„ფორმულა“ გათავისუფლებულ ოპერატორთან შრომით დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს
14.03.2024
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებას. სასამართლომ ტელეოპერატორ გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. ზუკა გუმბარიძის თქმით, „ფორმულა“ დავას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.

2023 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „ფორმულას“ 25 ოპერატორი გაიფიცა და ხელფასების მომატებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებდნენ, არაადეკვატური იყო. რამდენიმე დღეში ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ყველა მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. გარკვეული ხნის შემდეგ კი, ტელეოპერატორების უმეტესი ნაწილი, მოლაპარაკებების შედეგად, სამსახურში აღადგინა.

გიორგი ჯიბღაშვილმა, რომელიც სამუშაო ადგილზე არ დააბრუნეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და ტელეკომპანიას ოპერატორისათვის, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კომპენსაციის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 14 მარტის განცხადებით, ორგანიზაცია გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესების დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელებს.

მთავარი ფოტო: გიორგი ჯიბღაშვილის Facebook გვერდიდან 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ