ბავშვი, როგორც ემპათიის ინსტრუმენტი მედიაში
16.04.2021
საზოგადოების გულის, უფრო ზუსტად კი ხმების მოსაგებად წინასაარჩევნოდ ბავშვით ხელში ან მათ ფონზე მოღიმარი პოლიტიკოსები არახალი და უკვე კარგად ნაცადი ხერხია. კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიის ემოციებზე ზუსტად გათვლილი ჟესტი, როგორც წესი კარგადაც ჭრის და ავტორის მიზანიც მიღწეულია - მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა და არჩევნების დღეს შედეგის სახით მის სასარგებლოდ მოხაზულ საარჩევნო ბიულეტენებად დახურდავდა.

მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, დღესაც, ხშირად პოლიტიკოსების მიერ ამ ერთი შეხედვით არცთუ ისე ორგინალური, არითმეტიკული სიზუსტით გათვლილი ხერხის გამოყენებასა და მათი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას ხელს სწორედ მედია უწყობს, კონკრეტულ კადრს ვირუსულად ავრცელებს, არაერთგზის ატრიალებს და ნებსით თუ უნებლიეთ მიზანმიმართული კამპანიის გამტარი ხდება.

ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც მედია ამგვარი პროპაგანდის არათუ უნებლიე მონაწილის როლში, არამედ მის წამახალისებლადაც კი გვევლინება. ამის თვალსაჩინო მაგალითად რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელეარხის სოციალური მედიის პლატფორმით გავრცელებული ვიდეოც გამოდგება, რომელშიც გულამოსკვნით მოტირალი მცირეწლოვანი გოგონა ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის გამოუშვებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ციხიდან, რომ მასთან უნდა და სწორედ ამიტომ ტირის.

რამდენიმე დღის წინ, ასევე ერთ-ერთი ტელეკომპანიის სოციალური მედიის პლატფორმის მეშვეობით გავრცელდა ბავშვების მონაწილეობით კიდევ ერთი ემოციური ვიდეო, სადაც ნამახვაჰნესის საწინააღმდეგო აქციაზე მცირეწლოვნები „არა ნამახვანჰესს“ და „გაუმარჯოს საქართველოს შეძახილებით“ მიაბიჯებენ და ხელში შემდეგი შინაარსის საპროტესტო ბანერები უჭირავთ - „წადით, წადით, წადით“, „დაგვიცავი მომავალი თაობა“, „უფალი ჩვენთანაა, ამინ!“.

ეს ერთი შეხედვით უწყინარი, ბევრისთვის ემოციისა და ემპათიის მომგვრელი ვიდეოები პრობლემა, ალბათ, სულაც არ იქნებოდა, ისინი ზრდასრული ადამიანების გააზრებულ სურვილებსა და პროტესტს რომ გამოხატავდნენ და არა მცირეწლოვნების გაუცნობიერებელ განცდებს. ასაკის გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ მათგან რომელიმეს კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ ჩამოყალიბებული პოზიცია და სიმპათია ჰქონდეს, ან ჰესის მშენებლობის ავკარგიანობა ესმოდეს, მის გარშემო არგუმენტირებული მსჯელობა შეძლოს და კონკრეტულ კამპანიაში ჩართვა მისი ჩამოყალიბებული არჩევანი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხები საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება და ამ თვალსაზრისით მედიას კონკრეტული შეზღუდვები არ აქვს, არასრულწლოვნების სხვადასხვა პოლიტიკური და კამპანიური მიზნებით გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, ამ უკანასკნელს ეთიკური გაშუქების თვალსაზრისით თავისი წილი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება. ის გადაწყვეტილებას ბავშვის ულებების გათვალისწინებით უნდა იღებდეს და მას პირდაპირ თუ ირიბად ამა თუ იმ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტად არ უნდა აქცევდეს.

პოლიტიკურ კამპანიებში ბავშვის, როგორც დეკორაციის გამოყენების პრობლემაზე „მედიაჩეკერი“ ადრეც წერდა. მაშინ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტმა მაია ცირამუამ ამგვარი პრაქტიკა „ბავშვებით მანიპულირებას“ შეადარა და თქვა, რომ ასეთი მცდელობები მედიამ „კადრს მიღმა უნდა დატოვოს“ და მის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

ამასთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ბავშვთა საკითხების გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ „ბავშვების უფლებები ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს, მათ შორის, მშობლების მხრიდანაც. ამიტომ მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას“.

„არ შეიძლება ბავშვი გამოყენებული იყოს დაცინვის, ანდა გართობის ობიექტად, „საყვარელ“ არსებად, რომლის ნათქვამსაც არასერიოზულად აღიქვამენ“, - ხაზგასმულია ამავე სახელმძღვანელოში.

ამავე თემაზე ნახეთ:

• მედია, არჩევნები და ბავშვი, როგორც დეკორაცია

ბლოგის ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ