კატეგორია: ბლოგი
2017 წლის 31 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ბათუმში გარდაცვლილი დედა- შვილის პოვნის შესახებ. ინფორმაციაში მითითებული იყო გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც: „მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილი გაიყინა“. ამ ინფორმაციამ ცხადია, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის სირცხვილია, მისი მოქალაქე ელექტროენერგიის არქონის გამო გარდაიცვალოს. ინფორმაციამ მძლავრი ნეგატიური ტალღა წარმოშვა. მეორე დღეს, იმავე ვებსაიტზე განთავსდა და ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამავე ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა. მასალა შეიცავდა სხვადასხვა პირთან ინტერვიუს. რესპონდენტების ნაწილი გამორიცხავდა, რომ გარდაცვალების მიზეზი გაყინვა იყო. მათივე თქმით, გარდაცვლილ პირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ.

იყო თუ არა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები 31 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ? ერთი შეხედვით კი, ჟურნალისტს ჰყავდა წყარო - მეზობლები და მათზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ თუ დეტალურად შევაფასებთ, მსგავს მოცემულობაში ჟურნალისტს გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია არ უნდა გაევრცელებინა.

როდესაც ვამბობთ, რომ ჟურნალისტი ინფორმაციის გავრცელებისას უნდა დაეყრდნოს წყაროს, იგულისხმება, რომ წყარო რელევანტური უნდა იყოს. კერძოდ, უნდა ივარაუდებოდეს, რომ წყაროს, გარემოებებიდან გამომდინარე, ჰქონდა და აქვს საშუალება, რომ ჟურნალისტს მიაწოდოს სწორი, კომპეტენტური ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მეზობლები“ არ წარმოადგენენ ისეთი ლეგიტიმაციის წყაროს, რომლებმაც შეიძლება დაადგინონ გარდაცვალების მიზეზი.

გარდაცვალების მიზეზის შესახებ ჟურნალისტს ინფორმაცია უნდა მიეღო კომპეტენტური პირებისაგან. „ახალი ამბის“ ხასიათიდან გამომდინარე, თეორიულად დასაშვებია, რომ კომპეტენტური პირისაგან ჟურნალისტი ვერ იღებდა დადასტურებულ ინფორმაციას [მაგალითად ექსპერტიზა არ იყო ჯერ ჩატარებული], ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთოდ გარდაცვალების მიზეზის მითითება. სასწორის პინაზე ერთის მხრივ, დევს ინფორმაციის სისწორე და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი. ფაქტთან და გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი არსებობდა, მაგრამ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია იმდენად არარელევანტურ წყაროზე დაყრდნობით იყო გავრცელებული, რომ ჟურნალისტს თავი უნდა შეეკავებინა მიზეზის დასახელებისაგან.

ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნები სტანდარტების ფორმალური დაცვით არ მიიღწევა. ჟურნალისტმა ასევე უნდა შეაფასოს წყაროს და ინფორმაციის სანდოობა და ის ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.
კატეგორია: ბლოგი
ბოლო დღეებში ინტერნეტში გავრცელებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა ვიდეო ჩანაწერმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რა მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა, შეგვახსენა, რომ თუ საზოგადოება არ გამოხატავს მძლავრ პროტესტს მსგავსი ფაქტის მიმართ, მომავალში შეიძლება, მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს.

ვიდეოს გავრცელებამ უკმაყოფილება გამოიწვია ხელისუფლების მიმართ, რომელმაც რეალურად, ამ დრომდე ვერ უზრუნველყო სხვა მსგავსი ფაქტების გამოძიება და ახალის გამოქვეყნების აღკვეთა. არანაკლები პროტესტის ობიექტი გახდა ზოგიერთი ის მედიასაშუალება, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იდენტიფიცირებული იყო სავარაუდო პირი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერიც გამოქვეყნდა.

ვიდეომასალის YouTube-ზე განთავსებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც მედიასაშუალებებს მოუწოდა: არ გაავრცელონ არც ერთი კადრი სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაა. ამასთან არ შეუწყონ ხელი პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ დაასახელონ ვიდეოზე ასახული პიროვნების სავარაუდო ვინაობა, ასევე არ გაავრცელონ მისამართი, სადაც ამ მასალის ნახვა შეიძლება.

ქარტიის განცხადება სრულად შეესაბამებოდა ქარტიის საბჭოს პრაქტიკას და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპს: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

პრინციპის შინაარსიდან ნათელია, რომ ჟურნალისტური ეთიკა ავტომატურად არ გამორიცხავს ჟურნალისტის უფლებას, გაავრცელოს პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია თავად ამ პირის თანხმობის გარეშე, მაგრამ აქვე არსებობს ტესტი - განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

არსებობს თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი, ეს უნდა შეფასდეს გონივრული, ლოგიკური და ობიექტური განსჯის შედეგად... და მხოლოდ საზოგადოების წევრების ცნობისმოყვარეობა, იცოდნენ სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ, არ შეიძლება ჩაითვალოს საჯარო ინტერესად.

ინტერესი იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შეიცავს ისეთ ფაქტებს, რომლებიც ხელყოფს კანონით გარანტირებულ სიკეთეს ან გვეხმარება ასეთი სიკეთის ხელყოფის სააშკარაოზე გამოტანაში (მაგალითად, ასახულია სავარაუდო სამართალდარღვევა ან უთითებს ასეთ სამართალდარღვევაზე და ა.შ.) საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება ასევე იყოს, თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შეიცავს ისეთ ანტისოციალურ ქმედებას, რომელიც კონკრეტული პირისათვის შეუფერებელია ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებისაკენ მიმართულ საზოგადოებაში (მაგალითად საჯარო პირი შეურცხყოფს სხვას თანამდებობრივი/სოციალური მდგომარეობის გამოყენებით და ა.შ).

კონკრეტულ შემთხვევაში გარცელდა, სავარაუდოდ, საჯარო პირის ინტიმური შინაარსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი გამოირიცხება, რადგან ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია დამატებით არაფერს მისცემდა საზოგადოების წევრებს, გარდა სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ სასწორის პინებზე დავდებთ საზოგადოების ცნობისმოყვარეობას (და არა ინტერესს) და პირის, თუნდაც საჯარო პირის, უფლებას, რომ მისი განსაკუთრებით ინტიმური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იყოს დაცული, ეს უკანასკნელი უფლება ცალსახად გადაწონის. თან იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ.

აქედან გამომდინარე, მედიასაშუალების მიერ იმ სავარაუდო პირის დასახელება, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციაც გავრცელდა, წარმოადგენდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევას. მაგრამ ასევე მიუღებელი და არალოგიკური იყო ხელისუფლების დემარში ერთ-ერთი მედია საშუალების მიმართ, რომელმაც მართალია თავიდან დაარღვია ეთიკური პრინციპი, მაგრამ მალევე მოხსნა მასალა და ბოდიშიც მოიხადა. დიდი ალბათობით, ხელისუფლებამ სცადა გარკვეულ მეხამრიდად გამოეყენებინა ეს მედიასაშაულება და საზოგადოების პროტესტი მასზე გადაენაწილებინა.
კატეგორია: ბლოგი
მედია, გარკვეული გამონაკლისების გარდა, წარმოადგენს ბიზნესის ერთ-ერთ სახეს და შესაბამისად, სხვა ძირითად თუ ფაკულტატურ მიზნებთან ერთად,ორიენტრიებულია შემოსავლის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის მთავარი და სპეციფიკური ფუნქციაა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შეძლებისდაგვარად ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზოგადოების წევრებს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება. ზუსტად ეს ფუნქცია გამოარჩევს მედიას ბიზნესის სხვა სახეობებისაგან და დამატებით ეთიკურ ვალდებულებებსაც უწესებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედიას, როგორც ბიზნესს, სჭირდება შემოსავლები და ასეთი შემოსავლების ერთ-ერთი სახეა რეკლამა. თავის მხრივ, რეკლამის განთავსების წესებს მედიაში განსაზღვრავს მედიის ეთიკური ვალდებულებები, რომელთა თანახმად სარეკლამო მასალა მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისაგან.

მედიაპროდუქციის მომხარებელს აქვს მოლოდინი, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ობიექტური, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა, რათა მიგვეღო ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. რეკლამის არსი კი საპირისპირო მიზანს ატარებს - რეკლამის დამკვეთმა სუბიექტურად დადებითი კუთხით უნდა წარმოაჩინოს თავისი პროდუქცია და შესაბამისად, სარეკლამო ტექსტის მიმართ არ არსებობს მოლოდინი, რომ გამოკვლეული და შეფასებულია ყველა ის გარემოება, რომელიც დაგვეხმარება ობიექტური არჩევნის გაკეთებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ინფორმაციის მიმღებს, ანუ აუდიტორიას, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განასხვაოს სარეკლამო მასალა სარედაქციოსაგან.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს რეკლამის და სპონსორობის ცნებებს.

რეკლამა– საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში– საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით.

საკანონმდებლო განმარტებებიდან ცალსახად ჩანს, რომ როგორც რეკლამა, ისე სპონსორობა თავისი ხასიათით გულისხმობს ისეთ მასალას, რომელიც მიმართულია პროდუქციის ან/და მომსახურების წარმოსაჩენად, მათი რეალიზაციის წახალისების/ცნობადობის ამაღლების მიზნით. ასეთი მასალის გამოსარჩევად საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს მასალის (R)ნიშნით აღნიშვნა, იმ წინაპირობით, რომ შესაბამის მედიასაშუალებაში თვალსაჩინო ადგილას განმარტებული იქნება, თუ რას ნიშნავს (R) ნიშანი.

გარდა ცალსახად სარეკლამო/სასპონსორო მასალის განთავსებისა, აპრობირებული პრაქტიკაა მედიასაშუალებისათვის თანხის გადახდა, რათა ამ უკანასკნელმა განათავსოს კონკრეტული პირის მოსაზრება/პოზიცია/შეფასება [ე.წ. „დაკვეთილი მასალა“]. ზუსტად მსგავსი შემთხვევები გახლავთ მთავარი გამოწვევა ეთიკური მედიისათვის. სტანდატული სარეკლამო/სასპონსორო მასალა ადვილად განირჩევა სარედაქციო მასალისაგან, მაგრამ დაკვეთილი მასალის გარჩევა სარედაქციოსაგან პრობლემას წარმოადგენს, რადგან მასში, ხშირ შემთხვევაში, აღწერილია ფაქტები და გარემოებები, მოცემულია შეფასებები და პოზიციები, შესაბამისად ჩნდება განცდა, რომ დაკვეთილი მასალა ჟურნალისტმა თავისი ეთიკური მოვალეობების [ობიექტურობა, ფაქტების გადამოწმება და ა.შ.] გათვალისწინებით მიაწოდა საზოგადოებას, სინამდვილეში კი ასე არაა და მომხმარებელი ტყუვდება, რადგან სტატია შეკვეთილია.

ამასთან, შესაძლოა, დაკვეთილი სტატია შეიცავდეს ცილისმწამებლურ განცხადებებს, და პირს, რომელსაც ეხება ეს განცხადებები, უნდა ჰქონდეს საშუალება, ზუსტად განსაზღვროს - ვინ არის პასუხისმგებელი მასალაზე.

თუ მედიასაშულება გადაწყვეტს საფასურის სანაცვლოდ გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია,რომელიც თავისი არსით არ არის წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო მასალა, ეთიკური ვალდებულებების შესრულების მიზნით მან ცხადად უნდა მიუთითოს იმის შესახებ, რომ მასალაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა; ცალსახად და ვრცლად უნდა იყოს ხაზგასმული, რომ გამოქვეყნებული მასალა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ ატარებს სხვა პირის ინტერესს და უნდა აღინიშნოს - ვის მიერ დაფინანსდა მასალის გამოქვეყნება.