უდანაშაულო ადამიანის ფოტო ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის TV პირველზე
12.02.2024
კატეგორია - საქართველო
ტვ პირველმა ბოდიში მოიხადა ეთერში გაშვებული ფოტოს გამო, რომელზეც თითქოს სავარაუდო დამნაშავე იყო აღბეჭდილი, არადა ის სრულიად სხვა ადამიანს ეკუთვნოდა.

მსგავსი რამ ტვ პირველზე 2022 წელსაც მოხდა, როდესაც გამოშვებაში სავარაუდო დამნაშავის ნაცვლად, სხვა ადამიანის ფოტო აჩვენეს.

რა ხდება?

9 თებერვალს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ამბავი TV პირველის 3-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა — სიუჟეტში აჩვენეს ფოტო, რომელიც თითქოს დამნაშავის უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა ადამიანი იყო აღბეჭდილი.

რატომ არის ეს პრობლემა:

  • არასწორად გამოყენებულ ფოტოს ცოტახნით თავი რომ დავანებოთ (რა თქმა უნდა, არ უნდა დავანებოთ), სახელმძღვანელო წესების მიხედვით, დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.
  • ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა, საერთოდ იყო თუ არა თემა იმდენად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი, რომ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მომხდარიყო.
  • ახლა კი ისევ არასწორ ფოტოს მივუბრუნდეთ — მედიამ ჩათვალა, რომ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება საჭირო იყო, თუმცა არ გადაამოწმა სათანადოდ და მკვლელობაში უდანაშაულო ადამიანი დაადანაშაულა.

მით უმეტეს,


ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტელევიზიამ ინფორმაცია სრულფასოვნად არ გადაამოწმა და სხვა ადამიანის ფოტო გამოიყენა.

  • 2022 წელს ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო, ტვ პირველზე, როდესაც არხმა გამოიყენა უდანაშაულო ადამიანის ფოტო ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის.
  • 2019 წელს მოქალაქემ ტელევიზიით გაიგო, რომ "მოკვდა" — მისი ფოტო აჩვენეს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში, თითქოს მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა.

წაიკითხეთ ვრცლად: როგორ უნდა გააშუქოს მედიამ კრიმინალი

როგორ მოიქცა მედია სიმართლის გარკვევის შემდეგ:

ამ დრომდეა ხელმისაწვდომი 3-საათიანი საინფორმაციო გამოშვება, მათ შორის, Youtube-ზე, სადაც სიუჟეტში რამდენჯერაა ნაჩვენების არასწორი ადამიანის ფოტო, თითქოს ის დამნაშავეა.

  • თუმცა უნდა ითქვას, რომ იმავე საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა განმარტა რომ არასწორი ფოტო გამოიყენეს და გამოქვეყნდა შესწორების განცხადებაც.

შესწორების სტანდარტის მიხედვით:


  • მაუწყებელმა ღიად და დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს დაშვებული შეცდომის შესახებ და თანაზომადი ფორმით შეასწოროს ის.
  • მაგალითად, თუ შეცდომა დაუშვეს პრაიმ ტაიმში, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ინფორმაცია ამავე გადაცემაში მეორე დღეს უნდა გავიდეს. თუმცა, რა არის თანაზომადი შესწორება, ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
  • საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შესაძლებელია, დაზუსტება უმჯობესი იყოს არა შემდეგ დღეს იმავე გადაცემაში, არამედ უახლოეს მომდევნო გადაცემაში.
  • მასალის დროულად გასასწორებლად, შესაძლებელია, გამოიყენოთ მაუწყებლის ოფიციალური გვერდი.
  • ეთერში გასული შესწორებული ვიდეო-მასალა ინტერნეტში ახალი რედაქციით უნდა აიტვირთოს ოფიციალური ვებსაიტზე და ასევე, შესწორდეს ყველა პლატფორმაზე.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ