„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სტუდია მონიტორმა“,
„საქართველოს ამბებმა” და მათმა ხელმძღვანელებმა 15 მაისს,
საკონსტიტიციო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომლითაც „უცხოეთის
აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება და დავის დასრულებამდე
კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერებაა
მოთხოვნილი.
„ქართულმა ოცნებამ” 1 აპრილს მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებენ. მოსარჩელეების განცხადებით, ე.წ. FARA საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გზით.
„„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს“.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა მის იდენტურ ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს.
„სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსაგან განსხვავებით წარმოადგენს საერთო სამართლის ქვეყანას. საერთო სამართლის ქვეყნებს ახასიათებს ფართოდ ფორმულირებული ტერმინები, ვინაიდან ამ სამართლებრივ სისტემაში სამართალია ის, რასაც სასამართლო დაადგენს (Marbury v. Madison, 5 U.S. 137 (1803). კონტინენტური სამართლის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, თავად კანონის ტექსტი უნდა იძლეოდეს სამართლებრივი ვალდებულების დადგენის შესაძლებლობას. ჩვენი სისტემა ფუნდამენტურად გამორიცხავს იმგვარი ზოგადი ნორმის მიღების შესაძლებლობას, სადაც კანონმდებლის ფუნქციას მოსამართლე კისრულობს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ნორმებს, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა ხდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენს სისტემაში ხდება საერთო-სამართლის ინსტიტუტების გადმოღება, არ არის საკმარისი საერთო სამართლის ქვეყნის კანონის თარგმნა. აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული საერთო სამართლის ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა. აშშ-ს სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დონორისაგან დაფინანსების მიღების ფაქტი, თავისთავად, არ აქცევს მის მიმღებს დონორის მითითების ან კონტროლის ქვეშ მყოფ სუბიექტად. ასეთ შემთხვევაში სუბსიდიის მიმღებს არ მოეთხოვება დონორის აგენტად რეგისტრაცია. კორპორაციები, რომლებიც იღებენ უცხოელი პრინციპალებისაგან ფინანსურ დახმარებას, ისე რომ არ ექვემდებარებიან უცხოური პრინციპალის კონტროლს, არ არიან აგენტები FARA-ს მიზნებისათვის“.
წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმსარულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს ზრდის.
„ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოსა და პროკურატურას, არსებობს რეალური საფრთხე, რომ FARA-ს ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, გამოიყენებს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოების სხვადასხვა დაჩაგრულ ჯგუფს, ეწინააღმდეგენიან სისტემურ წამებას, ამხელენ ,,ქართული ოცნების” ანტი-ევროპულ კურსს, კორუფციულ გარიგებებს, აშუქებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ადამიანის უფლებათა დამაზიანებელ პრაქტიკებს და სხვა“.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ,,ქართული ოცნების” ფარას დებულებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ქმნის რეალურ საფრთხეს, ის დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების გასაჩუმებლად და დასასჯელად გამოიყენონ.
„ამას ადასტურებს ის ფართო ინტერპრეტაციებიც, რომლებიც ამ კანონთან მიმართებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კანონის ამოქმედებიდან წარმოშობილი მყისიერი და გამოუსწორებელი ზიანი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები“.
სარჩელის ავტორებს არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწრაფად და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა, მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლის ყველა ფორმა უნდა გამოიყენონ.
დამატებით იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:
FARA სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე არ ვრცელდება - SJC
„არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს,“ - სამოქალაქო საზოგადოების განცხადება