პარლამენტში გუშინ, 23:00 საათიდან ამოქმედებული უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათზე გაუქმდება და მოქმედებას ყვითელი დონე დაიწყებს
02.05.2024

პარლამენტში გუშინ, 23:00 საათიდან ამოქმედებული უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათზე გაუქმდება და მოქმედებას ყვითელი დონე დაიწყებს.
 
უსაფრთხოების დამატებითი ზომების გამო საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 2 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები: ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება.

პარლამენტის ოფიციალური განცხადებით, „წითელი დონის დროს შენობაში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა".

უსაფრთხოების ყვითელი დონე კი ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს და შენობაში მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლები დაიშვებიან.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზანი პარლამენტის განცხადებით, შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებისას ონლაინ მედიის ჟურნალისტებს შენობაში სწორედ, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო არ უშვებენ.

დაწესებული შეზღუდვები მიმდინარე კვირაში ნაწილობრივ ტელემედიის წარმომადგენლებსაც შეეხოთ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი, რომელსაც მოქალაქეები ხელმეორედ დაინიცირების დღიდან აპროტესტებენ, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 30 აპრილსა და 1 მაისს სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდნენ: ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პრეცრაზმელები სცემდნენ  და აკავებდნენ აქციის მონაწილეებსაც.

დარბევის დროს, ორივე დღეს, დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი ეშლებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები