საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი არარელევანტურ წყაროზე დაყრდნობით
02.02.2017
2017 წლის 31 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ბათუმში გარდაცვლილი დედა- შვილის პოვნის შესახებ. ინფორმაციაში მითითებული იყო გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც: „მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილი გაიყინა“. ამ ინფორმაციამ ცხადია, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის სირცხვილია, მისი მოქალაქე ელექტროენერგიის არქონის გამო გარდაიცვალოს. ინფორმაციამ მძლავრი ნეგატიური ტალღა წარმოშვა. მეორე დღეს, იმავე ვებსაიტზე განთავსდა და ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამავე ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა. მასალა შეიცავდა სხვადასხვა პირთან ინტერვიუს. რესპონდენტების ნაწილი გამორიცხავდა, რომ გარდაცვალების მიზეზი გაყინვა იყო. მათივე თქმით, გარდაცვლილ პირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ.

იყო თუ არა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები 31 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ? ერთი შეხედვით კი, ჟურნალისტს ჰყავდა წყარო - მეზობლები და მათზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ თუ დეტალურად შევაფასებთ, მსგავს მოცემულობაში ჟურნალისტს გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია არ უნდა გაევრცელებინა.

როდესაც ვამბობთ, რომ ჟურნალისტი ინფორმაციის გავრცელებისას უნდა დაეყრდნოს წყაროს, იგულისხმება, რომ წყარო რელევანტური უნდა იყოს. კერძოდ, უნდა ივარაუდებოდეს, რომ წყაროს, გარემოებებიდან გამომდინარე, ჰქონდა და აქვს საშუალება, რომ ჟურნალისტს მიაწოდოს სწორი, კომპეტენტური ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მეზობლები“ არ წარმოადგენენ ისეთი ლეგიტიმაციის წყაროს, რომლებმაც შეიძლება დაადგინონ გარდაცვალების მიზეზი.

გარდაცვალების მიზეზის შესახებ ჟურნალისტს ინფორმაცია უნდა მიეღო კომპეტენტური პირებისაგან. „ახალი ამბის“ ხასიათიდან გამომდინარე, თეორიულად დასაშვებია, რომ კომპეტენტური პირისაგან ჟურნალისტი ვერ იღებდა დადასტურებულ ინფორმაციას [მაგალითად ექსპერტიზა არ იყო ჯერ ჩატარებული], ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთოდ გარდაცვალების მიზეზის მითითება. სასწორის პინაზე ერთის მხრივ, დევს ინფორმაციის სისწორე და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი. ფაქტთან და გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი არსებობდა, მაგრამ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია იმდენად არარელევანტურ წყაროზე დაყრდნობით იყო გავრცელებული, რომ ჟურნალისტს თავი უნდა შეეკავებინა მიზეზის დასახელებისაგან.

ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნები სტანდარტების ფორმალური დაცვით არ მიიღწევა. ჟურნალისტმა ასევე უნდა შეაფასოს წყაროს და ინფორმაციის სანდოობა და ის ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.

ბლოგის ავტორი : დავით კლდიაშვილი, იურისტი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ