პირდაპირი და ირიბი ნათქვამი - სახელმძღანელო წესები
31.08.2021
საინფორმაციო საშუალებების უმთავრესი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. მკითხველისთვის, მსმენელისა და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია რას და როგორ მიაწვდიან მას.

ეს „როგორ“ განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტორია, რადგან ბუნდოვანი, გრამატიკულად და ტერმინოლოგიურად გაუმართავი და სინტაქსურად დაუხვეწავი ტექსტის გაგება და გააზრება რთულია.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ენა საგანგებო დაკვირვებასა და შესწავლას საჭიროებს. ამ წერილში შევეცდებით რამდენიმე ტიპობრივ შეცდომასა და სინტაქსურ-სტილისტიკურ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. დავაკვირდებით, როგორ „იკარგება“ აზრი რთულ, ჩახლართულ აბზაცში, რას იწვევს სინტაქსისა და სტილისტიკის წესების უგულებელყოფა და რისი გათვალისწინებაა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისას.

სანიმუშო აბზაცი:

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციულია დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რა არის ამ აბზაცის მთავარი გზავნილი?

მინისტრის თქმით, თევზჭერის ინდუსტრია ტრადიციული დარგია და ამ დარგის მხარდასაჭერად ამუშავდება პროგრამა. სახელმწიფო შეიძენს 14 ახალ თევზსაჭერ გემს და განაახლებს გემების არსენალს.

ამ ინფორმაციის გადმოსაცემად ჟურნალისტმა:

• გამოიყენა პირდაპირი და ირიბი ნათქვამის უცნაური კომბინაცია

• სიტყვასიტყვით გადმოსცა მინისტრის მიერ შეცდომით ნათქვამი წინადადებები („მიმდინარეობს გემის შეძენა“ და „მიმდინარეობს მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება“?!)

• მოკლე, ინფორმაციული ტექსტის ნაცვლად გრძელი, შეცდომებიანი აბზაცი შემოგვთავაზა.

რა არის და როგორ გადმოიცემა პირდაპირი და ირიბი ნათქვამი? ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მედიასაშუალებები ხშირად გვაუწყებენ, რა „განაცხადა“ ან „აღნიშნა“ ამა თუ იმ პირმა. სახელმძღვანელო წესები:

პირდაპირი და ირიბი ნათქვამი

ვისიმე ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს უცვლელად, სიტყვასიტყვით და ამას პირდაპირი ნათქვამი ეწოდება. პირდაპირ ნათქვამს ახლავს ავტორის დამაზუსტებელი სიტყვები, რომლებიც მკითხველს აუწყებენ, ვინაა მთქმელი. ავტორის სიტყვები შეიძლება წინ უსწრებდეს ან მოსდევდეს პირდაპირ ნათქვამს.

ირიბნათქვამიანი წინადადებები მედიამეტყველებაში ნაკლებად გვხვდება. ირიბი თქმისას სხვისი ნათქვამი შეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი. არსით ეს რთული ქვეწყობილი წინადადებაა (ავტორის ნათქვამი მთავარი წინადადებაა, ირიბნათქვამიანი კი - დამოკიდებული) და წესის თანახმად, წინადადებების გასაყარზე მძიმე აუცილებელია.

თანამედროვე ქართულ ჟურნალისტურ მეტყველებაში მეტად გავრცელებულია პირდაპირი თქმის სტილი, როცა ავტორის სიტყვები მოსდევს პირდაპირ ნათქვამს. თუმცა ხშირ შემთხვევაში გრამატიკული წესები უგულებელყოფილია.

სამახსოვრო:

1. თუ პირდაპირ ნათქვამს მოსდევს ავტორის სიტყვები, წინადადებათა შორის მძიმე იწერება;

2. მესამე პირის ნათქვამის გადმოცემა სხვათა სიტყვის ნაწილაკი ო-ს გამოყენებითაცაა შესაძლებელი. ნათქვამის გადმოცემის ამ ხერხს მედიაში ამბის თხრობისას იშვიათად იყენებენ, არადა სხვათა სიტყვის გადმოცემა -ო ნაწილაკის დართვით მეტად გასაგებსა და უშუალოს ხდის ტექსტს.

3. სხვათა სიტყვის ნაწილაკი ტექსტში გამოიყენება მხოლოდ ერთხელ (რაც არ უნდა ვრცელი იყოს სხვათა ნათქვამი!). სხვათა სიტყვის ნაწილაკი დაერთვის მხოლოდ ბოლო სიტყვას. გასათვალისწინებელია, რომ ჟურნალისტური ტექსტი განსხვავდება მხატვრულისგან, ამიტომ ამ წესის დაცვა მნიშვნელოვანია;

4. იმ შემთხვევაში, თუ წინადადება გრძელია, პირდაპირ ნათქვამსა და ავტორის სიტყვებს შორის შეიძლება დაიწეროს ორწერტილიც;

5. ნაწილაკიანი სხვათა სიტყვა ბრჭყალებში ჩაისმის მხოლოდ მაშინ, თუ ის ციტატას წარმოადგენს. ნაწილაკი აუცილებლად უნდა დაიწეროს ბრჭყალების შიგნით.

სანიმუშო აბზაცი

ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 28 და 29 აგვისტოს, 12:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაატარებს COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ უნიკალურ კამპანიას, ვაქცინაციის სპეციალური მობილური ჯგუფები კი აცრიან აცრის მსურველებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "კამპანია იმითაა მიმზიდველი, რომ ის ადგილობრივებს სთავაზობს „ერთიანი კავკასიის“ პროფესიონალურ მუსიკას სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმიდან და ინფორმირებულ განცხადებებს ვაქცინაციის შესახებ როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. კამპანიის ფარგლებში, ასევე, დარიგდება საინფორმაციო ფლაერები ვაქცინაციის მნიშვნელობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. აქცია მოიცავს ისეთ სოფლებს, როგორიცაა სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო და სხვა. მოცემული საპილოტე კამპანია მიზნად ისახავს საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობას და შემდგომშიც განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

• აბზაცი დიდია.

• აზრი - ბუნდოვანი.

• მნიშვნელოვანი ცნობები გადმოცემულია რთული სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით.

• ტექსტის ავტორი ინფორმაციის გადმოცემისას პირდაპირი ნათქვამის ხერხს იყენებს. ავტორის სიტყვები აქაც მოსდევს პირდაპირ თქმას („პოპულარული ჟურნალისტური სტილი“ დაცულია!)

• ტექსტი უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. მაგალითად, რას გულისხმობს პროფესიონალური მუსიკა და რას ნიშნავს პროფესიონალური მუსიკის შეთავაზება?

რას ნიშნავს „სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმა“?

რას ნიშნავს „ინფორმირებული განცხადებები ვაქცინაციის შესახებ“?

მკითხველს ისღა დარჩენია, იმარჩიელოს.

რა გავიგეთ?

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – (რა საჭიროა აქ „ისეთ სოფლებში, როგორიცაა“? სრულიად ზედმეტია!) სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო – ჩატარდება უნიკალური კამპანია. უნიკალურობა, როგორც ჩანს, ვაქცინაციის მუსიკის თანხლებით ჩატარებაში გამოიხატება. ყოველ შემთხვევაში, ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ მოცემული არეულ-დარეული და გაუმართავი ტექსტიდან. მითითებულია ასევე თარიღი და დრო ( ეს გასაგებია).

მსგავსი შეცდომებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

სამახსოვრო

• წერტილი მნიშვნელოვანი და საჭირო სასვენი ნიშანია. ინფორმაციის მოკლედ და გასაგებად გადმოცემისას რთული სინტაქსური კონსტრუქციების ნაცვლად სასურველია გამოვიყენოთ მარტივი წინადადებები და „შევიყვაროთ“ წერტილი.

• სამეტყველო სტილი უნდა იყოს სადა, გასაგები, მკაფიო, ნათელი.

• საინფორმაციო ტექსტმა უნდა გასცეს პასუხი უმთავრეს კითხვებს: ვინ? რა? როდის? სად? რატომ? რა მიზნით? რის საფუძველზე? ცნობა, ინფორმაცია დაინტერესებულ პირს სრულ წარმოდგენას უნდა უქმნიდეს მომხდარზე ან მოსახდენზე, მიზეზებსა და მიზნებზე.

მშობლიური ენის წეს-კანონების, გრამატიკული ნორმების ცოდნა და დაცვა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა. ამასთან, მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და მეტყველების ზოგად კულტურაზე. ეს პასუხისმგებლობას უნდა მატებდეს ჟურნალისტს.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ