პოდკასტების სერია
კატეგორია - პოდკასტების სერია

"ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით ბევრი თვითდასაქმებული ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშია. ადგილობრივები ტურისტების მომსახურების მიზნით შეძენილ ელექტრომობილებს, ე.წ ბაგებსა და კვადროციკლებს ყიდიან. აღნიშნული ტექნიკით უცხოელ ტურისტებს რეგიონში არსებულ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებინებდნენ. რადგან ბანკის სესხი ვერ დაფარეს, ნაწილმა ეს ტექნიკა გაყიდა", - ნუკა სტეფნაძე, SK news-ის ჟურნალისტი გვიამბობს როგორ შეცვალა პანდემიამ ადგილობრივების ცხოვრება სამცხე-ჯავახეთში. 

ნუკა ამბობს, რომ პანდემიამ ერთგვარი ზღვარი გაავლო მოსახლეობასა და ჟურნალისტებს შორისაც, რადგან ვირუსის შიშით ადგილობრივები ჟურნალისტებს ხშირად ეუბნებოდნენ უარს შეხვედრებსა და ინტერვიუებზე.




წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

დღეს ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც პანდემიამ ჩვენს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში შექმნა. კორონავირუსმა ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა როგორც ჟურნალისტები, ისე ადგილობრივები.მე ვარ ნუკა სტეფნაძე ახალციხიდან, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი. ჩვენთან დაიკეტა რესტორნები, სასტუმროები, მუშაობა შეაჩერეს მცირე საწარმოებმა, რის გამოც სამსახური დაკარგა ასობით ადამიანმა. ამ ყველაფერმა რეგიონის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ის ობიექტები აღმოჩნდნენ, რომლებიც უცხოელ ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულნი. მეპატრონეები ბანკის ვალებს ვეღარ იხდიან. ამის გამო ქონების გაყიდვაც კი უწევთ. ახალციხეში თქვენ თუ ჩამოხვალთ, ნახავთ სასტუმროებსა და კაფე–ბარებზე გამოკრულ აბრას, სადაც აწერია რომ „იყიდება“.

რაც შეეხება ჩვენს მუშაობას, ბუნებრივია პანდემიამ პრობლემები ჩვენც შეგვიქმნა, სხვადასხვა უწყების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გამო. გვიჭირდა საჯარო ინფორმაციის მიღება. ჩვენს გაგზავნილ წერილებს ვგულისხმობ. პასუხები ზოგჯერ ორი ან სამი კვირით იგვიანებდა. ნაწილზე კი ამ დრომდე არ მიგვიღია. აი მაგალითად მე შემიძლია გავიხსენო პრემია–დანამატებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია 2020 წლის დეკემბერში გამოვითხოვე მუნიციპალიტეტებიდან. პასუხი კი 2021 წლის იანვრის ბოლოს, ნაწილის კი თებერვლის დასაწყისში მივიღე.

გარდა ამისა, სოფლებში რეპორტაჟების მომზადების დროს, გვიჭირდა რესპოდენტების მოძიება. კორონავირუსის შიშით სახლში არ გვიშვებდნენ. სიცივის გამო კი გარეთ ჩაწერაზე არ გვთანხმდებოდნენ. ამ ყველაფრის ფონზე იძულებულები გავხდით, რომ სატელეფონო ინტერვიუები ჩაგვეწერა.

პანდემიამ ერთგვარი ზღვარი გაავლო მოსახლეობასა და ჟურნალისტებს შორის სამწუხაროდ. სატელეფონო ინტერვიუების დროს მომზადებული მასალა ისეთი გულწრფელი და ემოციური არ არის, როგორსაც რესპოდენტთან პირისპირ საუბრის დროს მოამზადებდი. თუმცა ახლა რეპორტაჟებსა და შედარებით მსუბუქ თემებს სამწუხაროდ ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. ვცდილობთ ვწეროთ მეტი პანდემიასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე.

ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით ბევრი თვითდასაქმებული ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშია. ადგილობრივები ტურისტების მომსახურების მიზნით შეძენილ ელექტრომობილებს, ე.წ ბაგებსა და კვადროციკლებს ყიდიან. აღნიშნული ტექნიკით უცხოელ ტურისტებს რეგიონში არსებულ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებინებდნენ. რადგან ბანკის სესხი ვერ დაფარეს, ნაწილმა ეს ტექნიკა გაყიდა. აი მაგალითად, ბორჯომში ჩავწერე რესპოდენტი, რომელმაც სესხის გამო ჯერ საკუთარი მანქანა გაყიდა, შემდეგ კი ელექტრომობილიც.

ეს არის ის რეალობა რაც ჩვენს რეგიონშია და არა მარტო ჩვენთან. ახალი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის კორონავირუსის ვაქცინის მიღებაა. სამწუხაროდ იგვიანებს, შესაბამისად ახალი ტალღის საშიშორება დგას. მე მინდა გითხრათ რა დამოკიდებულებაა ვაქცინასთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთში. ვფიქრობ ეს არანაკლები პრობლემაა ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ჩვენ რამდენჯერმე გამოვკითხეთ მოსახლეობა. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს. ვფიქრობ ამ კუთხით კიდევ ბევრი სამუშაოა, მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობაა საჭირო. მაგალითად, რატომ არის საჭირო აცრა, რა გვერდითი მოვლენები აქვს, არის თუ არა საფრთხის შემცველი მისი გაკეთება და ა.შ.ძირითადად ამ და სხვა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი რეგიონი.

კატეგორია - პოდკასტების სერია

"მაშინ, როდესაც საქართველოს დიდ ქალაქებში მოსახლეობა კოვიდთან თანაცხოვრების რიტმს უდგამს ფეხს, მთის სოფლებში უკვე დიდი ხანია ერთგვარი პანდემიაა. ვიდრე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე დროებით ცხოვრებას ვეგუებით, მთის სოფლებში დიდი ხანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ცხოვრობენ. როდესაც ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციას ვიღებთ, ისინი ვერც კი რეკავენ", - ლაშა ორჯონიკიძე, გამოცემა "მთის ამბების" ჟურნალისტი გვიამბობს როგორია კოვიდთან ერთად ცხოვრება მთაში.



პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ სერიისთვის - ცხოვრება კოვიდთან ერთად. 

 


წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

ოოო კორონა კი მაგრად გვაშინებს, ჩვენს გამო არა, ბალღებისთვინა, იქით ქალაქჩი. ჩემი რძალი გომბორელია, ხან აქ მაიყვანენ ბალღებს ხან იქ აღრეკენ რო მოშორდნენ - ქალაქს. ეშინიანა ავადობის, ცხელდებისო ამბობენ და იმითა“, - გვითხრა და წყლიანი მზერა გვერდით მჯდომი თოვლისფრად შებერილი წვერულვაშიანი მეუღლისკენ გააპარა.

თაია ჭინჭარაული და გიგი არაბული სამი საუკუნის აშენებული ხევსურული ბანიანი სახლის ბანზე ისხდნენ, როდესაც მოულოდნელად ვესტუმრეთ. ხევსურეთის სოფელ გველეთს ბევრი ხალხი ახსოვს. 85 წლის გიგი არაბული ახალგაზრდობას იხსენებს, როდესაც გუდამაყრის ქედზე შეფენილ სოფელში თვრამეტ ოჯახს უცხოვრია. ლამაზი ხევსურული სოფელი ყოფილა გველეთი. ბანიანი სახლების სარკმლიდან ხელის გულივით მოსჩანს მარცხნივ ბარისახო და მარჯვნივ მდინარე დართვისის ხევის კალთებზე შეფენილი მოწმაო და დათვისი.

გველეთი დართვისის ოთხი სოფლიდან ერთერთია, რომელშიც ჯერ კიდევ ანთია კერა. ისიც ზამთრამდე. დიდთოვლობის გამო მოხუცი ცოლ-ქმარი ბარში ჩამოდის, თუმცა ქალაქში გაჩერება უჭირთ.

„ქალაქჩი წავიდეთ, რა გავაკეთოთ ქალაქჩი? აქ გვირჩევნია აი, ჰაერზე ვორთა, თავისუფლებაია, არც არავინ უფროსი გვყავ“, გვეუბნება თაია ჭინჭარაული და უხერხულობას ვერ მალავს მასთან მისული სტუმრები მოშორებით რომ ვდგავართ.

პანდემიამ მთაში სტუმარ-მასპინძლობის წესზეც მოახდინა გავლენა. მასპინძლებისგან დისტანცირებული სტუმრები სახესაც ვმალავთ. ასეა, კოვიდთან თანაცხოვრება ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენგან მეტ პასუხისმგებლობას და სხვების ჯანმრთელობის გაფრთხილებას მოითხოვს. ის, რაც ქალაქისთვის უჩვეულოა, მთის სოფლებისთვის ყოველდღიურობაა. იქ სულ კომენდანტია. თანასოფლელებს არათუ ღამის 9 საათის შემდეგ, გვერდით სოფლებშიც კი ვერ ნახავთ.

თაიას და გიგლას ბანიდან მოპირდაპირე მთის კალთაზე მაღალ ბალახებში ჩაკარგული ნასახლარი მოსჩანს. ეს სოფელი მოწმაოა, სადაც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, 87 ადამიანს უცხოვრია. ახლა ამდენი აგურიც კი არ არის დარჩენილი.

„ყველაზე მეტი ძნელი ეგ არი, აი, რო მეზობელი არ არი, რო აქ ჩქამდესა, აი, ადამიან რო გითხრას, იქ ესეა, ეგრე არი, ესეა და არაა. მარტო ტელევიზორს ვუყურებთ, აქედან გავიგეთ რომ ქალაქჩი ავადობაია, სიკვდილის არ გვეშინის, ჩვენ ჩვენი ცხოვრება უკვე ვნახეთ. ახალგაზრდებისა ვდარდობთ თორე ჩვენთან ადამიანები აღარ მოდიან, ავადობაი რას მოვა.“

მაშინ, როდესაც საქართველოს დიდ ქალაქებში მოსახლეობა კოვიდთან თანაცხოვრების რიტმს უდგამს ფეხს, მთის სოფლებში უკვე დიდი ხანია ერთგვარი პანდემიაა. ვიდრე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე დროებით ცხოვრებას ვეგუებით, მთის სოფლებში დიდი ხანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ცხოვრობენ. როდესაც ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციას ვიღებთ, ისინი ვერც კი რეკავენ. ექიმის დახმარება? ალბათ არ არის რთული მისახვერდი ამ კითხვაზე პასუხი. მთის სოფლების მოსახლეობის მხოლოდ წინასაარჩევნოდ გახსენება კი ქვეყნის ხელისუფლების ერთგვარი ტრადიციაა. ბევრის დაპირება მოუსმენიათ თაიას და გიგიას. მოსულნიც და წასულნიც ბევრი უნახავთ. მთის სოფლებში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი. გველეთში კი ისევ დგას სამი საუკუნის წინ აშენებული ბანიანი სახლი, რომლის აივნიდანაც ჯერ კიდევ მოსჩანს მოწმაო. მე ლაშა ვარ ორჯონიკიძე. ეს კი კოვიდთან ერთად ცხოვრების ამბავია მთიდან.

კატეგორია - პოდკასტების სერია

"ფაქტობრივად, ონლაინ სწავლება ჩავარდა ოკუპირებულ აფხაზეთში [რაღაც პერიოდში] და სწავლება შეწყდა, ასე გამოდის... რაც შეეხება ჯანდაცვას, იმდენად გართულდა სიტუაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ საველე ჰოსპიტალის გახსნა ითხოვა და სოხუმში რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი გაიხსნა", - მაია ფიფია, "რადიო ათინათი".

ამ პოდკასტში მაია მხოლოდ პანდემიის სირთულებზე არ საუბრობს, ის ასევე გვიამბობს მათ თანამშრომლობაზე აფხაზ კოლეგებთან, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად და არამხოლოდ.




წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

- დღეს ვისაუბრებ თუ როგორ ვთანამშრომლობ აფხაზ კოლეგებთან პანდემიის პირობებში. მე ვარ მაია ფიფია, ვმუშაობ რადიო "ათინათში" და უკვე წლებია რადიოში გვაქვს ქართულ-აფხაზური ერთობლივი გადაცემები, ერთობლივი პროექტები და დღეს მინდა სწორედ ამაზე ვისაუბრო: თუ როგორ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა პანდემიის პირობებში.

 - მუშაობა, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული და იყო ბევრი რაღაც ახალი, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით. ამ პირობებში ყველაფერი რასაც ვაკეთებდით, ყველა თემა დაკავშირებული იყო პანდემიასთან, ლოქდაუნთან და აქედან გამომდინარე პრობლემებთან. ამდენად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მიმეღო ინფორმაცია და ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ახლა ოკუპირებულ რეგიონში. რა ცვლილებებია დე ფაქტო ჯანდაცვის სისტემაში. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ოფიციალური ინფორმაცია როგორც ცნობილია. აქედან გამომდინარე, როდესაც არის პარტნიორი, კოლეგა რომელიც იკვლევს ამ ყველაფერს და გაწვდის ამ ინფორმაციას, ეს უფრო დაზუსტებული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რაც შეიძლება წაიკითხო ინტერნეტ სივრცეში.

- მათთვისაც რთული იყო მუშაობა, იმიტომ, რომ ისინი ვერ გადიოდნენ ადგილზე. დისტანციურ მუშაობაზე გადავედით ჩვენც და ისინიც და საკმაოდ რთული იყო როდესაც ფოტორეპორტაჟის მომზადება უხდებოდათ ან რაღაც თემაზე მასალის მომზადება და იყო პერიოდები როდესაც ვერ გადიოდნენ. უბრალოდ ვერ გადიოდნენ. დისტანციური მუშაობა იყო და ამდენად ეს იყო მთავარი სირთულე პანდემიის პირველ პერიოდში.

- აფხაზეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ყველა მიმართულებით იყო სირთულე და პრობლემები. მაგრამ გამოვყოფდი ჯანდაცვას, განათლებას, რაც თვალში საცემი იყო. რაც შეეხება ჯანდაცვას, იმდენად გართულდა სიტუაცია რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ითხოვა საველე ჰოსპიტალის გახსნა და რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი გაიხსნა სოხუმში. იყო მიმართვა და ითხოვდნენ მოხალისეების დახმარებას, იმდენად რთული სიტუაცია იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რეგულაციების გამკაცრება დაიწყეს, თუმცა მოსახლეობა არ ასრულებდა ამ რეგულაციებს.

- საზღვარი გაიხსნა იმ პერიოდში. რუსეთიდან ფსოუზე საზღვარი გაიხსნა. ამანაც საკმაოდ გაართულა სიტუაცია, იმიტომ რომ ტურისტები შემოდიოდნენ განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე.

- მეორე რასაც გამოვყოფდი ეს იყო განათლება. სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საკმარისი რესურსი, მე ვგულისხმობ ტექნოლოგიებს, კადრებს. ფაქტიურად ონლაინ სწავლება ჩავარდა აფხაზეთში და სწავლება შეწყდა ასე გამოდის. რაღაც პერიოდის განმავლობაში სწავლა აღარ იყო. იყო მომენტი, როდესაც მივიღე ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან, რომ პედაგოგებმა ასეთ ხერხსაც მიმართეს: კლასებს ხსნიდნენ, შენობებს ქირაობდნენ და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უმცროსკლასელებს ამეცადინებდნენ.

- მანამდეც რუსეთმა გაამკაცრა კონტროლი საზღვარზე და დააწესა დამატებით დოკუმენტაცია და გადასახადები ე.წ. ექსპორტზე აფხაზეთიდან, მანდარინის ექსპორტზე. მოსავალი იყო დიდი, გაორმაგებული მოსავალი იყო, როგორც გავრცელდა ინფორმაცია შარშანდელ წელთან შედარებით. მაგრამ ბევრმა მცირე მეურნემ, რომელსაც საკუთარი ავტომობილებით გადაჰქონდა საზღვარზე, ვერ მოახერხა გადატანა და მოსავლის დიდი ნაწილი დალპა და გადაყრაც კი მოუხდათ. ეს არის ძირითადი შემოსავალი, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. რა თქმა უნდა პირადი ურთიერთობები არის, რა თქმა უნდა კითხვებს სვამენ, რა თქმა უნდა აინტერესებთ რა ხდება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით.

- თუკი ვსაუბრობთ გარკვეულ თემაზე, იგივე განათლებაზე, მათ აინტერესებთ როგორი განათლების სისტემაა აქ. რა თქმა უნდა შედარებას აკეთებენ. არის რაღაც ზღვარი, რომელსაც ჩვენ არ ვცდებით მითუმეტეს ამ სიტუაციაში, რომ შევინარჩუნოთ ეს ურთიერთობები. მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს ურთიერთობები. მსგავსი კონტაქტები და შეხვედრები კოლეგებთან. ეს აუცილებელია.

კატეგორია - პოდკასტების სერია

"პანდემია უფრო მეტად რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდეც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. პანდემიამდეც არ ზრუნავდა მათზე სახელმწიფო", - შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ანა ბაქრაძე გვიამბობს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომელთაც სახელმწიფო, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.




წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

დღეს ვისაუბრებ ადამიანებზე, რომელთა პრობლემებზეც ბოლო პერიოდში ვმუშაობდით რედაქციაში და ვისაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაუჭირდა. მე ვარ ანა ბაქრაძე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი.

ოთხი ადამიანი ცხოვრობს ერთ ოჯახში. ესენი არიან დედმამიშვილები და ოთხივეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამ ოჯახს არც პანდემიამდე ჰქონია დალხენილი ცხოვრება და ახლაც სხვაზე მეტად გაუჭირდათ. დაიკეტა ბაზრობები, რკინიგზის სადგურები, სადაც მიდიოდნენ და ვაგონს ალაგებდნენ ან ვიღაცას ბარგის გადაზიდვაში ეხმარებოდნენ. ორი ლარი იქნებოდა თუ ხუთი, მათ აძლევდნენ და საკმარისი იყო რომ ეარსებათ. რადგან ეს ყველაფერი გაჩერდა, დაიკეტა რკინიგზა და ბაზრობა და ასევე სადგურები, აღარ აქვთ შემოსავლის წყარო. ფინანსურ პრობლემებს ისიც ემატება, რომ საზოგადოებაში ასეთი ადამიანების მიმღებლობა არის ძალიან რთული. სამწუხაროდ არც სოციალური სამსახურები მუშაობენ კარგად.

როცა ამ თემის მოკვლევა დავიწყეთ ჩვენ ამ სოფელში მერის წარმომადგენელს დავუკავშირდით, ვკითხეთ ამ ოჯახის შესახებ, ეხმარებოდა თუ არა მუნიციპალიტეტი რამით. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მერის წარმომადგენელს საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ოჯახის მიმართ. ამ ოჯახის ერთერთი წევრი, 50 წლამდე ქალბატონი წლების მანძილზე მკურნალობს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იქ შეხვდა კორონავირუსი, საიდანაც გადაიყვანეს თერჯოლის კოვიდ კლინიკაში. ეს ქალბატონი გამოჯანმრთელდა და თერჯოლის ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ სახლში გაწერა. მხარდამჭერის გარეშე გამოუშვეს კლინიკიდან. ძლივს მიაგნო სახლს. როგორც ვიცი, მეზობელ სოფელში მივიდა და თანასოფლელებმა იცნეს და ჩაიყვანეს თავის სახლში.

ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ თემის მოკვლევა აღმოჩნდა, რომ დაწესებულება რომელსაც მივმართეთ, ეს ადამიანები იყვნენ უგულვებელყოფილნი. არავინ დაინტერესდა მათი მდგომარეობით საერთოდ. გვიჭირდა მათზე რაიმე ინფორმაციის მოძიება და ყველა კითხვაზე იქნებოდა ეს ფსიქიატრიული კლინიკა თუ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, გვპასუხობდნენ რომ ეს იყო პერსონალური მონაცემები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი ავალდებულებდა არ გაეცათ რაიმე ინფორმაცია მათზე. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შიდა ქართლის ცენტრში როდესაც მივედით, იქ მომუშავე ადამიანი არ მაძლევდა ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერს რომ დავკავშირებოდი და რაიმე პასუხი მათგან მაინც გამეგო, ზრუნავდნენ თუ არა ამ ადამიანზე. ასევე სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებასაც დავუკავშირდი, სადაც თერჯოლამდე ეს ქალბატონი იწვა, და ამ დაწესებულების იურისტი ასევე არ მაძლევდა კლინიკის დირექტორის ტელეფონის ნომერს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ჩვენგან გაიგო, რომ არსებობდა ასეთი ოჯახი მუნიციპალიტეტში. სოფლის ამბულატორიასაც დავუკავშირდით, რომელმაც ასევე ჩვენგან გაიგო რომ ეს ქალბატონი ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერეს. ისინი ისევ ცხოვრობენ სახლში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები. სახლი, სადაც არ არის შეშა, ღუმელი, საჭმელი და მათ ისევ ისე უჭირთ.

ჩვენ ასევე ხშირად დავდივართ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში. სადაც ასევე რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ ადამიანები, გამყოფი ზოლის სოფლებში. განსაკუთრებით კი მარტოხელა ადამიანები, რომლებსაც ოკუპაციასთან ერთად მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. გამყოფ ხაზთან ერთერთ სოფელში ცხოვრობს 56 წლის მამაკაცი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. არ ჰყავს არავინ, არც ნათესავი და ახლობელი. ცხოვრობს დანგრეულ სახლში. თუ მასთან არ მივიდა მეზობელი და არ ჰკითხა პური ხომ არ გინდა, წამალი ხომ არ გჭირდება, რა გჭირდება? თუ მეზობელმა არ მოიკითხა, თავად ვერ მივა მეზობლამდე და ვერც სოფლის მაღაზიამდე. სოფლის სამარშრუტო ტაქსს აბარებდა ქალაქიდან ამოეტანა წამალი და პროდუქტი და როცა ეს ტრასპორტიც გაჩერდა, ეს ადამიანი აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში.

ვხედავთ, რომ გაჩერდა ბიზნესი, რთულ მდგომარეობაში არიან სასტუმროები და ა.შ. ტურიზმი რეგიონებში ფაქტიურად აღარ არსებობს. ვიცით, რომ ეს დიდი დარტყმაა ეკონომიკაზე და ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ პანდემია უფრო მეტად რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. პანდემიამდეც არ ზრუნავდა მათზე სახელმწიფო. თუმცა იქნებ ახლა მაინც მივიტანით ხელისუფლების ყურამდე მათი პრობლემები, რომ ვისაც გადაადგილება უჭირს, განცხადების დაწერა არ შეუძლია, ხელის მოწერაც კი არ შეუძლია დოკუმენტზე, ამ ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. მათზე და მათ პრობლემებზე არამარტო ისაუბრონ, რეალურად უკეთესობისკენ შეცვალონ მათი მდგომარეობა.
კატეგორია - პოდკასტების სერია

როგორც აღმოჩნდა, ონლაინ სწავლება გურიაში განსაკუთრებულად გაუჭირდათ, - გიორგი გირკელიძე, ონლაინ გამოცემა "გურია ნიუსის" ჟურნალისტი ამბობს, რომ პროცესს თან ახლდა ტექნიკური სირთულეები, ინტერნეტის პრობლემები... გიორგის დაკვირვებით, გაუმართავმა პროცესებმა ყველაზე მეტად პირველკლასელები დააზარალა.

მოუსმინეთ გიორგი გირკელიძის პოდკასტს, რომელიც მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ, სერიისთვის "ცხოვრება კოვიდთან ერთად".




ან წაიკითხეთ გიორგის მონათხრობის ტექსტური ვერსია:

 

- ონლაინ სწავლებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა კონკრეტულად გურიაში, მე ვარ გიორგი გირკელიძე, ვმუშაობ გურია ნიუსში 18 წელია და გადავწყვიტე დღეს ამ თემაზე გესაუბროთ.
 
- თემა, რომელიც მე გავაკეთე, კორონა ვირუსის პერიოდში, შეეხებოდა მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის ურთიერთობას, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ მშობლები დიდად არ იყვნენ ჩართული სკოლის პროცესებში. 
 
- ახლა პირიქით მოხდა, მასწავლებელების პირდაპირი მოკავშირეები, ბავშვების შემდეგ, მშობლები გახდნენ. ონლაინ სწავლებაზე რომ გადავიდა პროცესი, მასწავლებლები ცოდნას გადასცემდნენ ბავშვებს, ამ პროცესს მშობლებიც უსმენდნენ და ფაქტობრივად, შემდეგ მშობლები უხსნიდნენ, იმიტომ, რომ დამატებით ნამდვილად სჭირდებოდათ ბავშვებს ახსნა- განმარტება.
 
- პირადად მე,  მაშინ დავრწმუნდი ამ ვირუსთან დაკავშირებით, რა სირთულეები ჰქონდა, როდესაც ჩემმა მეზობელმა თავის შვილიშვილს დაუძახა - დემეტრე შემოდი სახლში, მასწავლებელია ხაზზეო.  რაღაცნაირი სიტყვებია ხომ, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე ასეთი სიტყვები და ურთიერთობები არ ყოფილა.

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი რთული პერიოდი არც კი მახსენდება.

- ხშირად გვქონია საუბარი, რომ ყველაფერი გურიაში უნდა მოხდეს, ან გურიიდან უნდა დაიწყოს. ხშირად იყო როდესაც ბავშვები დაეხმარნენ პედაგოგებს ტექნიკური კუთხით, რადგან ტექნიკა უფრო მეტად იციან და უფრო მეტად იციან ეს ონლაინ პლატფორმებიც, სადაც ონლაინ გაკვეთილების ჩატარება შეიძლება. ინტერნეტთან დაკავშირებით ხშირად იყო პრობლემები, აქედან გამომდინარე, ხან გვიან შედიოდნენ ბავშვები გაკვეთილებზე, ხან ვერც კი შედიოდნენ და დამატებით უწევდათ ამ ადამიანებს დაკავშირება პედაგოგებთან.
 
- პირველკლასელებისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ პირველკლასელებმა ფაქტობრივად „აი ია“ ვერ ისწავლეს საკლასო ოთახებში, ამ ბავშვებს ცოტა გაუჭირდათ ანბანის და ციფრების სწავლა.
 
- ერთ-ერთ სოფელში იყო პედაგოგი, რომელმაც გადაწყვიტა, სპეციალური სახელმძღვანელო გაეკეთებინა სოფლებისთვის, რომ რამე ტექნიკური ხარვეზი რომ ყოფილიყო, მშობლებს ჰქონოდათ საშუალება გადაეცათ ინფორმაცია მოსწავლეებისთვის.
ახალი პროგრამების დაუფლება ძაან უჭირდათ, მაგრამ დროთა განამვლობაში ეს ყველაფერი აითვისეს, როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებლებმა.

- ყველამ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ისე, რომ მოსწავლეების უფლებები კორონავირუსის პერიოდში არ დაირღვეს. იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ უფლება ისწავლონ და მიიღონ განათლება.

- იმედია, რომ ამ ეტაპსაც დავძლევთ ყველა ერთად, და მსგავსი პრობლემები, რაც მაგალითად დავინახეთ ამ პერიოდში, დაძლეული და მოგვარებული იქნება.
კატეგორია - პოდკასტების სერია

 
"ბორჯომის ცენტრალურ პარკთან მომუშავე მოვაჭრეები ძალიან დაზარალდნენ, ისინი მთლიანად ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებული და რაც პანდემია დაიწყო, აღარ არიან ტურისტები... ნაწილმა მაღაზიები დაკეტა, რადგან ქირას ვეღარ იხდიდნენ", - მაია მამასტარაშვილი, ტელეკომპანია "ბორჯომის" ჟურნალისტი გვიამბობს როგორ დაზარალდნენ ადგილობრივები ბორჯომსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო. 

პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ სერიისთვის "ცხოვრება კოვიდთან ერთად". 

  • ამავე სერიის სხვა პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ ბმულზე
კატეგორია - პოდკასტების სერია
"არის ასეთი, 4-შვილიანი ოჯახი ახალქალაქში, ავაკიანების, დედა დღეში 4 ან 5 ლარად მუშაობს, უფროსი შვილი მაღაზიაში მუშაობს, რომ დედას დაეხმაროს. მეორე მეცხრე კლასის მოსწავლეა და გასული სემესტრი ვერ ისწავლა, - არც ტელეფონი ჰქონდა და არც კომპიუტერი. ამ სემესტრში დამ უყიდა ტელეფონი განვადებით, რომ გაკვეთილებს დაესწროს. ასეთ ოჯახებს სახელმწიფო თვეში მხოლოდ 120 ლარით ეხმარება", - გაიანე აკოჯიანი, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გვიყვება რა მდგომარეობაა ახალქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო.

მისი თქმით, ახალქალაქში მოსახლეობის უმეტესობა სამუშაოდ რუსეთში დადის. რადგან საზღვრები დაკეტილია, გასვლა მხოლოდ მან შეძლო, ვინც რუსეთის მოქალაქეა. წელს ვერც კარტოფილი გაყიდეს, კომენდანტის საათის გამო, მყიდველების რაოდენობაც შემცირდა და ფასიც დაბალია - 40-50 თეთრი.

კატეგორია - პოდკასტების სერია
"პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, ქუთაისში, კვების ობიექტების 30%-მა მუშობა ვეღარ გააგრძელა", - ანა ჯიქია, ჟურნალისტი ონლაინ გამოცემა "ქუთაისიპოსტიდან".

მოუსმინეთ ანას, რომელიც გვიყვება მის ქალაქში დახურულ ობიექტებზე, დაზარალებულ და უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებზე.



პოდკასტი მომზადებულია MEC | Multimedia Education Center-ის მიერ, სერიისთვის "ცხოვრება კოვიდთან ერთად".
კატეგორია - პოდკასტების სერია
"ძალიან რთულია, როდესაც შენს მსმენელს/მკითხველს ვერ აწვდი ინფორმაციას იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ჯანდაცვის სამსახური შენ არ გეკონტაქტება", - თიკო დავაძე, "რადიო მარნეულის" ჟურნალისტი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მედიასთან ურთიერთობაში დიდი ბარიერი აღმართა და პასუხი კითხვაზე - რატომ? დღემდე არ აქვთ...



ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას, რომელსაც "მედიაჩეკერისთვის" MEC | Multimedia Education Center ამზადებს. ამ პოდკასტებში რეგიონული მედიის წარმომადგენლები ყვებიან იმ სირთულეებზე, რასაც აწყდებიან მუშაობაში, ან/და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო.
კატეგორია - პოდკასტების სერია
"სამცხე-ჯავახეთში არც თუ ისე კარგად არის განვითარებული სარესტორნო ბიზნესი, ამიტომ, კვების ობიექტების უმეტესობა საერთოდ დაიხურა. რაც შეეხება ტრანსპორტს, მძღოლების უმრავლესობის ოჯახებისთვის ეს იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო, ამიტომ, დაიწყეს ალტერნატივის ძიება, ერთის მხრივ მძღოლებმა, მეორე მხრივ კი მოქალაქეებმა, რომელთაც გადაადგილების გადაუდებელი საჭიროება ჰქონდათ. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სადაც წერდნენ, ვინ სად მიდიოდა და მძღოლები და მგზავრები ასე ეძებდნენ ერთმანეთს... 

2019 წელს ბაკურიანში დაახლოებით 150 000 ტურისტი იყო ჩასული, 2020 წელს კი მაქსიმუმ 40 000. ეს შედარებისთვის, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ როგორ იზარალა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ეს იყო", - რუსუდან გვარამაძე, ახალციხის ტელევიზია, მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვების მეორე ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთში ტურისტულ დასახლებებს, სარესტორნო ბიზნესსა და ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს, ძალიან გაუჭირდათ.




პოდკასტების სერიაში, რომელსაც "მედიაჩეკერისთვის" მულტიმედია განათლების ცენტრი ამზადებს, ჟურნალისტები ყვებიან, რა გამოწვევებია მათ რეგიონებში და როგორ შეიცვალა მათი ყოველდღიური სამუშაო გარემო.

რუსუდან გვარამაძესთან ინტერვიუ ჩაწერილია 21 დეკემბერს
კატეგორია - პოდკასტების სერია
"მაღალმთიანი აჭარისთვის ონლაინ სწავლება არის გამოცდა, იმიტომ, რომ მთის სოფლებში ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი არ არის ისეთი კარგი, როგორიც ბარში. ეს უფრო გავს საშუალო განათლების მიღების იმიტაციას, ვიდრე რეალურად სასკოლო განათლების მიღების პროცესს.

ჩვენი რეპორტიორი აკვირდებოდა ხულოში, სოფელ ირემაძეებში, როგორ მიდის ონლაინ სწავლება. გაკვეთილი გაგრძელდა 20 წუთს, საიდანაც 6-7 წუთი დაიხარჯა მხოლოდ იმაზე, გესმის ჩემი ხმა, არ გესმის?! და ა.შ." - ნანა კვაჭაძე, გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტი გვიამბობს რა გამოწვევებია პანდემიის გამო აჭარაში, სადაც მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის პოლიტიკა შეიცვალა და სტატისტიკა აღარ არის გამჭვირვალე.




ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას, რომელსაც "მედიაჩეკერისთვის" მულტიმედია განათლების ცენტრი ამზადებს. ამ პოდკასტებში ჟურნალისტები ყვებიან, რა გამოწვევებია მათ რეგიონებში და როგორ შეიცვალა მათი ყოველდღიური სამუშაო გარემო.

ნანა კვაჭაძესთან ინტერვიუ ჩაწერილია 14 დეკემბერს
კატეგორია - პოდკასტების სერია

"რამდენიმე დღის წინ Abaza.tv-ს ჟურნალისტმა მოამზადა რეპორტაჟი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოზე, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოსთან ერთად კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული. ჟურნალისტი ამბობს, რომ იქ ერთი თავისუფალი საწოლიც კი არ არის და დროდადრო მათ ტრანსფორმატორის გამოყენებაც კი უწევთ, იმიტომ, რომ ენგურჰესის გაჩერების გამო აფხაზეთში ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტია. იქ როგორც საავადმყოფოს, ასევე მოქალაქეებს, "გრაფიკით" მიეწოდებათ ელექტროენერგია", - ნინო თოლორაია, ონლაინგამოცემა "ლაივპრესიდან" გვიყვება ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე.



პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ სერიისთვის - “ცხოვრება კოვიდთან ერთად”.

ინტერვიუ ჩაწერილია 7 დეკემბერს.