კატეგორია: ბლოგი
“ჟურნალისტი ვარ” — ვეუბნები ხოლმე ახალგაცნობილ ადამიანს და მომენტალურად თავის მართლებას ვიწყებ — “ყველა ჟურნალისტი ეგრე არ იქცევა”, “რაღაცები მეც არ მომწონს” და კიდევ არაერთი ფრაზით, რომლის გამოც, საკუთარ თავზე ყოველთვის ვბრაზდები.

რეალურად, ჩემი პროფესია მიყვარს, მომწონს, რასაც ვაკეთებ, დიდ შრომას ვდებ თითოეულ მასალაში და განვიცდი, ყველაზე უმნიშვნელო შეცდომასაც კი. ამის ფონზე, მაინც, ყოველ ჯერზე, მიწევს ჩემს ახლობლებს ავუხსნა, რას ნიშნავს ჩემთვის ჟურნალისტიკა და რომ მიზეზი, რის გამოც ეს საქმე ავირჩიე, ტელევიზორში გასული “ექსკლუზიური” და “სენსაციური” რეპორტაჟები არ არის.

ცოტა შორიდან დავიწყე, სინამდვილეში იმ ვიდეოზე ვარ გაბრაზებული, სადაც ჟურნალისტები დეპუტატს დაბადების დღეს ულოცავენ.

მგონია, ნიუსის წერას და ჩართვაზე დგომას რაღაც ეტაპზე ისწავლი. ოდესმე, უამრავი მოწოდების შემდეგ გაიგებ, რომ ფემიციდის შემთხვევისას მეზობელი არ უნდა ჩაწერო (“კარგი ბიჭი იყო, არ ვიცი რა დაემართა”). უარს იტყვი კუბოს კადრებზე და "ექსკლუზივით" სენსაციას არ მოახდენ — ოდესმე… იმედია.

მაგრამ პარლამენტში, დეპუტატს თუ სანთელს ჩააქრობინებ და დაბადების დღის სიმღერას უმღერებ, ძალიან უშავს და სერიოზულად უნდა დაფიქრდე ნამდვილად ჟურნალისტიკაა ის, რასაც უნდა აკეთებდე? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ე.წ რუსული კანონის ინიციატორს უმღერი, უმრავლესობის თუ ოპოზიციის დეპუტატს, თუნდაც ერთად გაზრდილიყავით.

პოლიტიკოსს პარლამენტში სანთლით ხელში დაბადების დღე არ უნდა მიულოცო და მორჩა.

ინტერესთა კონფლიქტს თავი რომ დავანებოთ, არაეთიკურიცაა. როგორც ჟურნალისტს, წესით, არასასიამოვნო კითხვების დასმა მოგეთხოვება, ყველას და ყველაფრის მიმართ კრიტიკულად უნდა იყო განწყობილი, მაგრამ ეს ისტერიკასა და სენსაციურობაში არ უნდა გადაიზარდოს.

პოლიტიკოსთან “ქართულ ჯიგრულ პონტში” კამერებს მიღმა მეგობრობა, არაპროფესიონალიზმია. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ როცა ირაკლი ზარქუამ სენატორს “ჩათლახი” უწოდა, არცერთ ჟურნალისტს იქვე არ მოუთხოვია განმარტება გაეკეთებინა. კადრებიც მხოლოდ მოგვიანებით, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჟურნალისტმა თიკო ერაძემ ნახა.

მგონია, ბევრ ჩემს კოლეგას ალბათ, არ მოეწონება რასაც ვამბობ, მაგრამ რაღაცები მხოლოდ მათი ბრალია და არა ტელევიზიის ხელმძღვანელების. პოლიტიკოსს უფლება და საშუალება არ უნდა მისცე შენთან ერთად ფოტო გადაიღოს, ხელი ჩაგირტყას, ჩაცმულობაზე კომპლიმენტი გაგიკეთოს. არავის — არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან.

საქართველოში ჟურნალისტების პოლიტიკაში და შემდეგ ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნების დიდი “ტრადიციაც” გვაქვს, რაც თავშივე განწირულია. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია რიგითი მაყურებლის/მკითხველის ნდობა შეინარჩუნო. ნდობა კი გადამწყვეტია ნებისმიერი მედიისთვის და რიგითი ჟურნალისტისთვის.

გაბრაზებული ვარ იმის გამოც, რომ ჩემი კურსელებიდან რამდენიმემ ამ პროფესიაში საზოგადოების ნაწილის სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო არ დაიწყო მუშაობა. ჩემი კოლეგების ნაწილმა სხვა სფეროში წასვლა აირჩია, ზოგი ქვეყნიდან წასვლას განიხილავს, ან უკვე წავიდა. მიკროფონთან კი ის “პროფესიონალები” რჩებიან, პარლამენტში დეპუტატს სანთლით ხელში დაბადების დღის სიმღერას რომ უმღერიან.

ბოდიში! უბრალოდ ძალიან გავბრაზდი..
კატეგორია: ბლოგი
მე, როგორც ჟურნალისტი, ინფორმაციას ვეცნობი ყველგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. ქართული რეალობის გათვალისწინებით კი Facebook ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რესპონდენტების მოსაძებნად და ამბების გასაგებად.

მაგრამ, არის ერთი დიდი "მაგრამ"...

არ შეიძლება, სოციალურ ქსელში მოქალაქის დაწერილი პოსტი მედიამ საზოგადოებამდე მიიტანო როგორც ამბავი. არ აქვს მნიშვნელობა, ნიუსის დასაწყისში უთითებ, თუ არა სიტყვებს “მოქალაქის ინფორმაციით”.

ერთ-ერთი მთავარი, რაც მედიას მოქალაქისგან განასხვავებს, არის გადამოწმების ვალდებულება. ამასთან, მოდი ვაღიაროთ, რომ გადამოწმებისთვის ჟურნალისტებს მეტი შესაძლებლობაც გვაქვს.

რატომ ვწერ ამას? იმიტომ, რომ “მთავარმა არხმა” ფეისბუკზე დადო "ქარდი" წარწერით - “მოქალაქის ინფორმაციით, ნინო წილოსანმა კახეთში, კუდიგორის მთა მოჭრა და სახლი ააშენა”. ფოტო, რომელზეც ე.წ. მოჭრილი მთა ჩანს, ასევე მოქალაქის გავრცელებულია.

ყველაზე მარტივია, ამ დროს მასთან დარეკო, ვისზეც ინფორმაციას ავრცელებ. მიუთითო, რომ წილოსანმა გავრცელებული ინფორმაცია უარჰყო, ან კითხვაზე არ გიპასუხა. მაგრამ ამის არანაირი მცდელობა არც პოსტზე და არც აღწერაში არ ჩანდა.

ნუ, ვთქვათ, ვერ დარეკეს წილოსანთან, კახეთი არც ისე შორსაა, რომ ასეთი ამბის გასაშუქებლად ადგილზე მიხვიდე და რაიმე საშუალებით გადაამოწმო ეს “მოქალაქის ინფორმაცია”.

ის, რომ ამბავს მტკიცებით ფორმაში არ წერ, პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს.

მთავარმა არხმა პოსტი დაახლოებით ერთ საათში ჩაასწორა. დავუშვათ რომ ამბის ასე გაშუქებისას მედიამ “შეცდომა დაუშვა”, არსებობს შესწორების სტანდარტი. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა.

“მთავარმა არხმა” შესწორებაში მიუთითა: “მოქალაქის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას შემდეგ რაც, "მთავარმა არხმა" გავრცელებული ინფორმაცია გააშუქა, პოსტს გამოეხმაურა ნინო წილოსანიც, რომელმაც ინფორმაციას "მთავარი არხის" მიერ "მოგონილი ტყუილი" უწოდა. ამის შემდეგ კი მოქალაქემ აღნიშნული პოსტი წაშალა”.

მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაშიც სასურველია, მედიამ ახსნას, რატომ მოიქცა ასე.

არ ვამტკიცებ, რომ “მოქალაქის ინფორმაცია” სიმართლე არ არის, შეიძლება არის კიდეც. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მსგავსი ინფორმაცია გადამოწმებულ ამბად აქციო, სადაც წყაროებიც გეყოლება. ამ შემთხვევაში საკუთარ მაყურებელთან/მკითხველთან მართალი იქნები.

მე, როგორც რიგით მკითხველს ქარდმა იმაზე გაცილებით მეტი კითხვა გამიჩინა, სწორია თუ არა ინფორმაცია, ვიდრე რეალურ პრობლემაზე - ე.წ. მთის მოჭრაზე.
კატეგორია: ბლოგი
საზოგადოებრივი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო. მაგრამ ყველაფერს საჯარო ინტერესით მაინც ვერ გაამართლებ.

ჩემი დაკვირვებით, კრიმინალის გაშუქებისას ტრაგედიის რეიტინგად ქცევის “სურვილი” ხშირია. მედიასაშუალებებს ავიწყდებათ, რომ მათი ამოცანა საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის.

ჟურნალისტები მოქმედებენ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ამხელენ დანაშაულს, ხელს უშლიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ააშკარავებენ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

რატომ ვსაუბრობ ამაზე? იმიტომ, რომ 4 მაისს თბილისში სროლა იყო. შეიარაღებული პირი მოქალაქეს მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. ცეცხლი გახსნა ბიზნესმენის დაცვამაც და თავდამსხმელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაცვას ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წაუყენეს.

ბუნებრივია, ეს ამბავი უნდა გაშუქებულიყო, მაგრამ საკითხავია როგორ.

მედიას ხშირად ავიწყდება, ან არც იცის, რომ კრიმინალის ცალკეული შემთხვევა პანიკისგან დაცლილად, მთავარი პრობლემის გამოკვეთით და სწორი აქცენტების დასმით უნდა გაშუქდეს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

ტელევიზიებმა თავდაპირველად სროლის კადრები კონტექსტის გარეშე გააშუქეს:

  • “მთავარმა არხმა” მათ მიერ “ექსკლუზიურად მოპოვებული” ვიდეომასალა გაავრცელა — "დაბლარული" მხოლოდ იარაღი იყო და ყველა პირის იდენტიფიცირება შეიძლებოდა.
  • უშუალოდ მკვლელობის კადრი ცალკე ვიდეოდ დადეს “რუსთავი 2-მა” და “TV პირველმა”.

ტელევიზიები თითქოს ვიდეოს მეშვეობით ადასტურებდნენ, რომ თავდამსხმელს მეორე იარაღიც ჰქონდა, მაგრამ მასალა პანიკისგან და სენსაციისგან დაცლილი მაინც არ იყო, კონტექსტი აკლდა - აქცენტი კეთდებოდა მკვლელობის ფაქტზე თან ეს ხდებოდა მანამ, სანამ გამოძიების დეტალები გაირკვეოდა.

მედიას შეეძლო ეს კადრები მოეპოვებინა, შეენახა, მაგრამ მის გამოქვეყნებამდე რედაქციას უნდა ემსჯელა, რა ზიანი შეიძლება მოჰყოლოდა მკვლელობის კადრების ასე გავრცელებას.

მსგავსი კადრის გავრცელება გამართლებულია, თუ ტელევიზიამ მას იყენებს სიუჟეტისთვის სადაც ჰყვება რა და როგორ მოხდა, განმარტავს, და სვამს კითხვებს იყო თუ არა ეს დაცვის წევრის მხრიდან ძალის გადამეტება, თუ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მაგრამ ასეთ დროსაც კი, კადრები აუცილებლად უნდა იყოს რედაქტირებული, დაბლარული და აუდიტორიას არ სთავაზობდეს ღია ძალადობის ამსახველ მასალას.

კონტექსტის, გააზრებისა და კითხვების დასმის გარეშე გაშუქებული კრიმინალი კომერციული, წმინდად რეიტინგზე გათვლილი გადაწყვეტილებაა და რა საჯარო ინტერესი. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მედიამ ტრაგედია სენსაციად აქცია, ან მკვლელობის კადრები ეთერში “ექსკლუზიურად” გაუშვა. ალბათ, თავის მოტყუება იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყო და ასეთი რამ აღარ მოხდება.

ჟურნალისტებმა კარგად უნდა გაითავისონ პასუხისმგებლობა, რისკები, საფრთხეები და ზიანი, რაც კრიმინალური ამბების არასწორ გაშუქებას შეიძლება მოჰყვეს.

არის საერთაშორისო პრაქტიკა, რა დროს აშუქებს მედია სროლისა და მკვლელობის კადრებს. ასეთი იყო, მაგალითად, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის, 2016 წელს კი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა.

დავუშვათ, მედია მიხვდა, რომ ამბავი სტანდარტების დარღვევით გააშუქა და სროლის კადრები ეთერში არ უნდა გაეშვა, ან სოციალურ ქსელებში არ უნდა განეთავსებინა. რა ხდება ასეთ დროს? არსებობს ჩასწორების სტანდარტი, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ეს ეფექტური არ არის. საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია ინტერნეტისა და სოციალურ ქსელების გამო.

სოციალურ ქსელებში ერთხელ დადებული კადრი, ვიდეო შესაძლებელია, ვერასდროს გააქრო ინტერნეტსივრციდან. მედიამ ვიდეო რომც წაშალოს, ის მაინც გავრცელდება, რადგან მისი ჩამოტვირთვა და თავიდან ატვირთვა ნებისმიერ მომხმარებელს წამებში შეუძლია.

ასეთ ეპოქაში თითოეულმა რედაქციამ კიდევ უფრო მეტად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ჟურნალისტიკა მხოლოდ ფაქტის გავრცელება არ არის, ესაა ინფორმაციის მიღება, გააზრება და ისე გაშუქება, რომ მან საზოგადოების ინტერესი არ დააზიანოს. ნახვები კომერციულად მომგებიანია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მედიისთვის რეპუტაციის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს.