Fact Checker-ის შესახებ - ინტერვიუ დეივ ბლოსთან
13.05.2016
დეივ ბლოსი ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) კავკასიის რეგიონული რედაქტორია. ორგანიზაცია საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობს და მას ცალკე შტატი აქვს ე.წ. fact checker-ისთვის, ესაა ადამიანი, რომელიც ჟურნალისტების მიერ შექმნილ მედიაპროდუქტში ფაქტების სიზუსტეს ამოწმებს.

რა არის fact checker-ის არსი, როგორ მუშაობს, და რატომაა მედიასაშუალებაში ამგვარი შტატის არსებობა მნიშვნელოვანი, ამის შესახებ მედიაჩეკერი დეივ ბლოსს ესაუბრა.

დეივ ბლოსი:

ადამიანმა, რომელიც ფაქტებს ამოწმებს რედაქციაში, პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ჟურნალისტი ან რედაქტორი. ის მხოლოდ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყველა ფაქტი მასალაში გადამოწმებული იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას არანაირი საერთო არ ჰქონდეს ისტორიასთან, რომელიც მედიაპროდუქტშია მოთხრობილი. მან უნდა დასვას რაც შეიძლება მეტი კითხვის ნიშანი. მაგალითად, კავკასიის რეგიონში ფაქტების გადამმოწმებელი გვჭირდება ხუთ ენაზე (ქართულად, აზერბაიჯანულად, სომხურად, ინგლისურად და რუსულად) . პროცესში ჩართვამდე ეს ადამიანები გადიან გარკვეულ მომზადებას, ტრენინგს. ჩვენს ორგანიზაციას ასეთი 3-4 ადამიანი ჰყავს თითოეულ ქვეყანაში.

რედაქციებში ასეთი შტატის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის სანდოობის საკითხი. 50 ფაქტი რომ სწორად გქონდეს სტატიაში და 51-ე არა, სანდოობას კარგავ. ამავე დროს, თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს, ყველაზე კარგი დაცვა არის იმის ჩვენება, რომ შენი ყველა ფაქტი არის გამყარებული დოკუმენტებით, აუდიო და ვიდეო მასალით.

ამიტომაც OCCRP მოითხოვს, რომ სტატიაში ყოველი ფაქტი იყოს გადამოწმებული.

მედიაჩეკერი: მაგალითად, რა ფაქტები შეიძლება გადამოწმდეს?

დეივ ბლოსი: ვამოწმებთ ფაქტობრივად ყველაფერს: სახელ-გვარს, რიცხვებს, ადამიანის სტატუსს. ჩვენ ვხარჯავთ ბევრ დროს სტატისტიკის დამუშავებაზე, რომ დავრწმუნდეთ ციფრების ნამდვილობაში. თუ სტატიაში გამოყენებულია ციტატები, ვამოწმებთ, რათა დავრწმუნდეთ რომ ნამდვილად იმას ვიყენებთ და იმ კონტექსტში, რაც რესპონდენტმა თქვა. ფაქტების გადამოწმების პროცესში ზოგჯერ ისტორია ან ისტორიის ფოკუსიც კი იცვლება. მაგალითად, სტატია შეიძლება იყოს იმის შესახებ, რომ ვიღაცამ ძალიან ცოტა გადაიხადა რაღაცისთვის. ფაქტების გადამოწმების დროს შეიძლება აღმოაჩინო, რომ თანხა რაც გადაიხადეს, იყო სამართლიანი საბაზრო ფასი. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტი ისევ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას, შემდეგ კვლავ გადის ფაქტების გადამოწმების პროცესს და შემდეგ იბეჭდება სტატია.

მედიაჩეკერი: რამდენი ხანი სჭირდება ფაქტების გადამოწმებას?

დეივ ბლოსი: თუ ჟურნალისტი მომზადებულია, ეს შეიძლება დასრულდეს რამდენიმე საათში. სხვა შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს, რადგან ფაქტების გადამმოწმებელი სთხოვს ჟურნალისტს დაამტკიცოს ის, რაც დაწერა.

მედიაჩკერი: თქვენ დიდ ყურადღებას უთმობთ ფაქტების გადამოწმების პროცესს. ყოფილა შემთხვევა რომ რაიმე სახის შეცდომა დაგიშვიათ?

დეივ ბლოსი: მნიშვნელოვანი შეცდომა არ გვქონია. უფრო დეტალები. მაგალითად, დავწერეთ, რომ ონტარიო იყო ამერიკაში, არადა ის კანადაშია.

მედიაჩეკერი: როგორ ფიქრობთ, ფაქტების გადამოწმება ისეთი მედიაორგანიზაციითვისაა საჭირო, რომელიც საგამოძიებო მასალებს ამზადებს თუ ახალი ამბებისთვისაც?

დეივ ბლოსი: რა თქმა უნდა, ახალი ამბების ორგანიზაციებსაც სჭირდებათ ფაქტების გადამმოწმებელი სიზუსტისა და სამართლებრივი დაცვისთვის. ახალი ამბების შემთხვევაში ფაქტების გადამოწმება ხშირად დამოკიდებულია დედლაინებზე, ამ მიმართულების ჟურნალისტებს უფრო ნაკლები დრო აქვთ ამისთვის. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პატარაა გუნდი და რამდენად ცოტაა დრო. ყველა მედიაორგანიზაციას სჭირდება ფაქტების გადამოწმების საკუთარი სისტემა. ფოტო: newscafe.ge
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ