ არათუ წინააღმდეგ მივცემ ხმას, საერთოდ ვემიჯნები ამ
კენჭისყრას იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის კანონის უხეში
დარღვევა…“, - თქვა ტუღუშმა სხდომის დატოვებამდე.
„მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის კანონის დარღვევა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომლითაც ვმოქმედებთ, ამ ტიპის საკითხები არაერთგზის გასულა“, - განაცხადა მაღლაფერიძემ მის საპასუხოდ და დასაზუსტებლად არხის იურისტსაც მიმართა. „ეს პრაქტიკა მიღებულია, ნამდვილად დაგეთანხმებით…“ - თქვა ელენე მიხაილოვამ.
ლიკა ბასილაია-შავგულიძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი უარს ამბობენ დამატებითი ჰონორარების აღებაზეც.
„ეს ფინანსური საკითხები, არ იყო დღის წესრიგში შეტანილი, რაც კანონით ევალება ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, რომ 3 დღით ადრე შეგვატყობინოს შინაარსი და ჩამონათვალი საკითხების. იმის გამო, რომ სიურპრიზად დაგვახვედრეს ეს საკითხები, ამიტომ ჩვენ ავდექით და დავტოვეთ სხდომა. მეორე საკითხი, როდესაც საუბარი არის აი, ასეთი კანონდარღვევით დასარიცხ ჰონორარებზე, მით უმეტეს ჩვენ არ ვიღებთ ამაში მონაწილეობას, გავდივართ და უარს ვამბობთ ამ ჰონორარის აღებაზეც“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მისი შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. ამჟამად სამეურვეო საბჭოში 10 წევრია, საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილი კანდიდატებიდან ასარჩევად საჭირო ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული).
სამეურვეო საბჭოს წევრები ახლა არიან: დავით
ქართველიშვილი - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილე, გია მურღულია, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ლაშა
ტუღუში, იზაბელა ოსიპოვა, თამილა დოლიძე, გია კოხრეიძე, გია
იაკობაშვილი, სოსო სტურუა და
ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე
ვადით არის არჩეული.
ამავე თემაზე „მედიაჩეკერის“ არქივიდან:
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ.

