ჩაანაცვლებს თუ არა „სრედსი“ „ტვიტერს“?
18.07.2023
ორი კვირის წინ, მარკ ზაკერბერგის „მეტამ“ ახალი სოციალური ქსელი, „ტვიტერის“ ალტერნატივა - „სრედსი“ („Threads“) გამოუშვა. გაშვებიდან ხუთ დღეში, პლატფორმაზე დაახლოებით 100 მილიონი ანგარიში დარეგისტრირდა. ეს რეკორდულად სწრაფი ზრდაა.

თუმცა ამ ნაადრევი წარმატების მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ „სრედსის“ მომავალთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები უკვე ჩნდება. მაგალითად, „ფორბსის“ მიხედვით, „სრედსის” ყოველდღიური მომხმარებლების რიცხვი ბოლო დღეებში 20 %-ით შემცირდა; ასევე, ამ პლატფორმაზე ადამიანები საშუალოდ უფრო და უფრო მცირე დროს ატარებენ - 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთს.

იმის შეფასება, თუ რამდენად წარმატებულად ჩაანაცვლებს „სრედსი“ „ტვიტერს“, ჯერ მაინც ადრეა. თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის საჭირო სოციალური ქსელის წარმატებისთვის. ქვემოთ, მინიმუმ, ორ ასეთ ფაქტორს ჩამოვწერ.

პირველ რიგში, როგორც სოციალური მედიის მკვლევრები აღნიშნავენ, ონლაინ სოციალური ქსელების წარმატება-წარუმატებლობის გასაანალიზებლად, საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ „სოციალურობის“ განზომილებაზე. ინტერაქციული ინტერნეტ პლატფორმა ძალას იკრებს და ძლიერდება მაშინ, როდესაც მისი მომხმარებლები ახერხებენ ერთმანეთთან მდგრადი სოციალური კავშირების გაბმას.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი არ დარჩეს მხოლოდ ინფორმაციის გამზიარებელ საშუალებად, არამედ მის ფარგლებში ადამიანებმა გარკვეული სახით ვირტუალური (და ზოგჯერ, რეალურიც) თემები (“community”) შექმნან. ფეისბუქზე ასეთი თემებია ე.წ. „ბაბლები“, რომელთა უარყოფით ეფექტებზე ერთ-ერთ წინა ბლოგში ვწერდი.  როგორც ჩანს, „ბაბლების“ მნიშვნელობა თავად „მეტას“ გადაწყვეტილების მიმღებებს კარგად ესმით. სწორედ ამ გათვლებით „მიაბეს“ მათ „სრედსი“ ინსტაგრამს და ამ გზით, ეცადნენ, რომ ამ ორი სოციალური ქსელის საზოგადოებები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.

თუმცა საკითხავია, რამდენად აინტერესებს „ინსტრაგრამის“ საზოგადოებას ის თემატიკა, რასაც მათ „სრედსი“ სთავაზობს; ასევე, ამის გათვალისწინებით, რამდენად შეძლებენ მომხმარებლები, რომლებიც სხვა სოციალური ქსელებიდან (მაგალითად, ტვიტერიდან ან ფეისბუქიდან) გადმოდიან, თან „წამოიღონ“ თავიანთი სოციალური კავშირები? შესაძლებელია, რომ „სრედსმა“ „ინსტრაგრამიდან“ და სხვა სოციალური ქსელებიდან ადვილად წამოიყვანოს ინდივიდუალური მომხმარებლები (რაც პრინციპში, ნაწილობრივ მაინც, უკვე გააკეთა). თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზაკერბერგი შეძლებს იმ უნიკალური სოციალური კავშირებისა და ქსელების „სრედსზე“ გადმოტანას, რაც მომხმარებლებს სხვა პლატფორმებზე აქვთ შექმნილი.

მეორე ფაქტორი, რაც „სრედსის“ მომავალ წარმატება-წარუმატებლობას განაპირობებს, დაკავშირებულია სოციალურ ქსელებში ცნობადი სახეების როლთან. საქმე ის არის, რომ „ტვიტერმა“ უკვე შექმნა გარკვეული სახის „ბუნებრივი მონოპოლია“ იმით, რომ მასზე დარეგისტრირებულია ბევრი ოფიციალური და არაოფიციალური პირი, რომლებიც ამ პლატფორმის მეშვეობით ხშირად თავიანთ ოფიციალურ პოზიციებს ახმოვანებენ ხოლმე (ზოგჯერ ეს პოზიციები ტვიტერზე გამოითქმება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მათ ტრადიციული მედია საშუალებები - მაგალითად, ტელევიზია ან ჟურნალ-გაზეთები გააშუქებენ).

„სრედსმა“ რომ „ტვიტერის“ მონოპოლია დაარღვიოს, საჭიროა, რომ მასზე კრიტიკული რაოდენობის ცნობადი სახე დარეგისტრირდეს. ასევე, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მთავრობებმა და პოლიტიკოსებმა თავიანთი ოფიციალური პოზიციების დასაფიქსირებლად, „სრედსი“ უფრო ხშირად გამოიყენონ, ვიდრე „ტვიტერი“.

თუმცა, ჯერჯერობით, „სრედსზე“ ოფიციალური სამთავრობო ანგარიშები ბევრად მცირერიცხოვანია, ვიდრე „ტვიტერზე“; ამას გარდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები ჯერ კიდევ „ტვიტერის“ მეშვეობით ვრცელდება და ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს მომავალში ეს შეიცვალოს. მიუხედავად რეკორდული რაოდენობის მომხმარებლისა, „სრედსი“ სოციალური ქსელების ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლიის შექმნისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.

ბოლოს, უნდა აღინიშნოს ის, რომ „სრედსს“ გაფართოების ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ის ჯერ კიდევ არ შესულა ევროკავშირის ბაზარზე (რაც დიდწილად, დაკავშირებულია ევროკავშირის ახალ რეგულაციებთან, რომლებზეც წინა ბლოგში ვწერდი; ასევე, ჯერაც არ არსებობს ამ სოციალური პლატფორმის „დესკტოპ“ ვერსია - პერსონალური კომპიუტერით „სრედსზე“ შესვლა შეუძლებელია.

მოსალოდნელია, რომ „მეტა“ ზემოთაღნიშნული და სხვა მიმართულებებით, ნელ-ნელა და თანმიმდევრობით დაიწყებს გაფართოებას. თუმცა იმ ბარიერების გადალახვის გარეშე, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „სრედსმა“ თავისი პირდაპირი კონკურენტი - „ტვიტერი“ ჩაანაცვლოს. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად სავარაუდოა ის, რომ ახალმა სოციალურმა პლატფორმამ თავისი ნიშა იპოვნოს ისე, რომ „ტვიტერის“ ბუნებრივ მონოპოლიას ძვრა ვერ უქნას.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ