მულტიმედია
საზმაუს წინააღმდეგ „რეალური სივრცის“ თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა დასრულდა - გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის - „რეალური სივრცის“ თანამშრომლების: ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია, ტუხა კვინიკაძე ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი გადაწყვეტილებას ხვალ, 20 აპრილს გამოაცხადებს.

„პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ. სასარჩელო მოთხოვნებში ასევე მითითებულია, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ პირვანდელ სამუშაოზე მათი აღდგენა შეუძლებელია, მოპასუხეს უნდა დაევალოს ტოლფასი, მათივე კვალიფიკაციისა და სატელევიზიო გამოცდილების შესაბამისი სამუშაოთი უზრუნველყოფა. ხოლო, თუ აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა შეუძლებელია, მოითხოვენ თითოეული მოსარჩელისთვის კომპენსაციის დაკისრებას 36 თვის ხელფასის ოდენობით. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის, ანდრო კიკნაველიძის განმარტებით, ტოქშოუ „რეალურ სივრცეს“ საპროექტო ვადა 2025 წლის 1 მაისს ამოეწურა, ხოლო ამ ვადის ამოწურვამდე განვითარებული მოვლენების, მათ შორის გადაცემის წამყვანისა და სახის სამუშაოდან გათავისუფლების გათვალისწინებით, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რეალური სივრცის“ საპროექტო ვადა აღარ გაგრძელებულიყო. გადაცემის დახურვამ და შესაბამისად მის ფარგლებში სამუშაოს შესრულების საჭიროების არარსებობამ კი წარმოქმნა ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობა, რომელიც გულისხმობდა ამ გადაცემაში დასაქმებულ თანამშრომელთა სხვა, ალტერნატიულ პოზიციაზე გადაყვანას. მას შემდეგ კი, „რაც მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს შეთავაზებაზე, მოპასუხემ მიიღო მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება“.

კიკნაველიძემ 6 აპრილის სასამართლო სხდომაზე „რეალური სივრცის“ თანამშრომლების მიერ  შრომის დისციპლინის შესაძლო დარღვევის ფაქტების დადგენის მიზნით დაწყებულ წარმოებასა და იმ განცხადებებსა და ინტერვიუებზეც ისაუბრა, რომლებიც „მნიშვნელოვნად ლახავდა სახოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას და ასევე, ობიექტურობას“.

მისი თქმით, ამ დისციპლინური წარმოების ფარგლებში „დადასტურდა, რომ ხსენებულ პირთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დამსაქმებლის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელებას. შესაბამისად, მათ მიმართ სამუშაო პოზიციისა და გავრცელებულ ცნობათა სიმძიმის გათვალისწინებით, გატარებულ იქნა შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები“. 2025 წლის 11 აპრილს გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თამარ მშვენიერაძესა და იოსებ კაციტაძეს კი საყვედური გამოუცხადეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის განმარტებით, „რეალური სივრცის“ თანამშრომლებმა საჯარო განცხადებებით თავი საზოგადოების წინაშე მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიურ მხარდამჭერებად წარმოაჩინეს, რამაც გადაცემის დისკრედიტაცია მოახდინა და გადაცემის ობიექტურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურობასთან დაკავშირებით არსებული კითხვების  და ა.შ. გადაწყდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, რომ ასეთი სახის გადაცემა ვერ უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული მიზნების შესრულებას და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გამყარებას. გამომდინარე აქედან, საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნებისა და კანონით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, მაუწყებლის წინაშე დადგა ორგანიზაციული ცვლილების განხორციელების გარდაუვალი საჭიროება, რომლის ფარგლებშიც მაუწყებლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ საჯარო განცხადებათა შედეგად დისკრედიტირებული და რეპუტაციაშელახული გადაცემისთვის აღარ გაეგრძელებინათ საეთერო ვადა. ვინაიდან ხსენებული გადაცემის საპროექტო ვადა აღარ გაგრძელდა, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ამავე გადაცემაში დასაქმებულ თანამშრომელთა შემცირების ან მათთვის ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზების საკითხი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მთავარ ინტერესს მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება წარმოადგენდა, მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ სხვა, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის თანამდებობებზე, რის უზრუნველსაყოფადაც მათ გაეგზავნათ შესაბამისი შეთავაზებები…

მოსარჩელეებმა საკუთარი ნებით უარი განაცხადეს შეთავაზებული პოზიციების დაკავებაზე. მოსარჩელეთა უარი არ ყოფილა განპირობებული იმით, რომ შეთავაზება არ შეესაბამებოდა მათ ცოდნას ან გამოცდილებას. მათი უარი შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენდა ერთგვარ სოლიდარობას გადაცემის იმ წამყვანის მიმართ, რომელიც სამუშაოდან იქნა გათავისუფლებული. ამდენად, ამ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო როლები აღარ არსებობდა, მეორე მხრივ, მოსარჩელეები უარს აცხადებდნენ ალტერნატიული, ტოლფასი პოზიციის დაკავებაზე, ერთადერთი ლოგიკური და ლეგიტიმური გადაწყვეტილება, რაც შესაძლებელი იყო დამსაქმებელს მიეღო, ეს იყო მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კიკნაველიძემ სასამართლო სხდომაზე.

მოსარჩელეების პოზიცია

„რეალური სივრცის“ ყოფილი კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის თქმით, ისინი არათუ ბღალავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას, არამედ ასრულებდნენ მათ პროფესიულ მოვალეობას და იცავდნენ მანდატს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ყველა ადამიანს აქვს. მისი შეფასებით, მენეჯმენტის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც მოპასუხე მხარეც ესწრებოდა, მე დამისვეს ასეთი კითხვა: ვგრძნობ თუ არა, რომ ვნებ და ვღალავ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას? მე მაშინ გავეცი ძალიან მარტივი პასუხი და ახლაც ასე მჯერა: არ არსებობს ჩემს ხელთარსებული, ჩემამდე მოსული, მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული თანამშრომელი ვიყავი და არ მგონია, რომელიმე ჩემმა კოლეგამ გაიხსენოს, თვისობრივი ან რაოდენობრივი კვლევა, რომელიც გვეტყვის როგორია საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი ან რეპუტაციის აღქმა საზოგადოებაში. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ზეპირად იმაზე, ჩვენი საჯაროობით შევბღალეთ თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია. თუ ასეთი კვლევა ჩატარდება და თუ ამის გამოკვლევით მართლა დაინტერესდებით, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ გაანალიზდეს 2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის დამოკიდებულება და დაისვას შეკითხვა, უნდოდა თუ არა საზოგადოებას მაშინ, რომ ეხილა ერთმანეთზე გადამტერებული, აბსოლუტურად პოლარიზების და რადიკალიზების პიკში, ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოების ერთ სტუდიაში ხილვა და იმის ნახვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხმარობს ყველა ღონეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შორის დიალოგი შედგეს. ეს არის ის, რაც შემიძლია ვთქვა“.

ქეთევან კაპანაძემ, „რეალური სივრცის“ ყოფილმა პროდიუსერმა კი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თქვა, რომ გადაცემის დახურვის შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა მათ მრავალწლიანი სატელევიზიო გამოცდილებისა და კვალიფიკაციისთვის სრულიად შეუსაბამო პოზიციები (ვებგვერდზე, რადიოსა და პრომოციის ჯგუფში) შესთავაზეს: 

„მიღებული შემოთავაზებების შინაარსი ასეთი იყო: ან ამას მოაწერთ ხელს, ან თქვენთან წყდება ხელშეკრულება… „საღამო მშვიდობისას“ უმცროსი რედაქტორობიდან დავიწყე, სულ ცოტახანი ვიმუშავე სხვა არხზე, შემეცნებითი მიმართულების 8 გადაცემას ვხელმძღვანელობდი, ყველა ტიპის გადაცემა მიკეთებია: სამედიცინო, სოციალური, პოლიტიკური, კულინარიული, ლიტერატურული, BBC-ის რამდენიმე პროექტის პროდიუსერიც ვიყავი და ჩემმა მენეჯმენტმა გამომიგზავნა შეთავზება, რომ შენი კვალიფიკაციის და ცოდნის შესაბამისი არისო, გთავაზობთო პრომოუშენში გადასვლას. გლეხურად რომ გითხრათ, ეს არის სხვა გადაცემების, არხზე რაც გადის, იმის რეკლამირება. ეს იყო სრულად მიზანმიმართული შემოთავაზებები, რომელზეც იცოდნენ, რომ ჩვენ უარს ვეტყოდით. არც ჩვენი კვალიფიკაციის შესაბამისი არ იყო, პასუხშიც მივუთითე და მივწერე, რომ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ შესაბამისი წინადადება ვერ გამომიგზავნეთ-მეთქი. ჩვენთან კავშრიში არაა ეს შემოთავაზებები“.

მოსარჩელეების ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ეს საქმე რიგითი შრომითი დავის ფარგლებს  სცდება და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს შრომის კოდექსის იმპერატიული დანაწესების უხეში, მიზანმიმართული ხელყოფის კლასიკურ პრეცედენტს. ის მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიმართ ჩადენილი ქმედება არის არა სამართლებრივი პროცედურა, არამედ სამართლებრივი ფიქციაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს: „განსხვავებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დასჯას ე.წ. რეორგანიზაციის თვალთმაქცური საბაბით“.

იასაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქმეში „რამდენიმე იურიდიული აბსურდია“. მისი თქმით, აქტის პრეამბულაში ტოქშოუ „რეალური სივრცის“ საპროექტო ვადის ამოწურვაა მითითებული, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში გათავისუფლების საფუძვლად - საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ ცვლილებებს და სამუშაო ძალის შემცირებას.

„საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, მოსარჩელეები 2022 წლის 30 დეკემბრიდან ფლობენ უვადო შრომით ხელშეკრულებებს. სამართლის დოგმატიკის თანახმად, იურიდიულად შეუძლებელია უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა „პროექტის ვადის ამოწურვის“ საფუძვლით. დამსაქმებელმა ხელოვნურად მოახდინა ორი სრულიად შეუთავსებელი ინსტიტუტის: ვადიანი ხელშეკრულების გასვლისა და ორგანიზაციული ცვლილების ჰიბრიდიზაცია. ეს არ არის უბრალო პროცედურული ხარვეზი, ეს არის კანონის ბოროტად გამოყენება დასაქმებულთა უკანონო დათხოვნის ლეგიტიმაციის მიზნით“.

ადვოკატის თქმით, კიდევ ერთ იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს საშტატო განრიგის გარეშე სამუშაო ძალის შემცირება: „მოპასუხე ორგანიზაციას არასდროს ჰქონია და არც ამჟამად გააჩნია დამტკიცებული საშტატო ნუსხა. შეუძლებელია სამართლებრივად შეამცირო ის, რაც იურიდიულ ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ბრძანებაში მითითებული „სამუშაო ძალის შემცირება“ არის დოგმატური სიყალბე და მოკლებულია ყოველგვარ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს“.

გარდა ამისა, გიორგი იასაშვილის შეფასებით, მოპასუხის პოზიცია და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული არგუმენტაცია, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი მოსარჩელეთა მიერ მენეჯმენტის კრიტიკა, უტყუარად ადასტურებს, რომ დათხოვნის რეალური მიზეზი არა ორგანიზაციული ცვლილება, არამედ კრიტიკული ხმების ჩახშობაა:

„დამსაქმებელმა სრულად გააცნობიერა, რომ დისციპლინური წარმოების გზით მოსარჩელეთა გათავისუფლების შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე ვერ შეძლებდა გადაცდომის უტყუარი მტკიცებულებებით დასაბუთებას. ამ მტკიცების ტვირთისთვის თავის არიდების მიზნით, მან გამოიყენა 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც შენიღბული, თვალთმაქცური და რეპრესიული მექანიზმი. ეს არის შრომითი ურთიერთობის ინსტრუმენტალიზაცია ცენზურის დასამკვიდრებლად“.

იასაშვილმა ყურადღება გაამახვილა დისციპლინური წარმოების ფონზე ალტერნატიული შეთავაზებების აბსურდულობაზეც: „ერთი მხრივ, დამსაქმებელი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეები ლახავდნენ მაუწყებლის რეპუტაციას, მეორე მხრივ კი, აცხადებს, რომ მათ შესთავაზა ალტერნატიული პოზიციები იმავე ორგანიზაციაში. ეს პარადოქსი ამხელს დამსაქმებლის ქმედების ფორმალურ და მოჩვენებით ხასიათს. შეუძლებელია კეთილსინდისიერი დამსაქმებელი  პოზიციებზე ნიშნავდეს პირებს, რომლებსაც ორგანიზაციის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. აღნიშნული ადასტურებს, რომ ე.წ. ალტერნატიული შეთავაზებები იყო მხოლოდ სამართლებრივი ფასადი შრომის კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნების ილუზიის შესაქმნელად და საბოლოოდ ამტკიცებს, რომ თავად ორგანიზაციული ცვლილება იყო ფიქტიური. მტკიცებულებები და სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა კანონიერ გათავისუფლებასთან, არამედ უფლების ბოროტად გამოყენებასთან. სადავო ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის უზენაეს პრინციპებსა და საქართველოს შრომის კოდექსის მატერიალურ ნორმებს“.

თბილისის საქალაქო სასამართლში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხის 5 ყოფილი თანამშრომლის საჩივრის განხილვა 6 აპრილს გაიმართა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივარზე, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

                                                           

2024 წლის ნოემბერიდან დაწყებული პროევროპული პროტესტის პარალელურად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის სატელევიზიო ეთერის გახსნას ითხოვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდიც. მათ შექმნეს პლატფორმაც - „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“. 

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდაან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანონ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“, მისი გუნდის წევრებს კი, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. 



 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

TI: „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ ბრიტანული სანქციები ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პროპაგანდისტული არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს. „ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და კერძო პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი“.

დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო ტელევიზიები: „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის 24 თებერვალს დაასანქცირა . როგორც TI წერს, ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა.


რას ნიშნავს ბრიტანული სანქცია და როგორ მუშაობს ის?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბრიტანული სანქციის გავრცელების არეალი ბრიტანეთის იურისდიქციას სცილდება და ის კონკრეტულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს მის ფარგლებს გარეთაც ავრცელებს და მეორადი სანქციის საფრთხეს უქმნის ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესმენს, რომელიც სანქცირებულ სუბიექტთან თანამშრომლობას განაგრძობენ ან მათთან ახალ გარიგებებში შესვლას გადაწყვეტენ:

„ამდენად, მეორადი სანქციის რისკისა და უზარმაზარი რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, განსაკუთრებით კი - დასავლური საფინანსო სისტემა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემაც დასავლური სისტემის ნაწილია, ის მის წესებს უნდა დაემორჩილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ბანკებმა (არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“) სანქცირებულ ტელეკომპანიებს ანგარიშები უნდა გაუყინონ და მათ ყველანაირ ფინანსურ სერვისსა და მომსახურებაზე უარი უთხრან, წინააღმდეგ შემთხევაში, ისინი საფრთხეს მათსავე ბიზნესს შეუქმნიან“.

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედსა“ და „პოსტვის“?

TI აღნიშნავს, რომ ანგარიშების გაყინვისა და საბანკო სერვისების შეზღუდვის პარალელურად, დასანქცირებული პროპაგანდისტული არხები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან. კერძოდ:

  • ვეღარ მიიღებენ შემოსავლებს, მათ შორის რეკლამიდან, საბანკო ანგარიშსწორების გზით;
  • თანამშრომლებს ვერ გადაუხდიან ხელფასებს;
  • ვეღარ იყიდიან უცხოურ  სერიალებს;
  • გაუუქმდებათ გასართობი გადაცემებისთვის არსებული საერთაშორისო ლიცენზიები;
  • გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რომელსაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან;
  • დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში;
  • შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება/ვერ გაუშვებენ რეკლამებს;
  • ვეღარ აიღებენ სესხს და ვეღარ მიიღებენ ახალ დაფინანსებას;
  • ვერ გაყიდიან ან/და გააქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
  • ვეღარ შეიძენენ ან/და იქირავებენ ტექნიკას;
  • საბანკო ანგარიშსწორებით ვეღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს;
  • გაურთულდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა (დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება);
  • თანამშრომლებს გაურთულდებათ საბანკო სესხების აღება.

„საყურადღებოა, რომ მეორადი სანქციის რისკი შეექმნება ყველა იმ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს, რომელიც დასანქცირებულ ტელევიზიებს მათთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში დაეხმარება“, - წერს ორგანიზაცია.

რას გამოიწვევს „იმედისა“ და „პოსტვის“ დახმარება?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი: „სანქციების შესრულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებით „იმედი“ და „პოსტვ“ გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარებიან.

შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავონ „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე“.

„ოცნების“ მხარდაჭერა პროპაგანდისტულ მედიებს და შავი ფულის ტრიალის რისკი

„პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციები ცხადჰყოფს, რომ სანქციები მათთვის დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა. ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე, „ოცნების“ გუნდმა „იმედსა“ და „პოსტვის“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე და ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც. „ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მეტიც,  „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს ღიად მოუწოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიების მიმართ იქნება წნეხი სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, შავი ფულის ტრიალის რისკებს ქმნის, კომპანიებს კი მეორადი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გამო. 

სანქცირებული პროპაგანდისტული მედიებისადმი მმართველი გუნდის წევრების დემონსტრაციული მხარდაჭერა და მათი დახმარებისკენ მიმართული ღია ძალისხმევა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ მძლავრ გავლენებს ხსენებული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკასა და საქმიანობაზე“, - წერს ორგანიზაცია.

ბრიტანული სანქციების ეფექტი

როგორც TI წერს, პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები დაიცვეს: „ამას მოწმობს ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს - „იმედის ბანკს“ დააარსებენ, რომელიც მათ მოემსახურებათ. 27 თებერვალსვე  „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანული სანქციების გამო „იმედში“ ხელფასები „ნაღდი ფულით“ - „კონვერტებით“ დაარიგეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბანკებში მათ მომსახურება უკვე შეეზღუდათ და სანქცირებულ ტელევიზიებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრათ ბიძინა ივანიშვითლის ოჯახთან დაკავშირებულმა და „იმედის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა ბანკებმაც, შესაბამისად, „ქართუმ“ და „ლიბერთიმ“.

საბანკო სერვისებით სარგებლობით შეზღუდვის პარალელურად, „იმედი“ და „პოსტვ“ შემოსავალს ვეღარც რეკლამიდან მიიღებენ, რადგანაც ქართულ ბანკებს ეკრძალებათ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიებისთვის ნებისმიერი სახის ტრანზაქციის შესრულება. ამდენად, „იმედი“ და „პოსტვ“ თანხებს ვეღარც ეთერში გაშვებული კომერციული რეკლამისთვის მიიღებენ, ყველა შესაძლო შემოვლითი გზა კი - აღქმული იქნება როგორც სანქციებისგან თავის არიდება. შედეგად, ნებისმიერი ბიზნესმენი თუ კომპანია, რომელიც „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამისთვის თანხას გადაუხდის, ან მათ თანხის შემოვლითი გზით მიღებაში დაეხმარება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე თავად დადგება“.

დასანქცირებული არხები სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში?

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების გამოცხადებიდან მალევე, ორივე სანქცირებული პროპაგანდისტული ტელეარხის მიერ გადადგმული ნაბიჯები ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ სანქციების თავიდან არიდებისა და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს:

„მაგალითად, პროპაგანდისტული არხების დასანქირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრმა ორი ახალი ორგანიზაცია შპს „იმედის მხარდამჭერები“ და შპს „პოსტივის მხარდამჭერები“ დაარეგისტრირა. პირველის 100%-იანი წილის მფლობელი „იმედის“ სოციალური ქსელების მენეჯერი, ნიკა კლდიაშვილია, „შპს პოსტივის მხარდამჭერების“ 100%-ს კი გიორგი შენგელია ფლობს.

დაწესებული სანქციების გამო, 25 თებერვალს, გაითიშა „იმედის“ ვებგვერდები -  imedinews.ge  და imedi.ge. მათი ფუნქციონირება მეორე დღეს აღდგა. გავრცელებული ცნობებით, „იმედმა“ ვებსაიტის უსაფრთხოების სისტემა რუსულ კომპანიაზე  გადაიყვანა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ იყენებენ. თავად „იმედმა“ ინფორმაცია უარყო და მას „პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ „მორიგი ტყუილი“ უწოდა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო კვლევამ ისიც აჩვენა, რომ  „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ Meta-ს მიერ მისი სოციალური ქსელების პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის დასპონსორება/რეკლამირების შეზღუდვის შემდეგ, ისინი ახალი გვერდების დარეგისტრირებას და კონტენტის ამ გზით რეკლამირებას ცდილობენ.

გარდა ამისა, „მითების დეტექტორის“ კვლევამ ისიც გამოკვეთა, რომ „იმედსა“ და „პოსტვის“ დასანქცირების შემდეგ, მათი მასალების გამოქვეყნებასა და დარეკლამებაში აქტიურად ეხმარებიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ახლადშექმნილი მედიაპლატფორმები, რომლებიც მათ მასალებს მანამდეც აქვეყნებდნენ. ერთ-ერთის მფლობელი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი, შაკო კუჭაშვილია.

ასევე, საგულისხმოა, რომ რუხაძის „იმედიდან“ წასვლიდან რამდენიმე დღეში, „იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან მფლობელობაში არსებულ კიდევ 4 სხვა კომპანიაში - „შპს IMEDI FILMS“, „შპს ტელეკომპანია აისი“, „შპს თაჩ მედია“ და „შპს ჯი-დი-ეს თი-ვი“ - დირექტორის თანამდებობები „იმედის“ თანამშრომლებმა და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-10%-იანი წილების მფლობელებმა - მარიამ ლომიძემ და მაია ჩიგოშვილმა დაიკავეს. „იმედის“ მფლობელ კომპანიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში განხორციელებული ცვლილებები, იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ, შესაძლოა, არსებობდა წინასწარი ინფორმაცია „იმედის“ დასანქცირების შესახებ და ნაჩქარევი გადაადგილებები აღნიშნული კომპანიების გავლით, სანქციების თავიდან აცილების მცდელობასთან უნდა იყოს დაკავშირეული. ნესბიმიერ შემთხვევაში, ამგვარი კონფიგურაცია, სანქციების გვერდის ავლის კარგ წინაპირობას ქმნის.

გარდა ამისა, „იმედის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ და ასევე პროსამთავრობო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ფლობენ შპს „უნიმედიას“ 50%-50%-იან წილებს და მათი პარტნიორობა, შესაძლოა, სანქციების თავიდან აცილების დამატებით მექანიზმად იქნას გამოყენებული საერთაშორისო და ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის ნაწილში“.

ვინ ყიდულობს სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვზე“?

„ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და პროსამთავრობო „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს კრიტიკულ მაუწყებლებს („ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“), რომელთა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, კიდევ უფრო მწირია. მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარით იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.

საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების - „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited - საშუალებით. მოცემული მომენტისთვის, „ბანკი ქართუსა“ და „შპს ქართუ ჯგუფის“ 100%-100%-იან წილებს ფონდი „ქართუ“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ამ უკანასკნელის 35%-იანი წილის მფლობელი კი - ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია,  დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული. მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია.

იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია, ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ: კოკაკოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელეციზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც. (ტელევიზიების მიხედვით რეკლამების ჩამონათვალი ნახეთ ცხრილში #1).

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, რთულია როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი. ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სანქციების დაწესებიდან 4 დღეში განაცხადა, რომ „არ ითანამშრომლებდა სანქცირებულ კომპანიებთან“ ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ იყო, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთია და რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმის ქვისლი, თამაზ ხარაიძეა. თუმცა, განცხადებიდან მეორე დღესვე, კომპანიამ დააზუსტა, რომ მათ უარი არ უთქვამთ „ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „იმედთან“ და „პოსტვისთან“ თანამშრომლობაზე“ და ეს პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება“, - წერია კვლევაში.

ვინ ფლობს სანქცირებულ „იმედსა“ და „პოსტვის“?

ორგანიზაცია წერს, რომ ბრიტანეთის მიერ ორი პროპაგანდისტული არხის დასანქცირებამდე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი რუხაძე იყო: „მაგალითად, რუხაძესა და ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანიაში „ქართული ცემენტი“.

„იმედის“ დასანქცირებამდე 18 დღით ადრე, 6 თებერვალს, რუხაძემ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიის წილების მფლობელობიდან გადიოდა და კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-ს, რომლის საშუალებითაც იგი მის  უცხოელ პარნიორებთან ერთად „იმედს“ ფლობდა, „იმედის“ თანამშრომლებსა და კომპანია „პრაიმ მედია გლობალს“ გადასცემდა. შედეგად, „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილი სიმბოლურ ფასად - 1 000 ლარად „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა, რომელმაც თავის მხრივ, 10%-10%-იანი წილები - ასევე სიმბოლურ ფასად 100-100 ლარად „იმედის“ თანამშრომლებს - ნათია სონღულაშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, მარიამ ლომიძეს, მაია ჩიგოშვილს და ვასილ კალანდარიშვილს გადასცა. ბრიტანეთის სანქციების დაწესებიდან მეორე დღესვე, 25 თებერვალს, ირაკლი რუხაძემ კიდევ სამ წევრთან ერთად „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოც დაჩქარებული წესით დატოვა.

რუხაძის „იმედიდან“ ნაჩქარევად გასვლამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ამ ქმედებით მან პირად სანქციებს აარიდა თავი. ირაკლი რუხაძე „იმედიდან“ წასვლის შემდეგ, მედიასთან პირველად 19 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის „აბსოლუტურად დაუმსახურებელი“ და რომ ამით „იმედს“ არაფერი შეეტყო და არც მომავალში შეეტყობა.

„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან 4 წევრის გასვლიდან დაახლოებით 20 დღეში, 13 მარტს, არხის გენერალურმა დირექტორმა, მარიამ ლომიძემ საჯარო რეესტრს სამეთვალყურეო წევრების ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია:

საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ნათია სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე „იმედის“ მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. საბჭოს წევრები: მაგდა (მაგდალინა) ანიკაშვილი - „იმედი LIVE-ისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანი; მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აგრეთვე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი; ილია მიქელაიშვილი - „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილის მფლობელი.

რაც შეეხება „პოსტვის“, მის 52%-იან წილს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. ჯაფარიძე არაერთხელ იყო მხილებული სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და კავშირებში. „პოსტვის“ 24%-24%-იან წილებს ამავე არხის წამყვანი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ.

საგულისხმოა, რომ ჯაფარიძემ პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირებამდე 25 დღით ადრე, წილები სამართავად სხვა პირს - ზაზა მარიდაშვილს გადასცა, რომელიც 2017-2022 წლებში კასპის მერის მოადგილე იყო“.

რას საქმიანობს „პრაიმ მედია გლობალი“ და ვინ არის მისი მფლობელი?

კვლევის მიხედვით, „პრაიმ მედია გლობალი“ სატელევიზიო რეკლამის გამყიდველი შუამავალი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ილია მიქელაიშვილია: „კომპანია ტელევიზიაში რეკლამის განთავსების მსურველებს პროსამთავრობო ტელეკომპანიების -  „იმედის“, „GDS-ის“, „რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“ და „პოსტვის“ სარეკლამო დროს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია სარეკლამო დროს ტელევიზიების ნაცვლად თავად ყიდის და დამკვეთის რეკლამას, მისი სურვილისამებრ, შესაბამის ტელევიზიას გადასცემს, სარეკლამო მომსახურების თანხასთან ერთად. სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიის მიერ გაყიდული სარეკლამო დროის დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე“ მოდის. გამოცემა „ბიემჯის“ ცნობით, 2024 წელს კომპანიამ რეკლამის გაყიდვისგან 29.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26.4 მლნ ლარის რეკლამა ტელევიზიებში განათავსა, 3.1 მლნ ლარი კი - შემოსავლის სახით დარჩა“.

კვლევა - „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 



ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 2025 წელს 45.04 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის შემოსავალზე 20.2 მილიონი ლარით მეტია. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 1.4 მილიონით გაიზარდა POSTV-ის კომერციული შემოსავალიც.

2025 წელს 8.3 მილიონით გაიზარდა და 18.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „რუსთავი 2“-ის („მედია ჰოლდინგის“) კომერციული სარეკლამო შემოსავალიც. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 2.6-ჯერ გაიზარდა GDS-ის კომერციული შემოსავალიც.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანიებმა: „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ კი გასულ წელს ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“.

analytics.comcom.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, როგორი იყო ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები.

[კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს].

* შენიშვნა: analytics.comcom.ge-ზე იძებნება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ 2021 წლის I და II კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალიც - ჯამში 489 621ლარი, რომელიც ქარდზე ასახულ „მედია ჰოლდინგის“ შემოსავალში გათვალისწინებული არ არის. „რუსთავი 2“ და „პრაიმ ტაიმი“ „მედია ჰოლდინგში“ სწორედ 2021 წელს გაერთიანდნენ.