პოდკასტების სერია
კატეგორია - პოდკასტების სერია
გურიაში, სოფელ ანასეულში არის ხანდაზმულთა სახლი, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ჩაკეტილ სივრცეში, კოვიდრეგულაციებთან ერთად ცხოვრება, მიუხედავად ამისა, მათთან არ დაფიქსირებულა კოვიდშემთხვევა.



როგორც ხელმძღვანელი ამბობს, დროულად მოხერხდა ხანდაზმულების ჩაკეტვა სივრცეში, რაც შემდეგ უფრო აისახა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩაკეტილი სივრცე. ხანდაზმულებს შეუძლიათ გასვლა, ახლობლების მონახულება, სასეირნოდ, საყიდლებზე გასვლა. კოვიდის შემდეგ, მოუწიათ მხოლოდ ეზოს პერიმეტრზე მოძრაობა და ეს მათთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

ჩაკეტილ სივრცეში ხელსაქმით დაკავდნენ, ტურნირებს ატარებდნენ და ამით ერთობოდნენ. მაგრამ ძალიან დაითრგუნენ. ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ, იმიტომ რომ გარეთ გასვლის საშუალება აღარ ჰქონდათ. 14 დღე ძირითადად ოთახში იყვნენ ჩაკეტილები. ეს მათთვის ძალიან მძიმე იყო. ვაქცინაციის პერიოდში დაპირება ჰქონდათ სამი თვის წინ, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას გაუწევდა ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ დღესაც თვითონ უწევთ ვაქცინაციაზე სიარული და ამ პროცედურების ჩატარება. ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები არ არიან წინააღმდეგი ვაქცინაციის.

ძირითადად ყველა, მათი უმრავლესობა, თანახმაა ჩაიტაროს პროცედურა, უბრალოდ ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ ვესაუბრეთ ხანდაზმულებს. ცოლქმარი ცხოვრობს პანსიონატში. როცა იხსენებენ კოვიდ პერიოდს, როცა კოვიდი ჰქონდათ, მათ კოვიდი გადაიტანეს, სულ ერთმანეთს ვახსენებდით, რომ გვესუნთქა და სუნთქვა არ შეგვეწყვიტაო. ძალიან ემოციური ფაქტი იყო ეს და ერთმანეთი გაიტანეს ამ პერიოდში. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი არ არსებობს. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო უზრუნველჰყოფს, ეს არის PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

ისიც ლაბორატორიის წარმომადგენელი თვითონ პანსიონატის ხელმძღვანელს მოჰყავს ადგილზე და უტარდებათ ხანდაზმულებს PCR ტესტირება. გამოკვეთილია ის პრობლემა, რომ მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. ის მედიკამენტები, რაც ყოველდღიურობაში სჭირდებათ, ფინანსდება დღეში 22 ლარით, რაც სრულიად შეუძლებელია ადამიანს, მითუმეტეს ხანდაზმულს, ეყოს. ვფიქრობ, მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მეტი ყურადღება სახელმწიფოსგან და ყოფით ცხოვრებაში კიდევ უამრავი პრობლემა აქვთ, რაც ასე მარტივად არ ჩამოითვლება და, პირველ რიგში, ალბათ, მაინც სამედიცინო დახმარება.
კატეგორია - პოდკასტების სერია


ვარდუი კურგინიანი, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის - JNEWS

ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მოსახლეობამ ჩვენს რეგიონში, ასე ვთქვათ, ნდობა დაკარგა ვაქცინებისა და საერთოდ ვაქცინაციის მიმართ. ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ აიცრას. ასეთ ვითარებაში ჩვენ, ჟურნალისტები, ვცდილობთ ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად აცრაა. რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოსაგვარებლად, რეგიონულ მედიას დიდი როლი აქვს. სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად, ჩვენს ხელშია.

JNEW-მა ჩაწერა თოქშოუ: “ცხოვრება შეზღუდვების გარეშე”. თემა იყო ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ. ჩვენი მკითხველებისა და მაყურებლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსანდრე თოროიანმა და იმუნიზაციის ეროვნული ტექნიკური ექსპერტების საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

ჩვენს მაყურებელს მივეცით პირდაპირ ეთერში კითხვების დასმის საშუალება და შევეცადეთ ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში დაგვერწმუნებინა. ხალხს ძირითადად აინტერესებდა ვაქცინის უსაფრთხოება, როგორ მოქმედებს ვაქცინა ავადმყოფ ადამიანებზე, ვისაც აქვს ალერგიული რეაქციები. იყო საუბარი სხვადასხვა ვაქცინაზე, თუ რომელი ვაქცინაა უფრო უსაფრთხო და ეფექტური. ჩვენს რეგიონში იყო ექთნის შემთხვევა და ამიტომაც ბევრი არის დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არ არის უსაფრთხო.

ძირითადად ეს დეზინფორმაცია ინტერნეტიდან ვრცელდება. თითოეული ადამიანი ახლა ჟურნალისტია და თავის აზრს წერს ინტერნეტში. ამის საფუძველზე ვრცელდება დეზინფორმაცია.

კატეგორია - პოდკასტების სერია
პანდემიის დროს განსაკუთრებით გართულდა იმ ამბების გაშუქება რაც ხდება სასამართლოში. მოგეხსენებათ, დემოკრატიის გაძლიერება წარმოუდგენელია მართლმსაჯულების გარეშე, და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად არის დამოკიდებული გამჭირვალობასა და საჯაროობაზე.




პრობლემა გახდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც უკავშირდება სასამართლო სისტემას. მოგეხსენებათ, 2018 წლიდან დაიწყო ერთიან პორტალზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, რაც იყო კანონის ჩანაწერის შედეგი.

2017 წელს კანონში საერთო სასამართლოების შესახებ ჩაიწერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული ღია სხდომაზე, უნდა იყოს საჯარო. ამის შემდეგ შეიქმნა ერთიანი პორტალი, მათ შორის დონორების მხარდაჭერით, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები 2020 წლის აპრილიდან უკვე აღარ ქვეყნდება.

მიზეზი არის ის, რომ ამ პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს დაშტრიხული ფორმით და მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში უნდა დაიფაროს პერსონალური მონაცემები. პარლამენტს უნდა მიეღო შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც განსაზღვრავდა გამონაკლის შემთხვევებს, როცა განსაკუთრებულ შემთხვევებში სასამართლოები დაშტრიხავდნენ გადაწყვეტილებებს.

მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტს არ მიუღია ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა გამონაკლისი შემთხვევები. მარტივი გადაწყვეტილება, რასაც მიაგნო საერთო სასამართლოებმა, არის ის, რომ ეს გადაწყვეტილებები უბრალოდ აღარ ქვეყნდება.

ასევე პრობლემური გახდა ხელმისაწვდომობა თავად სხდომებზე დასწრების კუთხით. გასული წლის ანუ 2020 წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც გამოცხადდა პანდემია, დაიხურა სასამართლოს სხდომები, დაიხურა სასამართლო, მათ შორის, ბათუმშიც. სხდომების დიდი ნაწილი გადაიდო ან გახდა დისტანციური. საქმეების გადადება, ერთის მხრივ, არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგანაც ჩვენ ვიცით გადატვირთულობა სასამართლო სისტემაში.

არაერთი პრობლემური და რეზონანსული საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდებიან ადამიანები, არ არის განხილული. ბათუმის ციხის უფროსების საქმე, რომლის განხილვა დაიწყო 2015 წლის გაზაფხულზე, ამ დრომდე დასრულებული არ არის და უკვე გაურკვეველი ვადით არის შემოდებული თაროზე.

შემიძლია გამოვყო კიდევ ერთი საქმე. ეს შეეხება აჭარის ტელევიზიას და, მოგეხსენებათ, ეს უკავშირდება მედიის თავისუფლებას. განსაკუთრებული ინტერესი იყო ამ საქმის მიმართ, თუ რას დაადგენდა სასამართლო ნათია კაპანაძის შემთხვევაში, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყო ტელევიზიის ბორდმა. ნათია კაპანაძემ მიმართა 2019 წლის აპრილში სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ორი წლის დაგვიანების შემდეგ დაიწყო განხილვა. სხდომა ჩატარდა 25 მაისს.

რამდენიმე თვის შემდეგ, სასამართლომ მიდგომა შეცვალა. დისტანციურ სხდომებს ჩვენ, ჟურნალისტები, ვესწრებით, მაგრამ ვერ ესწრებიან ამ სხდომებს დაინტერესებული პირები, მოქალაქეები. მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, იმიტომ რომ დარბაზში ადგილი არ არის. დარბაზებში არის გამოყოფილი ადგილები, სადაც შეიძლება დასხდნენ ჟურნალისტები, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს დისტანციის დაცვით.

ერთი დარბაზია მხოლოდ დიდი და ამიტომ იქაც ხშირად ყველა ჟურნალისტისთვისაც არ რჩება ადგილი. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმის, რომ იმ პერიოდში, ეს იყო რამდენი თვე, როცა დისტანციური იყო მხოლოდ სხდომა და ვერ ვესწრებოდით ჟურნალისტები ამ ტიპის სხდომებს, ამ პერიოდში იქნა მიღებული არაერთი საგულისხმო გადაწყვეტილება, მათ შორის, ეს შეეხებოდა საარჩევნო დავებს.

პანდემიის დროს არსებული შეზღუდვები, ბუნებრივია, არის მიმართული უსაფრთხოების ნაწილზე, მაგრამ ხშირად იგრძნობა საზოგადოებაში, რომ ბევრს არ სჯერა ან არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არსებობს ესა თუ ის შემთხვევა. ამ პროცესში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ვიცით, რომ დიდი კითხვის ნიშნები და ეჭვები არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის მიუკერძოებლობაზე, გამჭირვალობა და საჯაროობა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ წინ. პანდემია იქცა მნიშვნელოვან შემაფერხებელ გავლენად იმ კუთხით, რომ ჟურნალისტებს და საზოგადოებას უფრო უჭირთ მეტი ინფორმაცია მიიღონ სასამართლო დარბაზებში.
კატეგორია - პოდკასტების სერია
"კოვიდი 5 თვის წინ გადავიტანე. კოვიდის დამარცხების ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაა, პანკისის და მთლიანად ქვეყნის შემთხვევაში, ძალიან ბევრი პრობლემაა დარეგისტრირებასთან დაკავშირებით." - რამზან გორგიშვილი - პანკისის რადიო.



ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ კოვიდგადატანილ ადამიანს აღენიშნება სხვადასხვა ჩივილები და გამოვლინებები. ეს შეიძლება იყოს კოვიდის გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ასევე ეს შეიძლება იყოს კოვიდის გადატანიდან საკმაოდ დიდი პერიოდის, ერთი, ორი თვის შემდეგაც კი.

ეს ჩივილები არის უძილობა, ეს შეიძლება იყოს შფოთვა, აჩქარებული გულის ცემა ან გულსისხლძარღვთა პრობლემა. ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს ირგვლივაც ვინც საუბრობს, რომ დაეწყო ნერვული აშლილობა, უჭირს კონცენტრაცია და მახსოვრობის დაქვეითება აღენიშნება.

მე კოვიდი 5 თვის წინ გადავიტანე. საკმაოდ მსუბუქ ფორმაში. სახლში, თვითიზოლაციაში. მქონდა თავიდან სტანდარტული სიმპტომები, ყნოსვის და გემოს დაკარგვა. ორი თვის შემდეგ დამეწყო კონცენტრაციასთან და მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები. გავხდი ძალიან გულმავიწყი. ერთხელ ნათქვამი ძალიან მარტივად მავიწყდებოდა გარკვეული პერიოდის შემდგომ. ასევე მქონდა პრობლემები და ახლაც მაქვს კონცენტრაციასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სისტემის მიერ ძალიან ცოტა თუ მიმდინარეობს საუბარი და კვლევები ამასთან დაკავშირებით. არადა, ეს მოსახლეობას აწუხებს, აინტერესებს, ეშინიათ, არ იციან, რა ქნან, მივიდნენ თუ არა ექიმთან ან როგორ უნდა იმკურნალონ.

ამასთან დაკავშირებით მოვამზადე გადაცემა “ფოკუსი”. ჩვენს გადაცემას როდესაც ვამზადებდით, ჩავწერეთ ადგილობრივი პანკისელები, კოვიდგადატანილი ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ სხვადასხვა ჩივილებზე საუბრობდნენ. მაგალითად, ერთი საუბრობდა, რომ უძილობა აწუხებს და შემდგომ მოუწია, რომ მისულიყო ექიმთან. დაუნიშნა გარკვეული ვიტამინები და ახლაც მკურნალობს. ასევე ერთ-ერთი კოვიდგადატანილი იყო, ვისაც ნერვული აშლილობა დაეწყო, რაც შემდგომ გულის პრობლემებში გადაიზარდა. ეს მიძინებული გარკვეული ტკივილები კოვიდის შემდგომ გამოეღვიძა ორგანიზმში.

კოვიდის დამარცხების ერთადერთი ეფექტური საშუალება არის ვაქცინა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, პანკისის შემთხვევაში, და მთლიანად ქვეყნის შემთხვევაში, ძალიან ბევრი პრობლემაა დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

პანკისის შემთხვევაში ძალიან კარგად გამოჩნდა საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობა, რაც არსებობს ამ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. ადამიანებმა დღემდე არ იციან ვაქცინის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა აიცრან, ან რა ვაქცინები არსებობს, როგორ მოქმედებს ისინი, როგორი ეფექტურობა გააჩნია. რადიო აქტიურად მუშაობს, აკეთებს გადაცემას და აქტიურად აშუქებს ამ თემას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ მასობრივი ხასიათი მიეცეს და უფრო ეფექტურად და აქტიურად წარიმართოს საინფორმაციო კამპანია, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს ყველამდე. დღეს ამის საჭიროება იქიდან გამომდინარეც ჩანს, რომ პანკისში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც აიცრა. მე რამდენადაც ვიცი, საჯაროდ ვინც ამაზე საუბრობს, შეიძლება იყოს 3-4 ადამიანი და მეტი აცრილი ჩვენ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვყავს.
კატეგორია - პოდკასტების სერია

 პანდემიამ ჯავახეთში თითქმის ყველა სფერო დააზარალა და ერთ-ერთი ასეთი არის სოფლის მეურნეობა, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

ადგილობრივები ჩივიან, რომ გაუფასურებული ლარის, გაძვირებული პროდუქტებისა და საწვავის ფონზე, გლეხების მიერ მოწეული მოსავლის ფასი სულ უფრო და უფრო მცირდება. კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში ახლა კიდევ უფრო დაამძიმა. ახალციხიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მდებარეობს სოფელი ვალე, სადაც ადგილობრივები ძირითადად კომბოსტოს, ჭარხლისა და კარტოფილის მოყვანით ირჩენენ თავს.

ტონობით მოწეულ მოსავალს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყიდიან და წლიდან წლამდე თავი ასე გააქვთ. თუმცა პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა და, მოგეხსენებათ, კომენდანტის საათმა გლეხები სახლში დატოვა. კომენდანტის საათი ერთერთი გამოწვევაა მათთვის, ვინც სოფელში ცხოვრობს. თუ ადრე მოსავალი გასაყიდად ქვეყნის სხვა ქალაქებში მიჰქონდათ, ახლა გადაადგილების შეზღუდვის გამო კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზაც ჩაიკეტა.

ვალეს მკვიდრი, გურამ გოზალიშვილი, მეცხრე არხთან აცხადებს, რომ წლების განმავლობაში კურატორობდა თანასოფლელებსა და მყიდველებს შორის ურთიერთობას, თუმცა ახლა ამბობს, რომ წელს ჭარბი მოსავალი მოვიდა და ჯამში მოსახლეობის მოსავალმა დაახლოებით 40 ათასი ტონა შეადგინა. ვალელებმა მოსავლის მხოლოდ 60 პროცენტამდე რეალიზაცია შეძლეს, დარჩენილ ტონობით გაფუჭებულ პროდუქტს კი ყრიან ან, უკეთეს შემთხვევაში, პირუტყვს აჭმევენ.

ვალეში გლეხებს კარტოფილის გარდა, კომბოსტოც უფუჭდებათ. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც დღესდღეობით აწუხებთ მათ.

სხვა გაძვირებული პროდუქტის მიუხედავად, ფერმერები იძულებულები არიან ერთი კილოგრამი კომბოსტო 8 თეთრად, ხოლო კარტოფილი 30 თეთრად გაყიდონ, რათა ბაზრიდან ისევ სახლში წაღება არ მოუწიოთ.

შექმნილ ვითარებას სავალალოს უწოდებენ სპეციალისტები. სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ბოლო წლების შრომა პრაქტიკულად წყალში გადაიყარა, რადგან პანდემიამდე ხდებოდა ისე, რომ ერთ ოჯახს მხოლოდ კომბოსტო, მეორეს კარტოფილი ან მესამეს მხოლოდ ჭარხალი მოეყვანა.

ჭარბი მოსავალი და რეალიზაციის პრობლემა სამცხის გარდა ჯავახეთსაც აწუხებს. ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ჩივის, რომ ტონობით კარტოფილი უფუჭდებათ და მის გაყიდვას ვეღარ ახერხებენ.

ჩაკეტილი საზღვრების გამო, სოფლის მაცხოვრებლები მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ ვეღარ წავიდნენ. ყველამ მიწა დაამუშავა და კარტოფილი დათესა. მოსახლეობას კორონავირუსის კი არა, ამ შემთხვევაში ჭარბი მოსავლის მიუხედავად, სიღარიბის უფრო ეშინია, როგორც თვითონ ადგილობრივები გვიცხადებენ. ახალქალაქის მერი კი აცხადებს, რომ მოსახლეობას 40 ათასამდე ტონა კარტოფილი აქვს ამ დროს და რეალიზაცია რომ უჭირთ ამის შესახებ არამხოლოდ მათ, არამედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც შეატყობინეს.

მოგეხსენებათ წელს საქართველოში უცხოეთიდან სამ მილიონ დოლარამდე ღირებულების კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. მოსახლეობის პროტესტსაც ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებს და კიდევ უფრო იწვევს. ისინი ამბობენ, რომ პანდემიამ მათ ჭარბი მოსავალი, შემცირებული შემოსავალი და დაკარგული სახსრები დაუტოვა.
კატეგორია - პოდკასტების სერია
სამწუხაროდ, საზოგადოებაში გავრცელებულია ვაქცინის მიმართ უნდობლობა და, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მედიის მიერ ვაქცინაციის პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის, გზავნილებისა და სიახლეების გავრცელება.

კოვიდ-19-ისა და ვაქცინაციის შესახებ მეტი ამომწურავი ინფორმაცია და ახალი ამბავი უნდა გაავრცელოს მედიამ ყველასთვის გასაგებ ენაზე. სამწუხაროა, რომ საეჭვო და მცდარი ინფორმაცია, რომელიც იოლად ხელმისაწვდომია, უფრო სწრაფად ვრცელდება.



მოქალაქეები ვინც უკვე აიცრა, რადიო “ათინათან” ჰყვებიან, რომ ვაქცინის გაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება მათთვის არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან ბევრი ფიქრის, სხვადასხვა აზრის, რეკომენდაციის მოსმენის შემდეგ მათ მიიჩნიეს, რომ ეს აცრა აუცილებელია მათთვის და სხვისი ჯანმრთელობისთვის.

მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ კოვიდისგან თავის არიდება მხოლოდ ვაქცინაციით მოხდება. სხვათაშორის, საზოგადოებაში მუსირებს ასეთი მიდგომაც: თუ ვინმემ გაიკეთა ვაქცინა, ჰგონიათ რომ სამსახურმა აიძულა.

ის ადამიანი რაღაცნაირად აიძულეს, რომ გააკეთებინეს, და არა თავისი სურვილით მოხდა ეს ყველაფერი. თავიდანვე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვირაში ოთხი დღის მანძილზე იყო შესაძლებელი ვაქცინა გაეკეთებინა მსურველს. თუმცა ნაკლები იყო მსურველი და დღეები შეამცირეს. ამჯერად ორჯერ არის შესაძლებელი ვაქცინაცია. საშუალოდ კვირაში მთელი სამეგრელოს მასშტაბით 40-მდე ადამიანი იცრება.

ზუგდიდში რომ გააჩეროთ მოქალაქეები, 60-65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, ნაკლებად აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დარეგისტრიდნენ, რომელი ვაქცინები არის ხელმისაწვდომი, სად უნდა აიცრან. 20 მაისიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის წინააღმდეგ სინოფარმის ვაქცინით ვაქცინაცია იწყება და რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა გვითხრა ჩვენ საუბარში, რომ უკვე შეინიშნება აქტიურობა ვაქცინაციაზე რეგისტრირებული ადამიანების.

რაც შეეხება აღდგომის ამბებს. აღდგომის ღამეს ეკლესიაში მრევლი საკმაოდ იყო. ვერ ვიტყვი, რომ დისტანციები იყო დაცული და პირბადეები სწორად ეკეთათ. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის გარე პერიმეტრზე ხმის გამაძლიერებლები იყო, ხალხი მაინც შიგნით ცდილობდა შესვლას. დისტანცია არ იყო დაცული. სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პოლიცია სასაფლაომდე მისასვლელ გზებს და დაწესებული რეგულაციების აღსრულებას დილიდან საღამომდე აკონტროლებდა.

ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი პოზიტიური ინფორმაცია გავაშუქოთ, ადამიანები ჩავწეროთ, ვინც ვაქცინა გაიკეთა. მეტი ამომწურავი ინფორმაცია გავაცნოთ ადამიანებს და მერე თვითონ გადაწყვიტონ, თვითონ ჰქონდეთ მათ არჩევანის უფლება.
კატეგორია - პოდკასტების სერია
ცხოვრება კოვიდთან ერთად ადვილი არ აღმოჩნდა შიდა ქართლისთვის. მე ვარ ელიზა ქრისტესიაშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი. ვისაუბრებ იმაზე, რასაც ჩვენი მედიასაშუალება აქტიურად აშუქებს ხოლმე პანდემიის პირობებში.


ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სხვისი მზრუნველობა. ზოგი მათგანი მარტოხელაა, ზოგს შორს ჰყავს ოჯახი, ზოგიერთი კი იქით უვლის ოჯახს. ეს ადამიანები ყოველდღე იბრძვიან არსებობისთვის და ზოგჯერ უსახლკაროდ, უსახსროდ დარჩენილი დიდი ოჯახების ერთადერთი საყრდენი თვითონ არიან ხოლმე.

ამ შემთხვევაში მინდა მოგიყვეთ ერთ ქალბატონზე, რომელიც ხაშურში ცხოვრობს. ცხოვრობს შვილთან, სიძესთან და სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. სახლი, სადაც ცხოვრობენ, არ არის მათი სახლი. ისინი მარტოხელა ნათესავმა შეიფარა.

ეს ქალბატონი 61 წლის არის ის ყოველდღე ფეხით მიდის ხაშურის უფასო სასადილოში, რომელიც 40 წუთის სავალზეა და ფეხით ბრუნდება უკან. ეს ქალბატონი არ თაკილობს არანაირ სამუშაოს. დადის ნახირში, ბარავს, თოხნის. როგორც ის გვიყვება, ყველაზე ცუდი არის ის, რომ სწორედ პანდემიის გამო, იმ მცირედი შემოსავლით რაც მას აქვს, ვეღარაფერს ყიდულობს. ამ შემთხვევაში გულისხმობს საკვებ პროდუქტებს, რომლის ფასიც ძალიან არის გაზრდილი, განსაკუთრებით, აი, ასეთი გაჭირვებული ადამიანებისთვის.

მსგავსი პრობლემებით უამრავი ადამიანია, სამწუხაროდ. მე ვნახე ბავშვები, რომლებიც ავად არიან და მშობლები წამლებს ვერ ყიდულობენ. ვნახე 13 წლის ბიჭი, რომელიც სკოლაში არ წავიდა იმიტომ, რომ ქურთუკი დაუპატარავდა და რცხვენია თანატოლების, რომელიც ფიქრობს, რომ დასცინებენ და კიდევ უამრავი ასეთი შემიძლია რომ გავიხსენო.

შიდა ქართლში პანდემიის მხრივ მძიმე მდგომარეობა იყო კასპის მუნიციპალიტეტში. იყო სამი სოფელი, რომელშიც ეპიდემიამ იფეთქა. ესენია სამთავისი, იგოეთი და ქვემო ჭალა. სხვათა შორის, ქვემო ჭალა არის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი. 25 მარტიდან დღემდე ამ ერთ სოფელში ასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

სამწუხაროდ, ორი ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე, რომელიც ქვემო ჭალის მკვიდრია, გვესაუბრა სავარაუდო მიზეზზე, თუ რატომ მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში ასეთი ეპიდაფეთქება და როგორ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად. მისი თქმით, სამთავისის ეკლესიის მრევლი მოსალოცად წავიდა თელათგორში. აქ აღინიშნება ხოლმე თევდორობა, რომლის მოსალოცადაც წავიდა მეუფე თავის მრევლთან ერთად. ეს მრევლი, როგორც ეს ქალბატონი იხსენებს, იქნებოდა დაახლოებით ორასი ადამიანი. ამიტომ ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდაო. სხვათაშორის დაუდასტურდა მეუფესაც, მგალობლებსაც და სამთავისის მონასტრის მონაზვნებსაც. რაც შეეხება ეპარქიის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ეპარქია იცავს ყველა რეკომენდაციას, რაც არის გაცემული და ისინი არ მიიჩნევენ, რომ არიან პირველწყარო ამ ეპიდაფეთქების.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი შიდა ქართლში. გეტყვით, რომ აქტივობა არის ძალიან დაბალი.

ამას ართულებს ისიც, რომ ჩვენთან არის მხოლოდ ასტრა-ზენეკას ვაქცინა ხელმისაწვდომი. ვისაც სურდა აცრა, მაგრამ არ სურდა ასტრა-ზენეკათი აცრილიყვნენ, ასეთი ადამიანები აიცრნენ ფაიზერით ქუთაისსა და თბილისში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ყველას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ წასულიყვნენ ქუთაისსა და თბილისში. ამიტომ საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც სურთ აცრა, მაგრამ არა ასტრა-ზენეკას ვაქცინით. ესეც ძალიან ართულებს ეპიდმდგომარეობას ჩვენს რეგიონში.
კატეგორია - პოდკასტების სერია
მოგესალმებით, მე ეკა ნოზაძე ვარ, ტელეკომპანია “ბორჯომის” ჟურნალისტი. დღეს მოგიყვებით ჩვენს ქალაქში, ბორჯომში, დაწყებულ და შეჩერებულ ვაქცინაციის პროცესზე. შესაბამისად, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა აღმოჩნდა.



ბორჯომში ვაქცინაცია 18 მარტს დაიწყო და ამავე დღეს დასრულდა. იმუნიზაციის მსურველებზე ნეგატიურად იმოქმედა იმავე დღეს ახალციხეში მომხდარმა ძალიან მძიმე ამბავმა და პორტალზეც, შესაბამისად, აღარავინ დარეგისტრირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ვაქცინა სამედიცინო ცენტრიდან საერთოდ გაიტანა.

ტელეკომპანია “ბორჯომის” ფეისბუქ გვერდზე ჩვენ გამოკითხვა გავაკეთეთ. გვაინტერესებდა განწყობები ადგილობრივი მოსახლეობის: სურთ თუ არა აცრის გაკეთება ადგილობრივებს, რასაც მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია და გამოხმაურება მოჰყვა, რასაც, ბუნებრივია, ველოდით. ვერ ვიტყვი, რომ უმრავლესობის პასუხი დადებითი იყო, და აქ კიდევ ერთი პრობლემა არაინფორმირებულობაა, განსაკუთრებით, ალბათ, რეგიონებში.

მაგრამ ვისაც ჰქონდა სურვილი ვაქცინაციის, ვინც მიუხედავად არსებული ძალიან მწირი ინფორმაციისა, მაინც გადაწყვიტა გაეკეთებინა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, მისთვის გაჩნდა ახალი გამოწვევა: სად გაიკეთოს ვაქცინა ანუ სად დარეგისტრირდეს.

ბორჯომთან გეოგრაფიულად ყველაზე ახლომდებარე ქალაქებიდან, ახალციხეში ასევე შეწყდა იმუნიზაციის პროცესი. ხაშურში მიმდინარეობს, თუმცა აქ არ არის არჩევანის საშუალება წარმოდგენილ ვაქცინებს შორის.

ამიტომ რჩება თბილისი და, წარმოიდგინეთ თქვენ 65 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად იმუნიზაციის პორტალზეც კი ვერ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ტრანსპორტი, როგორ უნდა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაიკეთოს ვაქცინა და იმავე დღეს დაბრუნდეს უკან. მე პირადად ვესაუბრე ადამიანებს, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა გაიკეთონ ვაქცინა.

მათი ასაკი არის დაახლოებით 70, 80, 85 წელი. მაგრამ აღმოჩდნენ დილემის წინაშე: სად და რა საშუალებით. წარმოიდგინეთ ბორჯომში, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლები, რომლებსაც მხოლოდ ბორჯომამდე ჩამოსასვლელად და უკან დასაბრუნებლად სჭირდებათ ერთი დღე.

როგორ წავლენ ასაცრელად დედაქალაში ან, თუნდაც, ყველაზე ახლომდებარე ხაშურის ჰოსპიტალში. ადმინისტრირების თვალსაზრისით, ბევრი პრობლემაა და, შესაბამისად, კითხვებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტორლის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხები ჩვენს კითხვებზე ვერ მივიღეთ. შესაბამისად, მოსახლეობასაც ვერ ვუთხარით როგორც მედიამ, ადგილობრივმა, როდის გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი ბორჯომში ან გაგრძელდება თუ არა საერთოდ.

არადა, როგორც უკვე თავში ვთქვი, არაინფორმირებულობაა ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში და, თუ ვამბობთ, რომ ვაქცინაციაა პანდემიის დასრულების გარანტი, მაშინ გამოდის რომ სახელმწიფო თავისი გადაწყვეტილებებით აფერხებს ისედაც ნელი ტემპით მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს.
კატეგორია - პოდკასტების სერია

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინი მოიხსნა, თუმცა ენგურის ხიდზე გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება.

რა შეზღუდვებია ეს და როგორ შეხვდნენ გალელები ამ დაგვიანებულ გადაწყვეტილებას, მოგიყვებით მე,  “ლაივპრესის” ჟურნალისტი. „აფხაზეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის კარანტინი რომ გაუქმებულიყო, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე დასჭირდა”, - ამბობენ გალელები.



მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დაღუპვიდან ერთი კვირის თავზე ხელისუფლებამ გააუქმა კარანტინი, რასაც გალის მცხოვრებლები უკვე ერთი წელია ითხოვდნენ. ტრაგედიას სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საბოლოოდ კი, ხელისუფლებას მოუწია გადაეხედა საკუთარი მიდგომისთვის. თუმცა, ეს ოთხი ადამიანი არ ყოფილა პირველი მსხვერპლი მდინარე ენგურში. შარშან აგვისტოში ენგურში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამოირიყა, რომელიც ზუგდიდში რამდენიმე თვის დაგროვილი პენსიის ასაღებად მოდიოდა.

ერთი თვის შემდეგ კი, უკვე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ხურჩაში, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა მდინარე ენგურის გადმოცურვის შემდეგ. კიდევ დარჩა ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება დაუბრუნდეს პანდემიამდე ნიშნულს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ენგურის ხიდი ჯერჯერობით ყველასთვის ღია არაა. აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსვლა შეუძლია ადამიანთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას. ესენი არიან პენსიონერები, ავადმყოფები და სპეციალური საშვის მქონე პირები.

ეს საშვი არის ერთთვიანი, სოხუმში გაიცემა და დაახლოებით 45 ლარი ღირს. აფხაზეთის ყველა მცხოვრებისთვის ხიდის გახსნის გადაწყვეტილება კი უკვე სოხუმმა უნდა მიიღოს.

გალელები “ლაივპრესთან” საუბარში ამბობენ, რომ მათთვის მთავარი დაბრკოლება მაინც სავალდებულო კარანტინი იყო. მათ ასე სჯერათ დღესაც, რომ შეძლებენ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას უკვე კარანტინის მოხსნის შემდეგ. პენსიონერების, ავადმყოფების და საშვიანების გარდა, პრინციპში არც არავინ მიდიოდა ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტთან, რადგან არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ გამოატარებდნენ.

ახლა კი აქვთ იმედი მოლაპარაკებების, თუნდაც თანხის სანაცვლოდ და გარკვეული დაშვებების, რომ გამოატარებენ პრობლემების გარეშე. რეალურად კი, 19 აპრილიდან, უკვე მას შემდეგ, რაც ოფიციალურად კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამოჩნდება ვინ შეძლებს ზუგდიდში გადმოსვლას, ადამიანთა რა კატეგორია, რა ასაკობრივი ჯგუფი და ა.შ. ანუ პრაქტიკაში როგორ გადაითარგმნება უკვე ეს შემსუბუქება.

კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილება გალელებს ერთის მხრივ ძალიან გაუხარდათ. სოციალურ ქსელში ულოცავდნენ ერთმანეთს ამ გადაწყვეტილებას და მადლობას ეუბნებოდნენ ახალგაზრდებს, ვინც გვერდში დაუდგა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ხმა უფრო ხმამაღლა გააგონა დანარჩენ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ამბობენ რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ძვირი დაჯდა, ადამიანების სიცოცხლე.

მათ აქვთ სრულიად ლეგიტიმური კითხვები: მსხვერპლი რატომ გახდა საჭირო ამისთვის და ტრაგედია რატომ ვერ აირიდეს თავიდან? გალელები ახლა დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომ ადმინისტრაციული საზღვარი ყველასთვის გახსნან, თუმცა ეს როდის მოხდება, ბუნებრივია არავინ იცის. მათი თქმით, ახლა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს აქტიურად სოხუმთან იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ გადაწყვეტილების მიღება.

19 აპრილიდან კი, მოქალაქეებს ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით შეამოწმებენ. ასევე ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობით. მათთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტი საოკუპაციო საზღვრის სიახლოვეს, რუხის კლინიკაში იქნება. მანამდე კი, ტრაგედიის გამო თბილისმა და სოხუმმა თითი ერთმანეთისკენ გაიშვირეს.

როგორც ყოველთვის, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომხდარში საოკუპაციო რეჟიმი დაადანაშაულა, სოხუმმა კი კარანტინზე გაამახვილა ყურადღება და გალელებს ურჩია, რომ “საქართველოში” მოსახვედრად მხოლოდ ენგურის ხიდით ისარგებლონ. აფხაზეთის მთავრობამ, ლეგიტიმურმა მთავრობამ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი დაეხმარნენ მდინარე ენგურში დაღუპულთა ოჯახებს და მათ საკმაოდ სოლიდური თანხა გადასცეს, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ეს არ დააკონკრეტეს ჩვენთან საუბარში.

ასევე ამბობენ, რომ კიდევ განაგრძობენ ამ დახმარებას ამ ოჯახებისთვის და ტრაგედიის პირისპირ მარტოს არ დატოვებენ.

 

კატეგორია - პოდკასტების სერია

მე ვარ თეკლე მორგოშია, საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი.

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში, რომელიც შეიძლება ითქვას, სამწუხაროდ ჩავარდა. დღეის მონაცემებით 11 ათასი ადამიანი არის აცრილი, მაშინ როდესაც მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით, ოცი დღის განმავლობაში სულ მცირე აცრილი უნდა ყოფილიყო 60 ათასი ადამიანი. ძალიან დიდი სხვაობა არის, ხედავთ თქვენ 60 ათასსა და 11 ათასს შორის.

ეს მანიშნებელია იმის, რომ ვაქცინაცია არ შედგა, იმიტომ რომ მოსახლეობას არ მიაწოდეს ინფორმაცია.



ვაქცინაციის პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ ჩამოიტანო ვაქცინა, შეისყიდო, გადაიხადო, სესხად აღებული სხვადასხვა მსოფლიო ბანკებიდან. თანხა მილიონები გადაიხადო, ჩამოიტანო და უთხრა, რომ მოდით ახლა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ.

მანამდე უნდა გაეკეთებინათ ეს მოსამზადებელი სამუშაოები. კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნული გეგმა არც ისე ცუდად აქვს მთავრობას შემუშავებული, რომელიც იანვარში დაამტკიცეს მიმდინარე წლის, სადაც შავად თეთრზე წერია, რომ უნდა მოეხდინათ საზოგადოების ინფორმირებულობა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო პანდემიის დამარცხებაში ვაქცინაციის პროცესი, რა ვაქცინებს მიიღებდა საქართველო, რატომ უნდა გაგვეკეთებინა, რა შემცველობა ჰქონდა ამას. ზუსტად ეს ძალიან კარგად ჰქონდა გაწერილი საკოორდინაციო საბჭოს და ზოგადად მთავრობის მიერ შემუშავებულ ეროვნულ გეგმაში, თუმცა ვერ შესრულდა.

ჩვენ დავინტერესდით იყო თუ არა ამ პროცესში ჩართული ადგილობრივი მთავრობა. ვკითხეთ მერიას და მერიამ გვითხრა, რომ ამაში უნდა ყოფილიყო სამხარეო ადმინისტრაცია ჩართული, რადგან ის უშუალოდ კომუნიკაციაში იმყოფებოდა საკოორდინაციო საბჭოსთან.

გუბერნიას ვკითხეთ და გვითხრა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. როდესაც ვკითხე დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს, რატომ არ მოხდა მოსახლეობის ინფორმირებულობა, მან მითხრა რომ ხედავთ რამდენი ბუკლეტია დაბეჭდილი.

ეს ბუკლეტები არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ყოველ შემთხვევაში ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში, არცერთ მედპერსონალს და პაციენტს და არც იქ დასაქმებულ სხვა ადამიანს არ უნახავს თვალით. რომ ვკითხე როდის დაიწყეთ ეს ყველაფერი, დავიწყეთ მაშინ როცა მივიღეთ ეს ვაქცინა. და უფრო ადრე ხომ შეიძლებოდა დაწყება? იყო პასუხი, რომ ჩვენ აქამდე არ ვიცოდით გვექნებოდა თუ არა ვაქცინა.

თუკი ჩავარდება ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, გავივლით იმ გზას, რაც გავიარეთ 2020 წლის მარტში, აპრილში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა, რომელიც ისედაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით არ იყო მყარი, ახლა მითუმეტეს არის ჩამოშლის ზღვარზე. ინფორმაციულ ვაკუუმშია საზოგადოება. ქუთაისში რომ გავაჩეროთ ადამიანი, ათიდან მხოლოდ ერთი იტყვის, რომ შეიძლება გავიკეთო. დანარჩენები ამბობენ, რომ არ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ.

კატეგორია - პოდკასტების სერია
კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი მარნეულის მუნიციპალიტეტში შეფერხებით მიმდინარეობს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებ მე. მე ვარ ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სათემო რადიო მარნეულის ჟურნალისტი.

ჩვენ როგორც ჟურნალისტებს მივიჩნევთ, რომ გვაქვს ვალდებულება, რომ ვაქცინაციის პროცესზე აქტიურად ვისაუბროთ და აქტიურად გავაშუქოთ ეს პროცესი. ვცდილობთ, რომ ხალხს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ზოგადად ვაქცინაცია, რატომ უნდა გაიკეთონ და რისთვის არის მნიშვნელოვანი და რატომ არის მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი. მარნეულში შემოიტანეს 15 მარტს კორონავირუსის ათასი ვაქცინა.


17 მარტს უკვე დაიწყო ჯეოჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი. ერთ პაკეტში არის ათი დოზა ვაქცინის. როდესაც გაიხსნება ვაქცინა, ათ ადამიანს უნდა გაუკეთდეს. სხვა შემთხვევაში, დანარჩენი ფუჭდება. პირველ დღეს, ჩვეულ რეჟიმში ერთი შეკვრა გაიხსნა და 17 მარტს გაიკეთა ათმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ვაქცინა. უკვე 18 მარტს გაიკეთა მხოლოდ შვიდმა და სამი ვაქცინა გაფუჭდა, გადაყარეს. 18 მარტის შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტში არცერთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს არ გაუკეთებია ვაქცინა.

როგორც ჩვენ გვეუბნება იმ კლინიკის ხელმძღვანელი, სადაც კეთდება ვაქცინაცია, ამ დრომდე რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე არავის გაუკეთებია. მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უკვე აღარ იკეთებენ ვაქცინას.

მარნეულში 65 წელს ზევით მოსახლეობაც უკვე დარეგისტრირდა. არ არის ბევრი, მაჩვენებელი არ არის დიდი, მაგრამ არის ერთეული შემთხვევები. მედდის გარდაცვალებამ, ამ სამწუხარო ფაქტმა, ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ვაქცინაციის პროცესზე.

მარნეულის მოსახლეობა ძირითადად ინფორმაციას იღებს აზერბაიჯანულ ენაზე. მოსახლეობის უმეტესობა არის აზერბაიჯანულენოვანი. ისინი ინფორმაციას ძირითადად იღებენ უცხოური მედია საშუალებებიდან.

აზერბაიჯანული და თურქული მედია საშუალებებიდან. ჩვენის მხრივ, რადიოში ვცდილობთ ყოველდღიურად, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ვაჩვენოთ და მივაწოდოთ მათთვის გასაგებ ენაზე. შეიძლება ითქვას, რომ რადიოს ჩართულობა არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა მოსახლეობაში.

მოსახლეობამ კარგად არ იცის და არ აქვს გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი. მე არ მახსენდება სახელმწიფოს მხრიდან ან აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე წარმოებული კამპანია. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ვაკუუმია შექმნილი მუნიციპალიტეტში ინფორმაციული.

აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს. ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს ჩემი აზრით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მათ აქვთ გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. სამწუხაროდ რასაც მე ვუყურებ, ადგილობრივი თვითმმართველობაც, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც და ცენტრალურ დონეზეც ხელისუფლება არ ცდილობს იმის გაკეთებას, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია.
კატეგორია - პოდკასტების სერია

"ადგილობრივები ხშირად საუბრობენ ყალბ ინფორმაციებზე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის ვაქცინაციას. ბევრს არ სურს აცრა, რადგან ამბობენ რომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან", - ბორის ღარსლიანი, ნინოწმინდის სათემო რადიოდან გვიყვება, რამდენად დიდია ჯავახეთში დეზინფორმაციის გავლენა ადგილობრივებზე.

პოდკასტი მომზადებულია მულტიმედია განათლების ცენტრის მიერ, სერიისთვის "ცხოვრება კოვიდთან ერთად".

 

წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

მე ვარ ბორის ღარსლიანი, ჟურნალისტი ქალაქ ნინოწმინდიდან. ვცხოვრობ ქალაქ ნინოწმინდაში. უკვე 10 წელია ნინოწმინდის სათემო “რადიო ნორ”-ში ვმუშაობ. დღეს კორონავირუსის თემაზე ვისაუბრებ, თუ რა სირთულეები შეგვიქმნა მუშაობის დროს. კორონავირუსის პიკის დროს გართულდა ის, რომ ხალხი დაინფიცირდა და მათ შორის ჩვენი თანამშრომლებიც. სულ რამდენიმე ჟურნალისტი მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით არ გამოგვრჩენოდა ახალი ამბები და ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეში 24 საათს ვმუშაობდით, რათა მოსახლეობას ვირუსის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონოდა.

მოსახლეობის უმეტესობას სურდა სცოდნოდა, თუ რომელი რაიონიდან, სოფლიდან იყვნენ ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანები. მაგრამ ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრიდან მხოლოდ ასეთ ინფორმაციას ვიღებდით: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სულ 5 შემთხვევაა. მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია სოფლებისა და ქალაქების შესახებ ჩვენ არ გვქონდა. უფრო კონკრეტულ მონაცემებს ვერ ვიღებდით. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვაწვდიდით მოსახლეობას ინფორმაციას იმაზე თუ კონკრეტულად რომელ სოფლებში იყვნენ ინფიცირებულები.

პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივები ხშირად საუბრობენ ყალბ ინფორმაციებზე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის ვაქცინაციას. ბევრს არ სურს აცრა, რადგან ამბობენ რომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ახალციხის კლინიკაში მედდა აიცრა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. ამ ახალმა ამბავმა კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. თუკი მანამდე მოსახლეობის დაახლოებით 70% არ უნდოდა აცრა, ახლა ეს რიცხვი ნამდვილად გაიზრდება. მთავრობას არ უწარმოებია კამპანია იმის შესახებ, რომ ხალხს ჰქონოდა მეტი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ.

ჩვენ ხშირად ვხვდებით ხალხს და ვაწვდით სწორ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ: რა კანონები არსებობს, რა არის სწორი და არასწორი, ვესაუბრებით ყალბ ინფორმაციაზე. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის საკმარისი.

მართალია მოსახლეობას ინფორმაცია ჭირდება, მაგრამ რამდენიმე თვე მთლიანად დისტანციურად ვმუშაობდით. ხალხსაც და ჩვენც გვეშინოდა, რომ არ დავინფიცირებულიყავით. თუმცა დისტანციური მუშაობა არ არის ეფექტური და სრულყოფილი.