17.12.2019
კატეგორია - ეთიკა
სპორტულმა ვებგვერდებმა worldsport.ge, lelo.ge, sportall.ge, popsport.com, sarbieli.com, croco.ge და გამოცემა allmedia.news-მა ქართველი
ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, ჩაწყობილ თამაშებთან კავშირზე
დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელეს. აღნიშნულმა გამოცემებმა
რამდენიმე ევროპულ სპორტულ გამოცემაზე დაყრდნობით დაწერეს, თითქოს,
ჩოგბურთის გახმაურებულ სკანდალში ქართველი სპორტსმენიც ფიგურირებს.
ვებგვერდების ნაწილი კი იმასაც წერდა, რომ უცხოური გამოცემები
პირდაპირ ადებდნენ ხელს ქართველ სპორტსმენს. მიუხედავად მძიმე
ბრალდებებისა, არც ერთ მასალაში არ ჩანდა მცდელობა, რომ გამოცემებს
დამატებითი არგუმენტები მოეძიებინათ და ინფორმაცია თავად ნიკოლოზ
ბასილაშვილთანაც გადაემოწმებინათ.საქმე ეხება ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალს, ჩოგბურთის ჩაწყობილ მატჩებს, რომელშიც, სავარაუდოდ, 135 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამბავი თავდაპირველად გერმანული ტელეარხის ZDF-ის ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რის შემდეგაც ბელგიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მაგალითად, worldsport.ge წერს, თითქოს “სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთი ჩოგბურთელი რეიტინგის საუკეთესო 30-ეულშია და ATP-ის სამი ტიტული აქვს მოგებული.

გამოცემას ინფორმაციის წყაროდ Gazzetta Dello Sport-ის მასალის ნაცვლად, ჰიპერლინკად მითითებული აქვს tenniscircus-ზე გამოქვეყნებული სტატია. “მედიაჩეკერმა” ორივე გამოცემის მიერ ჩოგბურთის სკანდალთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები გადაამოწმა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Gazzetta Dello Sport-ი გაყიდული მატჩების საქმეში ბასილაშვილის ბრალეულობაზე პირდაპირ მიანიშნებს და მის სახელს მანამდეც უკავშირებდნენ გარიგებულ მატჩებს, არცერთი ზემოთაღნიშნული გამოცემის გვერდზე არ იძებნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ფეისბუკ პოსტი Worldsport.ge-ის გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა გამოცემამ გამოაქვეყნა. სპორტსმენის გამოხმაურება გამოცემების ნაწილმა თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალას დაურთო თან, ნაწილმა sportall.ge-მ და allmedia.ge-მ კი ბასილაშვილის ფეისბუქ პოსტი ცალკე ახალ ამბად გამოაქვეყნა და თუ მკითხველი მხოლოდ პირველ ახალ ამბავს ნახავს, მისთვის ბასილაშვილის პოზიცია ისევ უცნობი, ამბავი კი არაზუსტი იქნება.