ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელს, „დროების“ ოპერატორ ნიკა პატარაიას, გზის გადაკეტვის საბაბით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „მან დილით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო „ფორმულას“ ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის იზოლატორიდან გამოსვლის კადრები“.
დღეს წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა „ფორმულას“ წამყვანმა ვახო სანაიამაც. მას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაისაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული ქეთა ციცქიშვილსაც.
24 ოქტომბერს დააკავეს და გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას. ამავე საბაბით 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული „ფორმულას“ ჟურნალისტს, ცირა ჟვანიას.
გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ წამყვანს, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. მის მეუღლეს, ჟურნალისტ მაიკო ბოკერიას კი ამავე საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 23 ოქტომბერს, გზის გადაკეტვის საბაბით, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვსაც.
გუშინ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.
