სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?
08.11.2021
ხშირად მედიას საჯარო ინტერესი ცნობისმოყვარეობაში ეშლება. ზოგ შემთხვევაში, ამ ორის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო.

2000 წელს, დიდ ბრიტანეთში, 9 წლის სარა პეინის მკვლელობის შემდეგ, გაზეთმა The News of the World-მა დაიწყო კამპანია, სახელწოდებით “Name and Shame”. ტაბლოიდი პედოფილიაში მსჯავრდებულების ფოტოს, სახელისა და გვარს, მისამართს და სხვა პირად ინფორმაციას აქვეყნებდა და ამას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნიდა.

The News of the World ირწმუნებოდა, რომ კამპანიის მიზანი ბავშვების უსაფრთხოება იყო და პედოფილების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციების გამჟღავნებით მშობლები თავიანთი შვილების დაცვას შეძლებდნენ. 

მსჯავრდებული პედოფილების სიების გამოქვეყნებისთანავე ხალხმა ერთ-ერთი მათგანის სახლს ქვები დაუშინა. სამიზნეები გახდნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებიც, რომლებიც გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტოებს მიამსგავსეს.

ამით გამართლდა სამართალდამცავებისა და უფლებადამცველების ვარაუდი, რომლებიც შიშობდნენ, რომ შესაძლოა, თავდასხმის ობიექტები უდანაშაულო ადამიანები გამხდარიყვნენ. კამპანიას აკრიტიკებდნენ პროფესიულ წრეებშიც.

საჯარო ინტერესის მოტივით დაწყებული კამპანია, რომელმაც უდანაშაულო ადამიანებიც ჩააგდო საფრთხეში, პროტესტისა და დისკუსის შემდეგ დასრულდა და გაზეთმა მსჯავრდებული პედოფილების პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება შეწყვიტა.

რამდენად იყო საჯარო ინტერესის საგანი The News of the World-ის კამპანია? ამ კთხვაზე საპასუხოდ, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რა არის საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი.

რა არის საზოგადოებრივი ინტერესი?

საზოგადოების ცნობისმოყვარეობა გაცილებით იოლად ასახსნელია ვიდრე საზოგადოებრივი ინტერესიო, ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე: „ადამიანებს ყველაფერი აინტერესებთ. ეს არის ადამიანური სისუსტე - ზედმეტად ცნობისმოყვარეები ვართ”.

საზოგადოებრივი ინტერესი არ არის მხოლოდ ის, რაც მკითხველს, მსმენელსა თუ მაყურებელს აინტერესებს.

ეთიკური ჟურნალისტიკსი ქსელის (Ethical Journalism Network-ის) თანახმად, “ჟურნალისტიკა დემოკრატიაში ცენტრალურ როლს თამაშობს. ის აძლევს ადამიანებს საჭირო ინფორმაციას დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად“.

შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი არის ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი და სასიკეთოა საზოგადოების წევრებისთვის. ჟურნალისტის გამოწვევა კი ის არის, რომ სწორად განსაზღვროს, რა არის მნიშვნელოვანი და რისი ცოდნა სჭირდება რეალურად საზოგადოებას.

ბევრი ადამიანი შეიძლება დაინტერესებული იყოს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით და ნაკლებად აინტერესებდეს, ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად - საჯარო სერვისები, ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი, და ა.შ.

როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან საჯარო ინტერესი და ცნობისმოყვარეობა?

კინგსტონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორი ბრაიან კეტკარტი წერს, რომ ერთ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ რაღაცას, რასაც აქვს პოტენციალი, რომ სიკეთე ან ზიანი მოგვაყენოს, მეორეში შემთხვევაში კი - ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს.

კეტკარტის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებუულ მასალაში ვკითხულობთ, რომ პრაქტიკოსი ჟურნალისტების არგუმენტი - თითქოს, შეუძლებელია საზოგადოებრივი ინტერესის განსაზღვრა, არგუმენტად არ გამოდგება. რადგან, სინამდვილეში, ყველა შესაბამის ორგანოს (Ofcom, BBC, პრესის საჩივრების კომისია) ეს უკვე განსაზღვრული აქვს და ძირითად პრინციპებზე ყველა ჯერდება:

ჟურნალისტები მოქმედებენ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც:
  • ამხელენ დანაშაულსა და უსამართლობას და საზოგადოებას საფრთხისგან იცავენ.
  • ხელს უშლიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
  • ააშკარავებენ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში

ბრაიან კეტკარტი მიიჩნევს, რომ, როდესაც ბევრი პრაქტიკოსი ჟურნალისტი ვერ ერკვევა რა არის საზოგადოებრივი ინტერესი, ეს, საუბედუროდ, ჟურნალისტიკის მძიმე მდგომარეობას ასახავს. ხშირად კი რეალურ დაბნეულობას ის იწვევს, რომ მედიამენეჯერები თუ რედაქტორები კომერციულ მიზნებს საზოგადოებრივ ინტერესზე წინ აყენებენ.

საჯარო ინტერესი და პირადი ცხოვრება

2018 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო პოეტ ზვიად რატიანის დაკავების კადრები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ, არხის ჟურნალისტებს ქარტიის მეათე პრინციპის დარღვევა დაუდგინა: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ამ გაშუქების ეთიკურობაზე მსჯელობისას, დაადგინა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გავრცელებული ვიდეომასალა მნიშვნელოვანი კითხვებს პასუხგაუცემელად დატოვებდა და მაყურებელმა მხოლოდ ის გაიგო, რომ “მთვრალი რატიანი პოლიციას აგინებდა”.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ „მაღალი დაცულობის ინფორმაციის გავრცელების ან არ გავრცელების შეფასების კრიტერიუმი იმის განსაზღვრაა, თუ რამდენად ეხმარება ეს მასალა საზოგადოებას განვითარებაში, რამდენად ცვლის თვითმართველობას, ჩვენს ყოფას”.

ამ საქმის განხილვიდან მალევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია მიედიისთვის, რომლის მიხედვითაც, „მედიასაშუალებებმა ყველა მსგავს შემთხვევაზე ინდივიდუალურად განიხილონ გამოქვეყნების მაპროვოცირებელი და ხელშემშლელი გარემოებები, დეტალურად გაიაზრონ გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს“.

მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა შესაძლოა მართლაც მისცეს ჟურნალისტს უფლება, შეიჭრას ადამიანის პირად ცხოვრებაში, თუმცა მედიამ ყველა ასეთი შემთხვევის დროს საჯაროდ უნდა დაუსაბუთოს აუდიტორიას, რატომ გადაწყვიტა  პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ჟურნალისტს უფლებას აძლევს, დაუსვას მძიმე კითხვები ძალაუფლების მქონე ადამიანებს, თუ საჭიროა, შეიჭრას სხვების კონფიდენციალურობაში და გასცდეს კიდეც ეთიკის საზღვრებს სიმართლის დასადგენად. თუმცა, ასეთ შემთხვევებში, ჟურნალისტმა მიზეზები მკაფიოდ უნდა განუმარტოს საზოგადოებას.

„როგორც ჟურნალისტებს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია დავარღვიოთ კანონები ან ჩვენი კოდექსი, თუ ველით, რომ საზოგადოებას მივაწვდით იმაზე მეტს, ვიდრე ცნობისმოყვარეობის ან ემოციის დროებითი დაკმაყოფილებაა”, - წერს ბრაიან კეტკარტი.

არ არსებობობს ფორმულა, რომელიც ყოველთვის მუშაობს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, დაარსებიდან დღემდე სულ 32 საქმეზე აქვს დადგენილი მეათე პრინციპის დარღვევა.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც, ერთი შეხედვით, ორ მსგავს საქმეზე, თვითრეგულირების ორგანოს სხვავდასხვა გადაწყვეტილება გამოუტანია.

მაგალითად, 2021 წლის მარტში ქარტიის საბჭომ “მთავარი არხის” და “TV პირველის” ეთერში გასული სიუჟეტებზე, რომლებიც ადამიანის ტრაგედიას ასახავდა, მეათე პრინციპის დარღვევა დაადგინა.

სადავო ვიდეოში ნაჩვენები იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარი, რომელიც, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

საბჭომ დაადგინა, რომ ამ ვიდეოს შინაარსი მაყურებელს არ აძლევდა დამატებით ინფორმაციას მედდის გარდაცვალების მიზეზების ან მიმდინარე გამოძიების შესახებ. შესაბამისად, ამ კადრების გავრცელება გაუმართლებელი იყო.

2018 წელს კი, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ტყიბულის შახტაში დაღუპული ერთ-ერთი მუშის ჭირისუფლის გლოვას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დარღვევა არ დაადგინა. „ვინაიდან მოვლენის მნიშვნელობამ, მონაწილე პირებმა, მგლოვიარე პირის მოწოდებებმა ვიდეო კადრებს შესძინა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, გამართლდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გამოქვეყნება” - წერია ქარტიის დასკვნაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე დაყრდნობით, მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას, მინიმუმ, ამ კითხვებზე უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა:
  • რას და ვის ამხელს ეს მასალა?
  • რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიის წამოწყებას?
  • შეიძლება თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა ამ დეტალების გარეშე?
  • რა დამატებით ინფორმაციას გვაძლევს მასალა?
  • რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
„არ არსებობობს ფორმულა, რომელიც ყოველთვის მუშაობს“, - ამბობს ზვიად ქორიძე, - „ეს არის მუდმივი დილემა, რომელიც აქვს ჟურნალისტს და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაჭრას”.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ