საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
19.04.2024
კატეგორია - საქართველო


საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
შალვა პაპუაშვილის ბრძანების მიხედვით, „მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“.
პარლამენტი შესაბამის განაცხადებს 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კონკურსი პირველად 18 მარტს გამოცხადდა, თუმცა, საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა სამ წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ