აფგან სადიგოვს გზის გადაკეტვის საბაბით, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
23.10.2025

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აფგან სადიგოვი, რომელსაც ოჯახი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აღმოჩნდა. მისი ადვოკატის, მარიამ ყველაშვილის თქმით, სადიგოვი 22 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, სახლთან დააკავეს და მხოლოდ გამთენიისას გაიგეს, რომელ იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

„აპირებდა რუსთაველის გამზირზე აქციას შეერთებოდა. ადგილზე, სახლთან დააკავეს, დახვდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი… ადგილზე არ განუმარტავთ მისთვის უფლებები და მხოლოდ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაიგო, რატომ იყო დაკავებული. ასევე, რომ მოვინახულე დღეს იზოლატორში… მითხრა, რომ მე ვურეკავდი მას ტელეფონზე და როცა დაინახა, რომ ჩემი ზარი იყო შესული, პოლიციელებს უთხრა, რომ ადვოკატი რეკავდა და მიეცათ შესაძლებლობა, რომ ადვოკატს დალაპარაკებოდა, მაგრამ არ მისცემს ამის უფლება…სამწუხაროდ, გამთენიისას გავიგეთ, ზუსტად სად იყო გადაყვანილი და დღეს ვნახეთ“, - ამბობს ყველაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს იცავს, აფგან სადიგოვი განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს ის რამდენიმე საათი ჰყავდათ ავტომობილში მოთავსებული და ხელებზე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილი. 

„თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის დროს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ვიდეომასალა, სადაც ადგილზე მყოფ პირებს მოუწოდებდნენ გზის გათავისუფლებისკენ ქართულ ენაზე. მიუხედავად ადვოკატის განმარტებისა, რომ აფგან სადიგოვს არ ესმის ქართული ენა, მოსამართლემ აღნიშნული გარემობა არც კი შეაფასა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებები და სასამართლო პრაქტიკა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ფაქტობრივად ახდენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებას საქართველოში. გაუმართლებლად მაღალი სახდელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დაბალი პროცედურული სტანდარტების ფონზე, ქმნის ადამიანის თავისუფლებებში უხეში და აგრესიული ჩარევის მაღალ რისკებს და მოქალაქეს სრულიად დაუცველს ტოვებს რეპრესიული სახელმწიფო აპარატის წინაშე.

მოცემულ შემთხვევაშიც, აფგან სადიგოვის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი მიზანი პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯა უფროა“, - წერს ორგანიზაცია. 

სევინჩ სადიგოვამ ინფორმაცია რომ მეუღლეს, აფგან სადიგოვს ვერ უკავშირდებოდა, გუშინ, საღამოს გაავრცელა. 

„დღეს ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, უნდა წასულიყო საქართველოს პარლამენტის წინ, რათა მონაწილეობა მიეღო აქციაში, რომელიც უკვე 329-ე დღეა მიმდინარეობს. თუმცა, მას შემდეგ რაც სახლიდან გავიდა, მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. გუშინ და გუშინ წინ აფგანმა მითხრა, რომ მას უთვალთვალებდნენ. როგორც ჩანს, ეს ილჰამ ალიევის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმების მხრიდან კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესიაა“, - დაწერა სადიგოვამ სოციალურ ქსელში.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, შარშან დააკავეს. სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.

სადიგოვი მეოთხე ჟურნალისტია, რომელსაც აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ