ე-სა და ა-ზე დაბოლოებული სახელების კვეცა - „განსაკუთრებით მძიმე“ შემთხვევა
03.02.2018
წესის თანახმად, კვეცადია ე-სა და ა-ზე დაბოლოებული სახელები. წესი მარტივია და გასაგები. დასამახსოვრებლადაც ასეა - კვ-ე-ცადი-ა ის სახელები, რომლებიც ბოლოვდება ე-სა და ა-ზე, მაგრამ ვახსენებთ თუ არა ჯადოსნურ სიტყვას „გამონაკლისები“ - სიტუაცია მყისიერად იცვლება და იწყება ამ გამონაკლისების უსასრულო ჩამონათვალი.

კვეცაზე და არსებულ გამონაკლისებზეც ჩვენს ერთ-ერთ წერილში უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად „უსასრულო ჩამონათვალის“ მორიგ „ულუფას“ შემოგთავაზებთ.

მარიხუანის თუ მარიხუანასი?

მარიხუანა თანამედროვე ქართულ წერით და ზეპირ მეტყველებაში გამოიყენება ფსიქოაქტიური ნარკოტიკული საშუალების აღსანიშნავად. ამ აღმნიშვნელს ვერ ნახავთ ვერც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, ვერც ორთოგრაფიულში ( იგულისხმება ბეჭდური გამოცემები, მათ შორის 2017 წლის ორთოგრაფიული ლექსიკონი ჟურნალისტებისთვის). ცხადია, რომ სიტყვა უცხოური ენების გავლენითაა დამკვიდრებული და დღესდღეობით კანაფის სინონიმად მოიაზრება.

მედიასაშუალებებში ორივე აღმნიშვნელი ( კანაფი და მარიხუანა) გვხვდება. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ირჩევენ ფორმას - მარიხუანა. კვეცადია თუ არა ეს სიტყვა? რომელია სწორი ფორმა - მარიხუანას(ი) თუ მარიხუანის? რით უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუ შესაბამისი ნორმა არც ერთ სახელმძღვანელოში არ განიხილება?

სიტყვა მარიხუანა ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში განიმარტება, როგორც კანაფი, რომლისგანაც მზადდება მოსაწევი ფსიქოაქტიური პრეპარატი. ამავე წყაროს მიხედვით, სიტყვა მე-19 საუკუნეშია დამკვიდრებული ინგლისურ ენაში და ლათინო-ამერიკული ესპანურისგან უნდა მომდინარეობდეს.

ვერსია იმის შესახებ, რომ აღმნიშვნელი დაკავშირებულია ადამიანის საკუთარ სახელებთან - ხუანი და მარია - არ დასტურდება სანდო წყაროებში.

სხვა ენებში სიტყვის დამკვიდრება სწორედ ინგლისური ფორმის გავლენით უნდა მომხდარიყო. ასე მოხვდა აღმნიშვნელი მარიხუანა ქართულშიც.

იმის გასარკვევად, უნდა შეიკვეცოს თუ არა მოცემული სახელი, გავიხსენოთ კვეცის წესები:

როგორც უკვე აღინიშნა, უნდა შეიკვეცოს ა-სა და ე-ზე ფუძედასრულებული სახელები.

კვეცა არ ეხება ადამიანის საკუთარ სახელებს, ასევე იმ სახელებს, რომლებშიც ბოლოკიდური ა მაწარმოებლის ფუნქციას ასრულებს ( დედოფალა, ცისარტყელა და ა.შ.).

არ იკვეცება ე ხმოვანზე დაბოლოებული უცხოური წარმოშობის საზოგადო სახელები და ასევე უკვეცელია ნათესაური კავშირის აღმნიშვნელი სიტყვები: მამა, დედა, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და ა.შ. თუ იგულისხმება მთქმელის საკუთარი მამა, დედა, ბებია...

ჩამოთვლილ გამონაკლისებში არსად გვხვდება მცენარეთა აღმნიშვნელი ა-ზე დაბოლოებული სახელები. გავიხსენოთ, მაგალითად, სახელი პალმა. ბრუნების დროს ის არანაირ თავისებურებას არ ამჟღავნებს და ჩვეულებრივ იბრუნვის არსებული უნივერსალური წესის თანახმად.

იგივე წესი უნდა გავრცელდეს სიტყვა მარიხუანის ბრუნებისასაც. მარიხუანა - ა ხმოვანზე დაბოლოებული სახელია, რომელიც მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებითში უნდა შეიკვეცოს.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ