„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიდიან და რადიოდან“ რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების
გათავისუფლებას ეხმაურება
და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ჟურნალისტების
წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს:
„თავად გათავისუფლებული ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ მათთვის უცნობია გადაწყვეტილების მკაფიო და დასაბუთებული მიზეზები, ხოლო რიგ შემთხვევებში მიაჩნიათ, რომ რეალური მოტივი კრიტიკული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოზიციის ჩახშობაა. სამსახურიდან გათავისუფლებული პირები საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან მაღალი პროფესიული სტანდარტებით, დამოუკიდებელი სარედაქციო მიდგომებით და განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემით.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებელ ხმებს ავიწროებენ. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მიუთითებს მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ შესუსტებასა და მაუწყებლის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს, იცავდეს ჟურნალისტების პროფესიულ დამოუკიდებლობას და ქმნიდეს თავისუფალი დისკუსიის სივრცეს. დღეს კი საპირისპირო პროცესს ვხედავთ“.
კოალიცია მიიჩნევს, რომ მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ეს პროცესი იზოლირებულ მოვლენად არ შეიძლება განვიხილოთ:
„ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი, მიმართული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, და სისტემური ზეწოლა ჟურნალისტებსა და განსხვავებული აზრის მქონე პროფესიონალებზე.
მედიის დასუსტება და კრიტიკული ხმების განდევნა პირდაპირ აზიანებს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლების საქმიანობა“.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ სრულ სოლიდარობას უცხადებს „აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებსა და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, რომლებიც რეპრესიების სამიზნე პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო გახდნენ.
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.
„ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება.
კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელი იმპიჩმენტის შედეგად დატოვა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და პარტიულ დღის წესრიგს დაემორჩილა. ტელევიზია სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეტაპობრივად გათავისუფლდა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან. ახლა, სავარაუდოდ, ამ სისტემური პროცესის ბოლო ტალღის მოწმე ვხდებით“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
გუშინ, 2 ივნისს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ არხიდან მედია წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ჯამში 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულებს შორის არიან: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე. მათ ელექტრონული წერილები იმის შესახებ რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, გუშინ დილით მიიღეს.
ვრცლად, „აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“ თანამშრომლების გათავისუფლებაზე იხილეთ აქ.

