„აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“ 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს
02.06.2026


„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ არხიდან მედია წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ჯამში 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

„მოგესალმებით, მაპატიეთ, რომ ვერ გპასუხობთ. მაუწყებელში რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და დაანონსებული, ჩვენმა გუნდმა მოსვლისთანავე დაიწყო ტელევიზიისა და რადიოს შიგნით არსებული გამოწვევების შესწავლა. პროცესი მიმდინარეობს ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით. გვაქვს კიდევ არაერთი გამოწვევა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გეგმებიც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოგვიწია რამდენიმე თანამშრომელთან დამშვიდობება.

ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული და არამხოლოდ მიზეზების გამო, ბევრი გადაცემის გაუქმება მოგვიწია. ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება საეთერო დროის გამოყენების, როცა ამის პირობები იქნება“, - მოგვწერა ირაკლი კიკვაძემ, რომელიც დილით რედაქციის ზარებს არ პასუხობდა. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოდან“ გათავისუფლებულებს შორის არიან: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე. მათ ელექტრონული წერილები იმის შესახებ რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, სწორედ დღეს დილით მიიღეს. 

 

ირინა ყურუა, რომელსაც გადაცემა „სათქმელი“ მიჰყავდა, ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების მოტივი არის ის, რომ ტელევიზიიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრი არ უნდა ისმოდეს. 

„ასეთი რამდენიმე ტალღა გადაიტანა „აჭარის ტელევიზიამ“, როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებს ართმევდნენ სამუშაო სივრცეებს, აქვეითებდნენ, ან პირდაპირ უშვებდნენ როგორც რადიოდან, ისე ტელევიზიიდან და მგონია, რომ ესეც გაგრძელება და ერთ-ერთი მორიგი ტალღაა, იმიტომ რომ ზუსტად იმ ადამიანებს, იმ გადაცემას შეგვეხო, სადაც ისმოდა კრიტიკული, განსხვავებული აზრი, კრიტიკული კითხვები, შესაბამისად, კრიტიკული და განსხვავებული შეფასებები, რაც ბევრს სიმშვიდეს უფრთხობდა. ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი პროფესიული დასაბუთება არ მიმიღია არც წერილობით და არც ვერბალურად პირად კომუნიკაციაში, რომ რა არ ვარგოდა გადაცემაში, რომელსაც ამდენი წელია ვაკეთებთ, რა იყო შესაცვლელი, როგორი იყო შენიშვნები ან რეკომენდაციები, ამაზე პასუხები არ არსებობდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება პროფესიულს სცდება და სწორედ მოტივი არის ის, რომ არ უნდა ისმოდეს „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირი ეთერებიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრი და ვფიქრობ, ალბათ, ვიღაცისთვის არასასურველი სტუმრებიც არ უნდა იყვნენ პირდაპირ ეთერებში“, - ამბობს ყურუა ჩვენთან საუბრისას. 

გათავისუფლების მიზეზი ბუნდოვანია აჭარის რადიოს რედაქტორის მაია მერკვილაძისთვის. ის ფიქრობს, რომ შესაძლოა, მიზეზი ის იყოს, რომ „მორჩილი თანამშრომელი“ არასდროს ყოფილა:

მიზეზი ჩემთვის ბუნდოვანია, თუმცა წინა წლების გამოცდილებით შეიძლება ვიფიქროთ, რომ მორჩილი თანამშრომელი არასდროს ვყოფილვარ და ჩემი პოზიცია მიმდინარე ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირები ყოველთვის მქონდა. ამას მაუწყებლის შიგნით ვაფიქსირირებდი ხოლმე და მეილზეც ვწერდი ჩემს შენიშვნებს მაუწყებელს. შესაძლოა, ეს იყო მიზეზი, დანარჩენი თავად უნდა ახსნან. ბოლო პერიოდში, როცა დირექტორს შევხვდით და გვაინტერესებდა, რა იყო რეორგანიზაციის მიზანი, მან გვითხრა, რომ მაუწყებელში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა, მათი ფუნქციები იყო დუბლირებული და ეს უნდა გასწორებულიყო. ასევე, იყო შემოქმედებითი გადაცემების გადახალისების ინტერესი და უნდა გაეტანათ გარე წარმოებაზე, ეს გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. თუმცა, არცერთი ეს მიზანი არ ემთხვევა ჩემთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და მაინტერესებს, რომელ მიზანში აღმოვჩნდი ამ ორიდან და ასევე, ბოლო პერიოდში, რადიოს საინფორმაციო გამოშვებების გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო ახალმა დირექტორმა, ჩვენ დავუსაბუთეთ, რომ რეორგანიზაცია არ არის ის ობიექტური საფუძველი, რომლის გამოც შეიძლება გაჩერდეს საინფორმაციო გამოშვება. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს და თანამშრომელთა თხოვნით ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა“.

„აჭარის ტელევიზიის“ ქობულეთის ბიუროს გაუქმება ელექტრონული წერილით გაიგო ჟურნალისტმა, ლევან ურიდიამ.

„მეილი მომივიდა, რომ სრულად გაუქმდა ქობულეთის ბიურო. გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მენეჯმენტი ვერ ხედავს საჭიროებას, რომ ბიურო არსებობდეს მუნიციპალიტეტში. არც ალტერნატიული, სხვა პოზიცია შემოუთავაზებიათ და არც წინასწარი გაფრთხილება ყოფილა… ბიურო „აჭარის ტელევიზიის“ დაარსების შემდეგ არსებობს მუნიციპალიტეტში და პირველად მოხდა მსგავსი რამ, რომ ბიურო გაუქმდა“, - ამბობს ლევან ურიდია ჩვენთან საუბრისას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი 29 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძეა. 9 მარტიდან საინფორმაციო გამოშვების გარდა, არხზე ყველა გადაცემა შეჩერდა. სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი ტელევიზიაში 1 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მაუწყებლის დებულების განახლებული პროექტი შეიმუშავა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ამ კვირაში უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ