კონკურსები


"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა" აფხაზეთის ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

პრემია გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: 

  • სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაშია გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.
  • აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.
  • პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
  • ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).

კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე. 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - INFOABKHAZIA@GMAIL.COM 


Maisi.News ევროკავშირის, კონსტიტუციური უფლებებისა და ინსტიტუციების შესახებ სტატიების მოსამზადებლად ჟურნალისტ-მკვლევარსა და ახალი ამბების ჟურნალისტს იწვევს.

დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს საჯარო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მას უნდა ჰქონდეს ამბის თხრობის/წერის გამოცდილება და დაინტერესებული უნდა იყოს ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: ევროკავშირი, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონები და დაკავშირებული საკითხები.

განცხადების მიხედვით, მედია კანდიდატებს სთავაზობს: 

  • მორგებულ, მოქნილ განრიგს და ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • განგრძობით სწავლებასა და სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.
  • მომსახურების ანაზღაურებას - შეთანხმებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ორგანიზაციას დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: editorial@maisi.news

 



OC Media 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად 15-მდე ჟურნალისტს იწვევს

მედიაორგანიზაცია ისეთ ადამიანებს ეძებს, ვინც ქართულ და ინგლისურ ენებს თავისუფლად ფლობს, აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება და არჩევნების დღეს, მთელი დღის მანძილზე, კონკრეტულ რეგიონში მუშაობა შეუძლია. მათი ანაზღაურება 180 დოლარი იქნება (გადასახადების ჩათვლით).

OC მედიას ჟურნალისტები განსაკუთრებით შემდეგ რეგიონებში სჭირდება: კახეთი, აჭარა (ბათუმის გარდა), სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია.

დაინტერესებულ პირებს CV-ის გაგზავნა სათაურით - „ჟურნალისტი არჩევნების გაშუქებისთვის“ შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: contact@oc-media.org


„ევროპის ფონდის“ მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის - „საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო“ ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღება 10 სექტემბრამდე გრძელდება.

დაინტერესებულ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს შეუძლიათ კონკურსზე წარადგინონ მათ მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა.

კონკურსს ევროპის ფონდი 2021 წლიდან მართავს. მისი მიზანია იმ ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა და წახალისება, ვისაც მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად ხშირად სახიფათო და მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა.

„კონკურსი გამოავლენს და დააჯილდოვებს იმ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, რომლებმაც გამოააშკარავეს სიმართლე და, ამავდროულად, ბიძგი მისცეს ფართო საზოგადოებრივ მობილიზაციას პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, ან მიაღწიეს სხვა ხელშესახებ ცვლილებას საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს