„სურს გვაჩვენოს ის, რაც ბევრისთვის უხილავია“ - გრასიელა იტურბიდეს ფოტოგრაფია
29.01.2019

alt

გრასიელა იტურბიდე, შეიძლება ითქვას, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია. ხუთი ათწლეულის განმავლობაში კამერით მოგზაურობისას იტურბიდე მოგვითხრობდა მექსიკის მკვიდრი მოსახლეობის შესახებ. ფოტოგრაფმა შეძლო მოეპოვებინა კრიტიკოსების აღიარება, გაეჩინა მიმდევრები და შეეყვარებინა თავი საზოგადოებისათვის.

altიტურბიდე კვლავ განაგრძობს კამერით მოგზაურობას, აქვს ახალი ფოტოები და გამოფენები, მაგრამ მასზე საუბრის დაწყება ყოველთვის ინდიელი ქალის ფოტოთი იწყება. საპოტეკის ტომის წევრის სურათით, თავზე შემოხვეული იგუანებით.

ფოტოგრაფი ზობეიდა დიაზს სურსათის მაღაზიაში შეხვდა. 1979 წელს, მაშინ, როცა მექსიკის სამხრეთით, ოახაკას რეგიონში ცხოვრობდა. ფოტოს გადაღება ადვილი არ იყო - იტურბიდეს რამდენიმე ცდა დასჭირდა. იგუანები არ ჩერდებოდნენ, თავზე ეხვეოდნენ ქალს, ვარდებოდნენ და ისევ მაღლა ადიოდნენ. მაგრამ საბოლოოდ კადრი შედგა. გრასიელამ შეძლო გადაეღო - Nuestra Señora de las Iguanas (ქალბატონი იგუანებით).

ფოტოს გადაღებიდან 40 წელი გავიდა, მაგრამ Nuestra Señora პოპულარობას არ კარგავს. მექსიკაში მას შეხვდებით ყველგან - სტენსილებზე, პლაკატებზე, საფოსტო მარკებსა და საგზაო ნიშნებზე. მის ოქროსფერ ქანდაკებასაც ნახავთ იუჩიტანის ცენტრში, დასახლებაში სადაც ცხოვრობდა ქალბატონი იგუანებით.

ფოტოს შეხვდებით ლოს ანჯელესშიც, ერთ-ერთ მოხატულ კედელზე. ხალხმა აიტაცა ეს სურათი და პოპ კულტურის ნაწილად იქცა. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ იტურბიდეს უთქვამს - „ფოტო მე უკვე აღარ მეკუთვნის“.

Nuestra Señora მართლაც საკულტო ფოტოა, მაგრამ ის არ არის იტურბიდეს ერთადერთი მონაპოვარი. 76 წლის ფოტოგრაფმა შეძლო მექსიკაში ჩაფლულიყო, ეჩვენებინა იქაური ხალხის სული. იტურბიდემ ფოტოებზე აღბეჭდა ინდიელთა ტომები, თხების დაკვლები დღეობებზე, დაკრძალვები და სხვა სახის წეს-ჩვეულებები, იქაური გარემო, ფრინველები, თავისი თავი.  

alt


altaltკრისტენ გრეში, რომელიც ახლა ბოსტონში გრასიელას გამოფენის კურატორია და ფოტოგრაფთან მუშაობდა, ჰყვება, რა არის იტურბიდეს შემომედებაში უნიკალური: „მისთვის ფოტო თვითმიზანი არ არის. ეს ინსტრუმენტია, რომ გადმოსცეს და გვაჩვენოს ის, რაც ბევრისთვის უხილავია“, - ჰყვება გრეში, - „მასში თანამედროვე კულტურის პოეტური ხედვაა, ცხოვრების მოულოდნელობებითა და მისტერიებით გაჯერებული“.   

გრასიელა იტურბიდეს მუშაობის სტილი უბრალოა. იყნებს ბუნებრივ განათებას, შტატივს, მაშუქსა და ტელეობიექტივს. მიჰყვება ცნობისმოყვარეობას და იღებს ფოტოს - ყოველთვის შავ-თეთრს. იღებს იმას, რას მოსწონს. ხოლო შემდეგ ფირების გამჟღავნებისას მოულოდნელობებს ელის. გრასიელა იარლიყებს, სტერეოტიპებს გაურბის და თავისთავს კადრების თანამონაწილედ მიიჩნევს. ის ყოველთვის ახლოა თავის გმირებთან.

გრასიელა იტურბიდეს კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ფოტოა „ანგელოზი ქალი“. ინდიელი ქალისთვის უკნიდან გადაღებული საოცრად ფაქიზი კადრი. სერის ტომის მკვიდრს ზურგზე თმა აქვს ჩამოშვებული, ტრადიციული სამოსი აცვია, ხელში მაგნიტოფონი უჭირავს და თითქოს უდაბნოში მიტივტივებს. ასეთია იტურბიდეს ნამუშევრები. ადამიანისა და ბუნების, ინდივიდისა და კულტურის, ყოფითისა და სულიერის შერწყმა.





alt

გრასიელა იტურბიდემ კინემატოგრაფიის შესწავლა თავდაპირველად 27 წლის ასაკში, განქორწინების შემდეგ დაიწყო. ფოტოგრაფიაზე მას შემდეგ გადაერთო, როცა მის მენტორს მანუელ ალვარეს ბრავოს შეხვდა, თანამედროვე მექსიკური ფოტოგრაფიის მამას. გრასიელა მის გავლენაზე ხშირად საუბრობს.

იტურბიდე ხშირად ახსენებს ხოლმე ფრანცისკო ტოლედოსაც, ცნობილ ხელოვანს, რომელმაც სამუშაოდ მიიწვია გრასიელა იუჩიტანში, თავის მშობლიურ ქალაქში. სწორედ იქ გადაიღო იტურბიდემ ქალი იგუანებით.

მოგვიანებით, 1998 წელს ისევ მისი მიწვევით გრასიელა ქალაქს მეორედაც ეწვია. ამჯერად ტოლედომ სთხოვა ოახაკაში ახადგახსნილი ბოტანიკური ბაღი გადაეღო. უფრო სწორად, უხილავი კავშირები ადგილობივ მოსახლეობასა და პარკის ბუნებას შორის. როგორც ჩანს იტურბიდე ყველაზე მეტად კაქტუსებმა დააინტერესა. დაჭკნობის პირას მისულმა, პარკის თანამშრომლების მიერ შეხვეულმა მცენარეებმა. სწორედ ისინი გამოხატავდნენ ამ უხილავ კავშირებს ყველაზე მეტად.

გრასიელას ერთხელ ჰკითხეს, რა იყო შთაგონების წყარო. მისი პასუხია: „მე შთაგონებას ცხოვრებისგან ვიღებ - იმისგან რასაც ვხედავ და რასაც თავად ვაკეთებ“.

alt


alt


წყარო: www.nytimes.com


ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ