კონკურსები


„ინდიგო“ სტუდენტებს, რომლებსაც ვიზუალურ თუ ტექსტურ მასალებზე მუშაობის მცირე გამოცდილება აქვთ და სურთ ამბის თხრობის ტექნიკები გაიუმჯობესონ, სამთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

როგორც გამოცემა წერს, პირველ ეტაპზე - აპლიკაციის საფუძველზე, შემდეგ კი გასაუბრებით შეირჩევა 10-15 მონაწილე, რომელიც „ინდიგოს“ გუნდთან ერთად იმუშავებს იდეებზე, ამბების მოგროვებაზე, თხრობის ფორმების შერჩევასა და აუდიტორიამდე სათქმელის საუკეთესო ფორმით მიტანაზე:

„ინდიგოს პლატფორმაზე თავს იყრიან მრავალფეროვანი ინტერესებისა და გამოცდილების ადამიანები, ამიტომაც ამ პროგრამაში  მონაწილეობა რომელიმე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის შეზღუდული არ არის და ველოდებით ყველას, ვისაც ამბების  კვლევა, მოძიება, ისტორიების თხობა და ვიზუალური მასალების შექმნა აინტერესებს.

პროგრამა არ არის დისტანციური, კვირის განმავლობაში ორჯერ იკრიბება გუნდი, განიხილავს უკვე მომზადებულ მასალებს და გეგმავს მომდევნო სამუშაოს“. 

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია 22 თებერვლის 18:00 საათამდე უნდა შეავსონ. შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება, მუშაობა კი 2026 წლის 1 მარტიდან დაიწყება. პროგრამაში მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი.


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2025-ის” მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო. ყოველწლიური კონკურსის მიზანი ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. 

ორგანიზაცია კონკურსს ოთხ ნომინაციაში აცხადებს:  

- სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში. 

- სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. 

- ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში. პრიზი გაიცემა ნამუშევრისთვის, რომელიც საუკეთესოდ ასახავს საზოგადოების ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად და დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუციების დასაცავად. 

- ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. პრიზი ამ ნომინაციისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააწესა. 

დამატებით, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გასცემს სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედიაპროდუქტი, რომელიც 2024 წლის 15 ნოემბრიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა. საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. თითოეულმა აპლიკანტმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარადგინოს ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი. გამარჯვებული კი დეკემბერში გამოვლინდება.   

განაცხადის შესავსებად უნდა გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/RWTz1sgL82aj1tR8A

ნამუშევრების შეფასებისა და კრიტერიუმების შესახებ ვრცლად კი იხილეთ აქ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.


ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, კონკურსისთვის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“განაცხადების მიღება გამოაცხადა. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.

კონკურსი გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში გამოავლენს:

  1. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  4. საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  6. საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  7. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.

განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/ 

კონკურსი ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით დაარსდა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის  წესები „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების უფრო მტკიცედ დამკვიდრებას ქართულ მედიაში.



ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.

ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:

ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;

მოთხოვნა:

  • გამართულად წერისა და თხრობის უნარები;
  • გადაღებებზე სიარულის, აქციების და სხვადასხვა აქტივობის გაშუქების უნარები და გამოცდილება; 
  • ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის სტრესულ პირობებში;
  • იციან უცხო ენა (სავალდებულოა – ინგლისური ენა);
  • იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას.
  • ამასთან ერთად, ეკონომიკური თემების მიმართ ინტერესი და მათზე წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);