„ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ - ამაღლობელის საბოლოო სიტყვა
04.08.2025

დღეს, 4 აგვისტოს, მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი კი ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. 

„ბათუმელები”/“ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი და დირექტორი თითქმის 7 თვეა უკანონო პატიმარია. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წაიკითხეთ, მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვა სრულად:

„მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩვენს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდაც მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ სასამართლო დარბაზში მოსვლა. ერთხელ მახსოვს, ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს საქმეზე და პატიმრობაზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. ასეა ამ შემთხვევაშიც.

4 აგვისტო მონიშნული მქონდა, როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილის, – სინდისის პატიმრის, მარტოხელა დედის, – აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც კი ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. მას სოლიდარობის ნიშნად წიგნიც კი ვერ შევუგზავნე. თვეზე მეტია, ჩემს საკანშია მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”, წარწერით: ნინო, გამაგრდი, მარტო არ ხარ!

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ნინოს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, მე სრულიად ჩამოვიშალე. მიჭირს გავიხსენო, მორალისგან ასეთი დაცლილი გარემო კიდევ როდის იყო. შემდეგ გამახსენდა ნინოს სიტყვები: “მე მსხვერპლი არ ვარ” და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მჯერა, ნინო ამ გამოწვევას გაუმკლავდება და რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.

ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, ზოგჯერ მეც ამიწყლიანდება, მიცრემლდება  თვალები, ხმაში ბზარიც მიჩნდება, ენაც მებმება ზოგჯერ და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. რას ფიქრობთ, ჩემი ეს მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს? ჩემს საბოლოო სიტყვაში სათქმელი ბევრი საკითხი, დათაშვილის ფაქტის გამო,  უმნიშვნელო გახდა.

ძალიან მინდოდა, მესაუბრა “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” მისიაზე, მიუკერძოებლობაზე. თან ბატონი პროკურორი მიუთითებდა პასუხისმგებლიან ჟურნალისტიკაზე. მინდოდა მესაუბრა, დამალული ინფორმაციის და მავნე პრაქტიკის გასაჯაროებას საზოგადოებისთვის რა სიკეთე მოაქვს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე კანონში ცვლილებები შესულა და კონკრეტული მოქალაქეების სიცოცხლეც გადარჩენილა.

ძალიან მინდოდა, დღეს ვრცლად მესაუბრა სოლიდარობის მნიშვნელობაზე და რუსული კანონის მავნებლობაზე. მას რუსულს ვეძახით და მართლაც რუსულია. თუმცა დღეს ძალიან მოკლედ მხოლოდ იმ საკითხებს გაგიზიარებთ, რომელზეც მხოლოდ მე უნდა ვთქვა.

საქმის სამართლებრივ ნაწილზე ადვოკატებმა ამომწურავად ისაუბრეს. სასამართლოსაც და საზოგადოებასაც ამის დანაკლისი არ აქვს. პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო პროკურატურის მხრიდან შემოთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე. სადაც მეშვიდე თვეა, უკანონოდ გამოკეტილი ვარ, ბევრისთვის საპროცესო გარიგება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერასდროს დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანშიც აღწევდა: დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ ამ გოგოს მშობელები საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხარდა.

ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. რა სამართალია, მე პირადად არ ვიცი. 7 თვეა, ამაზე ვფიქრობ და არ ვიცი.

ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც გავმეორდები: პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და მგონია, კანონში არსებობს ჩემი ქმედების, – სილის გაწვნის – პასუხისმგებლობისთვის ადეკვატური მუხლი. მახსოვს, ერთხელ სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, ბრალდების კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებით, რომელი მუხლი ერგებაო. ამას მეკითხება პროკურორი, როცა გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა სასამართლოში საქმე, რომ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ, ჩემი აზრი არ აინტერესებდათ. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, დგებუაძის ინტერესები რომ არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართლოში. სისხლით დავიჭერო, შემპირდა, 4-დან 7 წლამდე, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. თუმცა ამას დღეს მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა სასამართლოს დროა. სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ რა სასჯელი მერგება.

ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს თქვენი სასჯელიც იქნება, ბატონო პროკურორებო. ეს იქნება ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში.

სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობები და არ მოგვცა საშუალება, კითხვები  დაგვესვა იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღემდე ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან. როცა სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს, როგორც დამნაშავეს მომიხსენიებენ. ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ ჩემზე.  საუბრობენ იმაზე, რომ აგენტი ვარ, გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს, ტრენინგებზე მასწავლეს სილის გარტყმა, დავალებით ვმოქმედებდი, ფულიც ავიღე თურმე. პოლიციის დაკნინებაზე და სისტემის ჩამოშლაზე მუშაობო. ათასი სიგიჟე და ბოდვა… ბოდიში, ამას რომ ვამბობ. არ გეგონოთ, ამას შემთხვევითი პირები ამბობენ. ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ. წინაზე ვთქვი და ვიმეორებ, რომ განსაკუთრებით აქტიურობს “ქართული ოცნების” პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე. ამიტომაც მას მინდა მივმართო:

ბატონო ირაკლი, პოლიციის რეპუტაციის შელახვას “დიფ სთეითი” არ სჭირდება. თავად იქცევიან ისე, რომ ანადგურებენ საზოგადოების ნდობას. პოლიციის ნდობის კრიზისი მაშინ შეიქმნა და მზარდია, როცა მათ რიგებში არსებულ მოძალადეებს გადაეფარეთ და არ დასაჯეთ; არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები,  როგორიცაა ჩემს კოლეგებზე – გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, შეწირულზე, ქეშელაშვილზე და სხვებზე – თავდასხმის ფაქტები. ყველას გექნებათ ეს ვიდეოები ნანახი. თავდასხმა რაც არის, რასაც უკეთებენ მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, შეწირულს, – ეს არის თავდასხმა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, იმ პირებს, რომელთაც თავზე გადაახიეთ კონსტიტუცია და უთხარით, თქვენი მომავალი ევროპაში არ არისო, თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს, დააკავეთ და სცემეთ მარშრუტკებში, არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და აღარაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ მოპყრობის გამოძიებაზე, რაც ჩემ მიმართ ჩაიდინა პოლიციამ.

ქალბატონო მოსამართლევ, მე ამის კადრები არ მაქვს და ამიტომ უნდა გთხოვოთ, წარმოიდგინეთ, რასაც მოგიყვებით და აქამდეც მომიყოლია. სრულიად მშვიდ გარემოში, მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, აწყობს ჭყლეტას და მაქცევს ნიღბიანების გარემოცვაში. ძლიერი ბიძგების შედეგად ასფალტზე ვეცემი. ფეხებით გადამივლიან, გადამთელავენ.

ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ,. ეს სილის გარტყმის შემდგომი ეპიზოდია. ფეხშიშველი, რამდენიმე წუთის წინ დაწიხლული, პოლიციის განყოფილებაში ვზივარ. ხმაურითა და გინებით ოთახში შემოვარდება პირი, მოიწევს. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე ის სახეები, ვინც ამარიდა მაშინ ამ პირის ფიზიკურ თავდასხმას. მადლობა ეკუთვნით მათ ჩემგან და იმიტომ. ეს შემოვარდნები, გინებები სამჯერ მეორდება და ყოველი მომდევნო შემოვარდნა იმაზე უფრო შეურაცხმყოფელი და აუტანელია, ვიდრე პირველი. ერთ-ერთი ასეთი შემოვარდნის დროს, როცა ახლოს მოვიდა და თავი ავწიე, შემაფურთხა სახეში. შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც საპირფარეშოში გავეყვანე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ საჯაროდ გავიმეორებდი, როგორ თქვა: “ჩაიფსას”. კადრად წარმოიდგინეთ, ეს პირი ე.წ. დაზარალებული ირაკლი დგებუაძეა.

ამის შემდეგ დამცირება, ოღონდ სხვა ფორმით, მისმა თანამშრომლებმა გააგრძელეს. ხელბორკილები დამადეს, ზურგს უკან შემიკრეს. მახსოვს, “ვივამედში” როცა ვიყავი, ტელევიზიით აჩვენეს კადრი, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს პირი. როგორც ჩანს, საჩვენებელი კადრი იყო და ხელები წინ შეუკრეს. აუხსნეს წესები. რომ ინატრებ, რომ ასე დაგაკავონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოიდგინოთ, ეს [ჩემი დაკავების ფორმა] ნორმა არ არის.

ქალბატონო მოსამართლევ, ბრალდების შეფასებისას არ გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ ქალი ვარ. პროკურორმა აღნიშნა, სხვა დროს მამაკაცმა რომ გაარტყას ხელი და უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, მაშინ როგორ მოვიქცეთო. ამიტომ არ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც იმას გაითვალისწინებთ, სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ მაქვს. ჩემი საქმის სამართლიანობის დასადგენად თქვენივე პიროვნების, თქვენივე პროფესიის პატივისცემა და ჩვენი მტკიცებულებების შესწავლაც კი საკმარისია თქვენი მხრიდან.

და მაინც, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. ამ განწყობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს და უფრო მეტს, უფლებადაცველებს. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირსიპირდა და მისი ყველა რგოლი ჩაერთო ჩემს გაშავებაში, ვისაც არ დაეზარა, ყველამ ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც ხმამაღლა, არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს, ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები, დადგება დრო და ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან.

უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, ესეც არ იქნებოდა საკმარისი იმ სიკეთის დასაბრუნებლად, რომელსაც ვღებულობ და ვგრძნობ 200 დღეზე მეტია.

ამ დარბაზში, მარცხენა მხარეს, ხშირად ვხედავ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს თუ ელჩებს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებებზე  მუშაობენ. ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათი აქ ყოფნა არასდროს აღმიქვამს ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად. ისინი აქ ჩვენი არჩევანის, საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში. მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს, კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რომელიც თქვენგან მოდის. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია, შიმშილობის დროს ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის. ბრძოლა გამარჯვებამდე!

სულ მადლობების მოხდაც არაა, ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” გუნდს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, რომ როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. დაბოლოს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ