ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
თავიდან გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, რომ მედიის როლსა და სტანდარტებზე მსჯელობის დრო (მაშინ, როცა დაყადაღება-დახურვა- გაშვებებზე გვიწევს საუბარი) არ არის. მაგრამ როცა რამდენიმე დისკუსიას მოვუსმინე, სადაც ჩემი მომავალი თუ მოქმედი კოლეგები ,,ლიდერი ტელეარხის” მედიამიდგომებზე ახლახან გაგონილის ინტერპრეტირებას აკეთებდნენ, მივხვდი, რომ ამაზე სწორედ ახლაა სალაპარაკო, მერე გვიან იქნება.

სტუდენტობა ახლად დაშლილ საბჭოთა კავშირში მომიწია. ეს ის პერიოდი იყო, როცა ახალი ჟურნალისტიკის სწავლას ძველი წიგნებით ვცდილობდით. მეც მომიხდა გადამეშალა ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია”.

,,ჟურნალისტიკა ... აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ორიენტაციას. მაღალიდეურობა საბჭოური ჟურნალისტიკის განუყოფელი თვისებაა. სინამდვილის ობიექტური ჩვენება ძალუძს მხოლოდ კომუნისტური პარტიულობის დამცველ ჟურნალისტს”, - წავიკითხე იქ.

ეს ის პერიოდი იყო, როცა გაუნათლებლობისა და უწიგნურობის წინააღმდეგ მედიის განვითარებისთვის მოქმედი საერთაშორისო-დასავლური ორგანიზაციები დაირაზმნენ - მათ მიერვე ორგანიზებული ტრენინგ-კურსებით. პირველად სწორედ ამგვარ შეხვედრებზე მოვისმინე ,,მედიის, როგორც საზოგადოების მოდარაჯე ძაღლის” თეორია; მოვისმინე ისტორიები - პარტიული მიდგომებისა და იდეოლოგიების გადამოწმების; ისტორიები - მამაცი ჟურნალისტების მიერ ე.წ. ,,სახელმწიფო ინტერესების საზიანო” სიმართლის თქმის; ჩახშობილი ხმების მოძიების და გაჟღერების; განსხვავებულის ჩვენების; ჟურნალისტების წინასწარი განწყობების თვითძლევის - სიმართლის სასარგებლოდ. ისტორიები იმაზე, რომ სიმართლის ერთგულებაა ჟურნალისტიკის მთავარი ღირებულებაც და იდეოლოგიაც, რაც ყველა სხვა იდეოლოგიაზე მაღლა დგას.

ახლა სოციალურ კლიპებში, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხით ვრცელდება, ხშირად ისმის კითხვა, სხვადასხვაგვარი საინტერესო პასუხით, თუ ,,რატომ ვირჩევთ ევროპას?” მეც მაქვს ჩემი პასუხი - ჩემი ცნობიერი ევროპული არჩევანი სწორედ ზემოთმოთხრობილი დასავლური მედიის მახასიათებლებითაა განპირობებული, ჩრდილოური, საბჭოთა თეორიის საწინააღმდეგოდ. მეგონა, რომ ეს არჩევანი ქართული მედიის უმეტეს ნაწილს ჩემთან ერთად ჰქონდა გაკეთებული.

სწორედ ევროპულ, დასავლურ არჩევანზე მოვისმინე ამ დღეებში ხმამაღალი განაცხადი ყველაზე რეიტინგული არხის გენერალური დირექტორისა და მასთან ერთად საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელის მხრიდანაც. მათ გვითხრეს, რომ მათთვის, როგორც კონკრეტული იდეის მხარდამჭერებისთვის, მიკერძოებაც დასაშვებია და რომ ეს იდეა - დასავლური ინტეგრაციაა, ევრაზიული არჩევნის საპირისპიროდ.

,,რუსთავი 2“ - ეს არის პროფესიონალების ერთიანობა, სადაც ადამიანები შეკრებილნი არიან გარკვეული ღირებულებებისა და იდეალების გარშემო. და იდეალებიდან ერთ-ერთი მთავარი არის ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. და თუ ჩვენ ამ ღირებულებებში და ამ იდეალებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გადავიკვეთებით, დიდი სიამოვნებით “ - ასე ახსნა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არხის მხარედ ყოფნაც და მიკერძოებაც.

მომეჩვენა, რომ მან კიდევ ერთხელ გადამიშალა ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია” და ხმამაღლა, ლევიტანურად წამიკითხა: ,,რუსთავი 2 აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ორიენტაციას. მაღალიდეურობა ჩვენი ჟურნალისტიკის განუყოფელი თვისებაა. სინამდვილის ობიექტური ჩვენება ძალუძს მხოლოდ ამ მიდგომებით პარტიულობის დამცველ ჟურნალისტს”.

თავიდან ამაზე გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, რომ მედიის როლსა და სტანდარტებზე მსჯელობის დრო (მაშინ როცა დაყადაღება-დახურვა- გაშვებებზე გვიწევს საუბარი) არ არის. მაგრამ როცა რამდენიმე დისკუსიას მოვუსმინე, სადაც რუსთავი 2-ის მხარედ ყოფნის შესახებ ზაალ უდუმაშვილისა და ნიკა გვარამიას განმარტებებს განიხილავდნენ, როგორც გულწრფელობის მაგალითს, დავრწმუნდი, რომ ახლაა დრო ითქვას - ჟურნალისტიკის როლის ამგვარი გაგებაა სწორედ ევრაზიული არჩევანი.

აქ ერთი ჩემი კოლეგის სწორად და დროულად დასმულ კითხვას უნდა დავესესხო: ,,მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ?”
კატეგორია - ბლოგი
1987 წელს, თითქმის ოცდაათი წლის წინ, აშშ-ში, ვესტ ვირჯინიაში მდებარე ქალაქ უილიამსონში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. იქ ამერიკული ტელესივრცის ვარსკვლავი ოპრა ვინფრეი იმყოფებოდა. ოპრამ თავისი ტოკ-შოუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაცემა ჩაწერა. ამ გადაცემის მასშტაბურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მასში ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას. ისინი ორ ფლანგზე არაპროპორციულად იყვნენ განაწილებულნი, რადგან მათი უმრავლესობა იმ ერთ აივ ინფიცირებულ გეი მამაკაცს ესხმოდა თავს, რომლის გამოც ოპრა უილიამსონში ჩავიდა.

ოცი წლის შემდეგ ოპრა დაბრუნდა უილიამსონში და მაშინდელი დისკრიმინაციის მსხვერპლზე თავდამსხმელებს აზრი ხელახლა ჰკითხა. ყველამ ბოდიში მოიხადა. ყველამ აღიარა საკუთარი სისასტიკე და ყველაფერი იმას დააბრალა, რომ მაშინ აივ ინფექცია ახალი დაავადება იყო.

ამ ფაქტიდან ოცდაათი წლის შემდეგ ქართულ ტელეეთერში ძალიან ბევრი ტოკ-შოუს ტიპის გადაცემა გაჩნდა. მათი უმრავლესობა იმ ფორმას იმეორებს, რომლის შექმნაც სწორედ ოპრა ვინფრეის მიეწერება. მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგია, რომელსაც ოპრაც იყენებდა, თითქმის ქართული შოუების იდენტურია, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ეს განსხვავება კი იმაში გამოიხატება, რომ ქართული ტოკ-შოუების წამყვანები როგორც ინტელექტუალური, ასევე სამოქალაქო განათლებით ოპრას ძალიან ჩამორჩებიან.

სამოქალაქო და ინტელექტუალური განათლების ნაკლებობა არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, რომ ხშირად ქართველი წამყვანები, შოუს დადგმისთვის, ადამიანის უფლებების თემატიკასაც კი სკანდალის ობიექტად აქცევენ და მის ვულგარიზებას ახდნენ. ამის საუკეთესო შანსი კი მაშინ ეძლევათ, როდესაც ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიც ლგბტ ადამიანების უფლებებია, კალენდარული თარიღებიც უწყობს ხელს.

წლევანდელი 17 მაისი ქართველი ლგბტ თემის წევრებისთვის მათზე მხოლოდ რელიგიური თავდასხმის დღე არ ყოფილა. 17 მაისთან დაკავშირებით იმედის ტელეეთერში ორი ტოკ-შოუ დაეთმო ლგბტ ადამიანებზე საუბარს. გია ჯაჯანიძის შოუსგან განსხვაევბით, “იმედის კვირა” უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ გადაცემის კომპლექსური ფორმატისა (ვგულისხმობ ოთხი წამყვანის ერთდროულ მუშაობას), ის მაინც არ იყო იმ სტანდარტის, რომ მაყურებლებს მცირედი პროტესტის გრძნობა მაინც არ გაგვჩენოდა.

გარდა იმისა, რომ საქართველოში ლგბტ უფლებებზე საუბარი ისედაც პოლიტიკურ მანიპულაციად ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გრანტის მოსაპოვებელ ქმედებად არის გაგებული; ბევრ ადამიანს ლგბტ უფლებებზე საუბარი ზოგადად უმნიშვნელო ამბავი ჰგონია. ამის დამადასტურებელი იყო ის ფაქტიც, რომ გადაცემის ზოგიერთი მონაწილისათვის, ქათმის ბარკლებით კვება უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, ვიდრე ლგბტ ადამიანების უფლებების პერმანენტული დარღვევა.

მცირედი განმარტების გაკეთება შეიძლება შალვა რამიშვილისთვისაც. ის, რომ ვითომდა საყურის ტარებასა და არანორმატიულ ჩაცმულობას მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში, დიდი ტყუილია. საყურეც, ვიწრო შარვალიც, გრძელი ან სხვადასხვა ფერად შეღებილი თმა, საქართველოში გეი ატრიბუტიკასთან იგივდება და მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ამ ატრიბუტიკის მქონე ადამიანები ყოველდღიურად ხდებიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ამ პროცესებში კი არა მათი ორიენტაცია, არამედ ატრიბუტიკის მიმართება და შეურაცხყოფის მიზეზია მთავარი.

რამდენიმე სიტყვით შევეხები იმ მნიშვნელოვან საკითხსაც, რომელიც გადაცემის ბოლოს ერთ-ერთმა წამყვანმა გაკვრით ახსენა - ჰომოსექსუალობის დაავადებების სიიდან ამოღება. სინამდვილეში ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ეს ფაქტი, საკუთარი არსებობითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიტეტით, აუქმებს ყველა იმ სექსოლოგის, ფსიქოლოგისა თუ სხვა სამედიცინო მუშაკის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.

საბოლოოდ, ჩემი მრავალი აზრის შემოკლებისა და შეჯამებისათვის, ვიტყვოდი, რომ ქართულ ტელესივრცეს დღეს არ აქვს ის ინტელექტუალური ფუფუნება, რომ ქართველ მაყურებელს შესთავაზოს, ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც ქართული ლგბტ კულტურაა,სწორად აწყობილი დებატი, რომელიც ზიანს არ მიაყენებს ისედაც დაჩაგრული თემის წევრებს. დღეს ქართველ ჟურნალისტებს, სამწუხაროდ, არ შესწევთ იმის უნარი, რომ არათუ დააბალანსონ დისკურსი, არამედ ოპონირება გაუწიონ მათი გადაცემების ფარგლებში გაჟღერებულ არაპოლიტკორექტულ და ხშირად სიძულვილით მოტივირებულ განცხადებებს. მეტიც, ქართული ტოკ-შოუების წამყვანები ხშირად ღიმილნარევი იერსახით ამბობენ ტერმინებს, რომლებიც მათთვის დღემდე გაუგებარია. ამ ტერმინების გაუგებრობა მათივე ბუნდოვანებით არ არის გამოწვეული. ეს გაუგებრობა ქართველი ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანების გულგრილობის შედეგია. მათ ლგბტ ადამიანების უფლებები არ მიაჩნიათ საკმარისად სერიოზულ მოვლენად და შეუძლიათ, რომ 17 მაისს, მას შემდეგ რაც მორჩებიან ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბარს, ერთი წლის წინ შექმნილი დღესასწაულის (ოჯახის სიწმინდის დღე) მილოცვით დაასრულონ გადაცემა.
კატეგორია - ბლოგი
,,როცა სხვის ტყუილს ვიმეორებ, მატყუარა ვარ?” - კარგა ხნის წინ მკითხა უფროსმა შვილმა. მახსოვს, მაშინ ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ვერაფრით დავარწმუნე, რომ სხვისი ტყუილის გამავრცელებელიც ჩვეულებრივი მატყუარაა - ,,სხვამ თუ თქვა და მე მხოლოდ გავიმეორე, რა შუაში ვარ?!” - იყო მისი პასუხი.

ეს ამბავი ხშირად მახსენდება, როცა მედიაპროდუქციის ერთ ნაწილზე ვფიქრობ. მედიაც სწორედ ასე, პატარა ბავშვივით, იქცევა ხოლმე, როცა სხვისი სიცრუის ტირაჟირებისას მიიჩნევს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის.

საკუთარ მასალებში რედაქციები, ასე თუ ისე, ცდილობენ ე.წ. მეორე მხარის ჩაწერით სხვის მიერ თქმული სიცრუის ,,დაბალანსებას” და ხშირად ახერხებენ კიდეც. ოღონდ, ხანდახან ამით ორი სხვადასხვა ტყუილის ტირაჟირება გამოდის. თუმცა, ეს ბლოგი ამგვარ მედიაპროდუქტზე არ არის.

ბლოგი რეკლამაზეა, რომელიც თუ სიცრუეზეა აგებული, ზოგჯერ უფრო ვნებს აუდიტორიას, ვიდრე რედაქციის მიერ მომზადებული პროდუქცია, რომელშიც სხვის მიერ ნათქვამი ტყუილიც ტირაჟირდება ხოლმე.

ახლაც ეკრანის წინ ვზივარ და ვუყურებ, როგორ აქტიურად ათავსებენ მაუწყებლები სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ ციფრული მაუწყებლობის შესახებ მომზადებულ სარეკლამო რგოლებს, რომლებსაც მთავარ შეტყობინებად გასდევს - ,,სპეციალურად ციფრული მაუწყებლობისთვის!”.

და სწორედ ასე ,,სპეციალურად ციფრული მაუწყებლობისთვის” მაყურებელს ატყუებენ, რომ მათი სახლის ტელევიზორები უკვე გამოუსადეგარია, რომ მხოლოდ ახლის შეძენა თუ უშველით, რომ მალე ქართულ არხებს უფასოდ და თავისუფლად ვეღარ უყურებენ.

ეს მაგალითი მარტო იმიტომ არ მომყავს, რომ განსაკუთრებით მაწუხებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თემა. ესეცაა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ, ეს ის შემთხვევაა, როცა მაუწყებლებმა ზუსტად იციან, არასათანადო რეკლამასთან რომ აქვთ საქმე. იციან, რომ ციფრულზე გადასვლის შემდეგ იმაზე მეტი ქართული არხი გავრცელდება მაყურებლისთვის უფასოდ, ვიდრე დღეს ვრცელდება და რომ ძველი ტელევიზორებიც კი, მცირედი ტექნიკური დახმარებით (დამატებითი მოწყობილობის, ე.წ. ,,სეთ-თოფ ბოქსის” საშუალებით) უფასოდ მიიღებენ მეტი რაოდენობის და უკეთესი ხარისხის სიხშირულ არხებს.

მაუწყებლებმა ისიც იციან, რომ ციფრულზე გადასვლასთან დაკავშირებული ცრუ მითები არა მხოლოდ მომხმარებელს დააზარალებს, არამედ თავად მათაც, რადგან სიხშირული მაუწყებლობა მათი დიდი ნაწილის პრიორიტეტია. თუმცა ესეც არ კარნახობთ, უარი თქვან ცრუ რეკლამის განთავსებაზე.

ნაწილისგან მომისმენია ამგვარი გადაწყვეტილების განმარტებაც, რაც ძალიან ჰგავს ჩემი შვილის იმ პასუხს, თავში რომ დავწერე: ,,რეკლამის შინაარსზე არა მაუწყებელი, არამედ დამკვეთი აგებს პასუხს” ,,რეკლამის დამკვეთისთვის განთავსებაზე უარის თქმის უფლება მაუწყებელს არ აქვს”.

არადა, რეალურად ყველაფერი პირიქითაა, მაუწყებელს ეკრძალება ,,არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება”. ხოლო კანონის პუნქტი, რომელიც საუბრობს, რომ რეკლამის შინაარსზე პასუხს დამკვეთი აგებს, მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური შინაარსის რეკლამაზე ვრცელდება და არა კომერციულზე.

არ მახსენდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან რომელიმე მაუწყებლის სანქცირება არასათანადო რეკლამის განთავსების გამო. კიდევ კარგი, თორემ კომისიამ ამ თემის მუდმივი მონიტორინგი და ადმინისტრირება რომ დაიწყოს, დახურვამდე მისული, დაზარალებული მაუწყებლების რიგი დაგვიდგება.

მოკლედ, სისტემა ისეთია, რომ ტყუილზე აგებული რეკლამის მავნებლობისგან ყველაზე ნაკლებად დაცულია აუდიტორია, შემდეგ თავად მედია. ყველაზე დაცული და შესაბამისად მოგებული კი - მატყუარაა.

P.S. წარმოვიდგინე მედია, რომლის სარეკლამო ბლოკს პრაქტიკით დადასტურებულ სლოგანად გასდევს: ,,აქ რეკლამაც გადამოწმებულია!”
კატეგორია - ბლოგი
როგორ უნდა დაიწყო ახალი სატელევიზიო სეზონი? რა თქმა უნდა, შოუ-ბიზნესის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები ერთად უნდა შეკრიბო და სათამაშოდ და გასართობად ხევსურეთში წახვიდე. კარავი მუცოსთან გაშალო. გადაცემაში სტუმრად მიწვეულ, სექსუალური იმიჯის მქონე ახალგაზრდა ქალზე ამხედრებულმა გაიარო პატარა ღელე, შემდეგ მასთან ერთად წამოჯდე მწვანე მდელოზე და რაკურსი ქალზე, როგორც ლამაზ, სექსუალურ გასაყიდ ნივთზე აიღო.

“მოდი გაგსინჯო, აესე გადაწექი და გაგსინჯავ” - შესთავაზო რესპონდენტს და მისი სხეულის მრგვალი ფორმების ბუნებრიობა ნაცნობი ქირურგის მიერ ნასწავლი წერტილების მეშვეობით შეამოწმო.

აბა, რა! “სხვა რაკურსის” მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თამუნა ვარშალომიძეს მკერდი გაკეთებული აქვს თუ არა. მუცლის სიბრტყელის ნატურალობასაც შეამოწმებ, უკანალზე დოლის დაკვრას შესთავაზებ და მისი სექსუალურობის ხარისხით და ფასითაც დაინტერესდები.

კითხვებიც შესაბამისი უნდა მოიმარჯვო:

- ხარ შენ სექსუალური, როგორ ფიქრობ?

- სექსუალურად გამოიყურები თუ შიგნით ხარ სექსუალური? ვნებიანი ქალი ხარ? აი, მაგალითად სექსის დროს ხარ ძალიან აღვირახსნილი, ძალიან მაგარი? .... ხო არ აგდიხარ, როგორც ფიცარი?

- რამდენი კაცი გყოლია?

- შენ თურმე უკრაინაში ძალიან ძვირადღირებული ქალი ხარ და საქართველოში ნაკლებად. პირდაპირ გეტყვი: საქართველოში 100 დოლარი ღირს და უკრაინაში ხუთასიო. გაგიგია?

- რა ღირხარ?

- ცალი ძუძუ რა ღირს შენი?

- დოლი დამაკვრევინე შენს ტრ...ზე. რამდენი გინდა, რამდენი გადაგიხადო?

- რა ღირს შენი ტრ..კი? სანამ დაგიზღვევია, უნდა მოგკიდო ხელი. რომ დაგარტყა, უფრო ძვირი ღირს?

ვიცი, აუცილებლად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ჯაჯანიძისა და მისი რესპონდენტის საუბარი და საქციელი ჩვენი გასარჩევი არ არის: ახალგაზრდა ქალი სრულწლოვანია და ის თავად წყვეტს, რა ტიპის გადაცემაში მივიდეს სტუმრად, რა ჩაიცვას, რა თქვას და როგორ მოიქცეს.

მერე რა, რომ რესპონდენტი ზრდასრული ადამიანია, გადაცემაშიც საკუთარი ნებით და ფეხით არის მისული და საკუთარი თავის რეკლამირებას სხეულისთვის დადებული ფასით ცდილობს.

შევთანხმდეთ, რომ წამყვანის მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპს კიდევ უფრო აძლიერებს და ქალს, როგორც სექსუალური მოხმარების ობიექტს, გასაყიდ ნივთს, ისე წარმოაჩენს.

ქალის შეფასება მისი სხეულის პარამეტრების მიხედვით და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უკანალზე დოლის დაკვრის შეთავაზება, სექსიზმია, რასაც საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია.

მსგავსი პროდუქციის ტირაჟირებით, მედია ხელს უწყობს იმ მავნე სტერეოტიპების დამკვიდრებას, რომლებიდანაც ქალზე ძალადობა და მისდამი უთანასწორო მოპყრობა საზრდოობს.

ამ სიუჟეტსა და ქალთა მკვლელობების ამბებს შორის დიდი განსხვავება არ არის, ეს ერთი მენტალობის - მცდარი წარმოდგენებისა და შეხედულებების ნაწილია..

და სანამ მედია ასეთი წარმოდგენებისა და შეხედულებების უარყოფის მაგივრად მათ განმტკიცებაზე მუშაობს, ნუ გაიკვირვებთ, თქვენს დებს და ქალიშვილებს უტვინო არსებებად, მხოლოდ სექსუალური მომსახურების ობიექტებად თუ ჩათვლიან და უკანალზე ხელს წამოარტყამენ.

ამიტომ, უთხარით არა სექსიზმს!
კატეგორია - ბლოგი
როცა გადაცემის გამო მაყურებელი უკმაყოფილებას გამოხატავს, რეიტინგით კმაყოფილი გადაცემის წამყვანები აღშფოთებულ პუბლიკას სოციალური ქსელით პოსტს მიუძღვნიან ხოლმე და იქვე მიაწერენ - თუ არ მოგწონს, გადართე.

ხუთშაბათ საღამოს, „პროფილში“ შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ჯერ 12 წლის ორსული გოგოს პირადი ცხოვრება განიხილეს დეტალებში, შემდეგ კი წამყვანმა სტუდიაში ახალგაზრდა ქალი მოიწვია, რომელიც ყვებოდა, თუ როგორ აუპატიურებდა საკუთარი ძმა. ქალს ისტორიის გახსენება უჭირდა, ხმა უკანკანლებდა და უხერხულად იშმუშნებოდა. „შენთვის ამ საშინელი ისტორიის გახსენება არის ყველაფრის თავიდან განცდა და ამიტომ არავითარი გადაცემა და არანაირი რეიტინგი არ ღირს ამად“ – უთხრა წამყვანმა რესპოდენტს და გააჩერა, ოღონდ, მას შემდეგ, რაც ქალს თითქმის მთელი ისტორია უკვე მოყოლილი ჰქონდა.

„პროფილის“ შემდეგ ბლოკში კი მომდევნო სტუმარი ყვებოდა, როგორ ძალადობდა მასზე ნასვამი მეუღლე, როგორ სცემდა და აიძულებდა ხეზე თოკით ჩამოხრჩობის იმიტაცია გაეკეთებინა. სტუმრის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ ის სახლიდან გაიქცა და თავის მოკვლა სცადა - მტკვარში გადახტა, თუმცა პატრულმა დაინახა და გადაარჩინა.

სტუმრების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში დაუფარავად ჩანდნენ მათი შვილებიც. მეტი ემოციურობისა და სიმძაფრისთვის არასრულწოვნების ჩვენება ხომ ქართული ტელეშოუების დამახასაიათებელ ტენდენციად იქცა.

რამდენად სწორია, შენი გადაცემის რეიტინგი სხვა ადამიანის პირადი უბედურების ტირაჟირების ხარჯზე აამაღლო? ეს კითხვა მიტრიალებდა, როცა „პროფილის“ სტუმრებს ვუსმენდი. მერე გამახსენდა, თუ არ მოგწონს, გადართეო, რომ მირჩევდნენ. ჰოდა, გადავრთე „იმედზე“, სადაც გია ჯაჯანიძე „სხვა რაკურსით“ გვიჩვენებდა ადამიანების პირად ცხოვრებას, წამყვანი ხან ერთ რესპონდენტს სთხოვდა დაჟინებით სექსუალური ცხოვრების დეტალების მოყოლას, ხან - მეორეს. აქაც ის რესპონდენტი დამხვდა, რომელიც ორი წუთის წინ „რუსთავი 2“-ზე კითხულობდა მორალს საზოგადოების დაბალი ცნობიერებისა და სიბნელის შესახებ და აქაც იმავე როლში იყო. აქაც, „პროფილის“ მსგავსად, ბავშვი ჰყავდათ სტუდიაში მშობლების ისტორიის გასამძაფრებლად. არადა ბავშვების გამოჩენის გარეშე არაფერი დააკლდებოდა არც ერთ და არც მეორე გადაცემას.

„გადართვა“ არ შველის. ყველგან ერთნაირი გადაცემებია და ამიტომ „გადართვისკენ“ უფრო გაბედულად მიგითითებენ ხოლმე, იციან,ისევ უკან გადმორთავ, სხვაგან განსხვავებული მაინც არაფერი ხდება.

როდესაც წამყვანი გადართვისკენ მოგიწოდებს, ეს ნიშნავს, რომ მას მაყურებლის აზრი არ აინტერესებს. მისთვის არ არის ძვირფასი თითოეული მაყურებელი და პატივს არ სცემს მის შეხედულებას. პასუხისმგებლიანი მედია სხვაგვარად იქცევა - აუდიტორიის განწყობებს უსმენს და პროდუქტის დახვეწას ცდილობს.

როცა სხვა არხისკენ გამისამართებენ, ან საერთოდ, ტელევიზორის გამორთვას გირჩევენ, ჟურნალისტებს მთავარი ავიწყდებათ ხოლმე - მაუწყებლობას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არეგულირებს. ტელევიზიებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესრულება კი ამავე კანონით ევალებათ. კოდექსში დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა გაშუქდეს ესა თუ ის თემა. როგორც კანონის, ისე კოდექსის ამოსავალი წერტილი საზოგადეობის და მასში შემავალი ინდივიდების, როგორც რესპონდენტების, ისე აუდიტორიის პატივისცემა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა.

გარდა ამისა, მაუწყებელი, კერძოა ის თუ საზოგადოებრივი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე, სიხშირის მეშვეობით მაუწყებლობს. სიხშირე კი არც რუსთავი2-ის კერძო საკუთრებაა, არც „იმედის“ და არც რომელიმე სხვა ტელეკომპანიის, ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ამოწურვადი რესურსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საზოგადოებრივი სიკეთე, ჩემი, როგორც მოქალაქის საკუთრებაცაა. შესაბამისად, მაუწყებლები, პირველ რიგში სწორედ აუდიტორიის ინტერესს უნდა ემსახურებოდნენ და არა უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

ვინც რეიტინგით ამართლებს გადაცემების უხარისხობას, ავიწყდება, რომ რეიტინგისთვის ბრძოლის პროცესში მაუწყებლები დაკისრებული პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან. ამ ლოგიკით, არხს შეუძლია პორნოგრაფიაც გაუშვას და ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ რეიტინგის რეკორდსაც მოხსნის, მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული ნორმები თუ ეთიკური სტანდარტები, რომელთა შესრულებაც მაუწყებელთათვის სავალდებულოა.

„თუ არ მოგწონს, გადართე“ ისეთივე აბსურდული არგუმენტია, როგორც გაფუჭებული კარაქის ყიდვისას მაღაზიის გამყიდველის პასუხი „თუ არ მოგწონს, სხვაგან იყიდე“, მომხმარებლის უფლებაა, მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი. უხარისხო გადაცემა კი უხარისხო პროდუქტზე არანაკლებ საზიანოა.

როცა არ მომწონს, არ გადავრთავ! არ გადავრთავ იმიტომ, რომ გადართვა გამოსავალი არ არის.
კატეგორია - ბლოგი
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული სამი ძირითადი საკონკურსო ეტაპის წარმატებულად გადალახვის შემდეგაა შესაძლებელი.

მეურვის კანდიდატურის შერჩევა ღია კონკურსით ხდება და სამეურვეო საბჭოში პლურალისტული გარემოს შესაქმნელად საკონკურსო ეტაპებში გადაწყვეტილებას განსხვავებული სუბიექტები იღებენ:

1. საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრები - კომისია მხოლოდ კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარების მიზნით იქმნება. მას შემდეგ, რაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან გაივლის კონსულტაციებს, ის საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. კომისიის შემადგენლობაში კი უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები;

2. საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველი - ჩამოთვლილი სუბიექტები სარგებლობენ მეურვეობის კანდიდატების დასახელების უფლებით საქართველოს პარლამენტში;

3. საქართველოს პარლამენტი - შესაბამისი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მეურვეობის ლეგიტიმაციას ახდენს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა/საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი მაინც.

ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა შერჩევის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვისა და კანდიდატებთან პირდაპირი ეთერით წარმოებული გასაუბრების შედეგად უკვე შეარჩია 13 კანდიდატი და ისინი ოფიციალური წერილით 9 აპრილს წარუდგინა შერჩევის უფლების მქონე სუბიექტებს.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მეურვეობის კანდიდატი ასევე ვალდებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ ტელედებატებში და ამ გზით, კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ინდივიდუალურ ხედვას და მისი განხორციელების საჭიროებას.

დღეისათვის ასარჩევია 4 მეურვე, წარდგენის უფლება კი განსხვავებულია: საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ერთს საქართველოს სახალხო დამცველი, ერთს საპარლამენტო უმრავლესობა, ორს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა სუბიექტებმა კანდიდატები უნდა დაასახელონ საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა. გამომდინარე იქედან, რომ 9 აპრილს მოხდა ოფიციალური წერილის მიწოდება, დასახელების ბოლო ვადაა არაუგვიანეს 12 აპრილი.

კანდიდატურების წარდგენა კი შემდეგი რიგითობით უნდა მოხდეს: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.

საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე.

საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (ამ შემთხვევაში, არაუგვიანეს 22 აპრილისა) საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე აირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.

თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში (2 მაისი) წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.

მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენაც.

თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს არჩევისათვის საკმარის ხმებს, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტი ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

ხელახალი კენჭისყრის დროს, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის გაიმართება ხელახალი კონკურსი.

გასათვალისწინებელია, რომ მოქმედ მეურვეებს (ლელა გაფრინდაშვილი, ალექსანდრე ვახტანგოვი) უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 17 აპრილს ეწურებათ. ამ თარიღის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 კაციანი შემადგენლობა, დროულად შეუვსებლობის შემთხვევაში, ვეღარ მიიღებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული მედიაპლატფორმების (პირველი არხი, მეორე არხი, რადიო 1, რადიო 2, აჭარის ტელევიზია, აჭარის რადიო) ფუნქციონირებისათვის საჭირო გადაწყვეტილებებს. რაც ერთი მხრივ, უმოქმედოს გახდის როგორც დამტკიცებულ მეურვეებს, ისე საზოგადოებრივი არხების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან სამეთვალყურეო მექანიზმს.

კატეგორია - ბლოგი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი ბოლო დროს კვლავ პოპულარული ხდება ქართულ მედიასივრცეში. მედიის ერთი ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ მკალავიშვილი საზოგადოებისთვის საინტერესო პერსონაა, მას წარმოგვიდგენს არა როგორც ქსენოფობიური იდეების ავტორს, არამედ როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მებრძოლ ადამიანს, მარტვილსა და უსამართლობის მსხვერპლს.

1 მარტს „იმედის“ ტოკ-შოუ „იმედის კვირამ“ მკალავიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა.

ტოკ-შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანუკა ხაზარაძემ, სიუჟეტის დაწყებამდე

მკალავიშვილი სასულიერო პირად მოიხსენია, მაგრამ არ უწოდა მას „მამა“. ხაზარაძისთვის იგი უბრალოდ ბასილია („დღეს ბასილი უკვე თავისუფალია და მოღვაწეობას კვლავ გლდანის ეკლესიაში განაგრძობს“), სიუჟეტის ავტორისთვის კი - „მამა ბასილი“ და მეტიც - „პროტოპრესვიტერი“. ერთგან, როცა ავტორი თავის გმირს ფამილარულ კითხვას უსვამს („ისევ ისე ენერგიული ხართ თუ არა?“) ჩნდება ტიტრი: „ბასილ მკალავიშვილი, პროტოპრესვიტერი“.

„მამა ბასილ მკალავიშვილი ახლა უკვე 70 წლისაა და ამბობს, რომ ხშირად ავადმყოფობს. ერთი თვის წინ ტაძრიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, მაგრამ ტაძრის აღდგენაში ფიზიკურად მაინც მონაწილეობს“, - გვიამბობს ჟურნალისტი და იმ დროს, როცა მაყურებელს უკვე შეცოდების ცრემლი უნდა მოერიოს, თავისი გმირის რიხიან განცხადებასაც წარმოგვიდგენს: „არავითარი სინანული მე არ გამაჩნია, რა თქმა უნდა, და მე მზადა ვარ, კიდე გავაგრძელო ბრძოლა ჩემი სამშობლოს სიყვარულისათვის და მართლმადიდებლობისათვის, სარწმუნოების დაცვისათვის“.

ალეკო ცქიტიშვილი სიუჟეტის გმირის პორტრეტი ისე იხატება, რომ ეს ხატი ერთდროულად იწვევს მაყურებლის სიბრალულს, თანაგრძნობას, სიყვარულსა და მხარდაჭერას. ჟურნალისტი გვიჩვენებს და მოგვითხრობს, როგორ აქვს გამოკრული „მამა ბასილს“ ტაძარში, საგანგებო დაფაზე, „თავისი მოღვაწეობის ფოტომასალა“, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ცნობილ ჩინოვნიკებს (ფოტოებზე ჩანან: გია ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი). ჟურნალისტი ასევე ეხება მკალავიშვილისა და მისი „მრევლის“ მიერ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელთა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს: „დღემდე ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა მაშინ, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთადერთი ნანობს, როცა მრევლთან ერთად სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებს თმებს ჯვრის ფორმით ჭრიდა. უბრალოდ, მაშინ მრევლის ყველა წევრის გაკონტროლება ვერ შეძლო“.

სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არც „თავისუფლების ინსტიტუტის“ და არც იეჰოვას მოწმეთა ან ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელთა პოზიცია.

ბასილ მკალავიშვილი სიუჟეტში იეჰოვას მოწმეებს ბოკერიას და პაიჭაძის ჯარს უწოდებს: „ერთ-ერთი სასამართლო დამთავრდა. ბოკერიას ორასი კაცი ჰყოლია იაღოველები ჩასაფრებული ნაძვებში. სასამართლო რომ დამთავრდა, გამოვედით ჩვენ იქიდან, გავუშვი ხალხი უკვე და ერთი 30 ადამიანი დავრჩით იქ და ამ დროს ბოკერია და დავით პაიჭაძე მოუძღვის ამ იმას, რა ქვია, თავის ჯარს, იაღოველებს და დეგვესივნენ ამ 30 კაცს და მერე ჩვენი მრევლიც მობრუნდა და გაიმართა იქ ხელჩართული ბრძოლა. ყველა ამ სექტანტებს ხელმძღვანელობს ბოკერია“.

ამის შემდეგ ჟურნალისტი მკალავიშვილს ეკითხება: „გინდოდათ, გეცემათ მაშინ ბოკერია?“ მკალავიშვილიც ამაყად და მუქარანარევი სიტყვებით პასუხობს: „ბოკერიამ საკმარისად მიიღო და კიდევ ემუქრება მრევლი. თუ კიდევ წინ აღუდგება მართლმადიდებლობას, ფიზიკურადაც გავუსწორდებით მათ“. ამ დროს სიუჟეტში კვლავ ჩანს საარქივო კადრები, სადაც ბოკერიას ტანსაცმელი აქვს შემოხეული და ტანზემოთ შიშველი გარბის.

სიუჟეტი ჟურნალისტის შესაბრალისი სიტყვებით მთავრდება: „ახლა ტკივილები აწუხებს. ტკივილები, რომელიც ცემისგან და ციხეში ყოფნის მერე დარჩა. როგორც თვითონ ამბობს, ახლა ისე ვეღარ ხმაურობს, როგორც ადრე, მაგრამ თუ საჭირო გახდა, თავს არ შეიკავებს. ამჟამად ტაძრის შემოსვით არის დაკავებული. სამრეკლო თვითონ დააპროექტა და გალავანიც უკვე აქვთ“.

ჟურნალისტი სიუჟეტის ფინალში მკალავიშვილის მრევლს ეკითხება: „ამბობს, რომ მტკივაო?“ ქალბატონი ტირის და გულამომჯდარი ძლივს პასუხობს: „კი“. ასე სენტიმენტალურად მთავრდება სიუჟეტი ადამიანზე, რომელიც ძალადობის გამო განკვეთეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ძალადობის გამო გაასამართლეს და დღესაც იმუქრება, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, კვლავ ასეთ საქმიანობას გააგრძელებს.
კატეგორია - ბლოგი
„სპექტრი“- „კავკასიის“ სავიზიტო ბარათი 2015-02-28 რატომღაც მჯერა, რომ ნებისმიერ ქვეყანაშია ერთი პოლიტიკოსი მაინც, რომელიც ყველას ოპოზიციაში უდგას, არავინ და არაფერი მოსწონს და ყველას აკრიტიკებს. მოკლედ, მჯერა, რომ ყველგან არსებობს შალვა ნათელაშვილის მსგავსი პოლიტიკოსი და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რა თვისებებს და ხასიათის თავისებურებებს მოიაზრებს განზოგადებული სახე „შალვა ნათელაშვილი“... ქართული მედიის „შალვა ნათელაშვილის“ წოდება რომ არსებობდეს, მისი უალტერნატივო მფლობელი დავით აქუბარდია იქნებოდა, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, „სპექტრის“ სტუდიიდან თანამოაზრეებთან ერთად ესალმება მაყურებელს და ისიც მთელი საათით ქვეყნის ბედზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მართლმსაჯულებასა თუ სოციალიზმზე მეგობრული სჯა-ბაასის მოწმე ხდება. გულწრფელი საუბრები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე - „სპექტრს“ სატელევიზიო სივრცეში ეს ნიშა უკავია. მიმართვის ფორმებს და ეთერში ქცევას თუ დავაკვირდებით, დავასკვნით, რომ წამყვანი მაყურებელთან ისეა გაშინაურებული, ხანდახან საჭიროდ არც მიიჩნევს სტუმრების წარდგენას - რიგ შემთხვევებში მხოლოდ სახელიც საკმარისია. წამყვანი არც მეტყველების მანერასა და ფორმას ანიჭებს მნიშვნელობას: გაუმართავი წინადადებები, ხშირად და უმართებულოდ გამოყენებული კალკი და ბარბარიზმები („ვიგოდნიკი“, „დვარნიაშკა“ და სხვა), გადაცემის ძირითადი თემებისგან ხშირი გადახვევა ან სპონტანური ცვლილებები - „სპექტრის“ „საფირმო“ მახასიათებლებია. წამყვანი ხშირად სცდება ასევე ჟურნალისტის ამპლუას და სტუმრებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ საკითხებზეც აძლევს რჩევებს. ასე, მაგალითად, ნინო გვენეტაძეს „სასამართლოების დირექტორობის“ შემთხვევაში, „იუსტიციის უმაღლესი კანტორის“ გაუქმებას და ალტერნატივის შექმნასაც სთხოვს. (ამერიკაში სულ ასეაო, მოჰყავს არგუმენტად. თან მაყურებელს განუმარტავს, რომ მიშამ სასამართლოს „კამასუტრა“ უყო და სისტემა ამოიდო.)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა უკრაინაში დანიშვნას გაკვირვებული ეხმაურება, აქაოდა, ეს „დვარნიაშკები“ და „ვიგოდნიკები“ თუ ასეთ მაღალ თანამდებობებზე მოსხდებოდნენ, როგორ წარმოვიდგენდიო. ამავდროულად კი ერთ-ერთ რუსულ ტელევიზიაში მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ ტენდენციურ გადაცემაზეა გაბრაზებული...

ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, იუბილართან ერთად, მოსახლეობასაც ულოცავს, შიგადაშიგ მთავრობასაც აკრიტიკებს, ჩაბმულ „ელექტრიჩკას“ უწოდებს.

ამ და სხვა უამრავი მაგალითის მოყვანა სავსებით საკმარისია იმის დასტურად, რომ გადაცემა “სპექტრი“ ჟურნალისტურ სტანდარტს არ ექვემდებარება: აქ ვერასდროს ნახავთ საწინააღმდეგო აზრის მქონე ორ სტუმარს, წამყვანი არც თავად უწევს მათ ოპონირებას, მეტიც, ხშირად სტუმარზე მეტს თავად საუბრობს ისე, თითქოს სტუმარი მხოლოდ იმისათვის სჭირდება, სტუდიაში რომ ეულად არ იგრძნოს თავი, ტენდენციურიც არის და ეთიკის სტანდარტებსაც არღვევს...

„კავკასია“ საინტერესოდ მოწყობილი ტელევიზიაა, სადაც, სხვა მაუწყებლებთან შედარებით დაბალანსებული და რაფინირებული საინფორმაციო გამოშვების ფონზე, აქუბარდიას „სპექტრი“სტანდარტიდან არის ამოვარდნილი.

მიუხედავად ამისა, სწორედ ეს გადაცემა იქცა ტელევიზიის სავიზიტო ბარათად.
კატეგორია - ბლოგი
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ჟურნალისტს ავალდებულებს, ხელი შეუშალოს სტერეოტიპების გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესპონდენტის კომენტარი ნეგატიური სტერეოტიპებითაა გაჯერებული, ჟურნალისტმა კონტრკითხვები უნდა დასვას და საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოიშველიოს.

ზუსტად გაწერილი ადგილობრივი და საერთაშორისო გაიდლაინების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ტელემედიაში, განსაკუთრებით გასართობ შოუებში, გენდერული სტერეოტიპები (სახეობათა მრავალფეროვნებით) კვლავაც უხვად გვხვდება. ხანდახან ისეც ხდება, უკვე დავიწყებული და დაძლეული რომ გგონია, იმგვარი სტერეოტიპებით სავსე გადაცემა გადის წამყვანი ტელეარხის ეთერში.

25 თებერვალს „რუსთავი 2“-მა გადაცემა „ნანუკას შოუ“ „სადედამთილოებსა და სარძლოებს“ მიუძღვნა.

წამყვანს სტუდიაში ჰყავდა მოყვანილი ქალები, რომელთაც სამი ტიპის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული: „სადედამთილო“, „მაჭანკალი“ და „სასურველი სარძლო“. მთელი გადაცემის განმავლობაში ქალი ნაჩვენები იყო, როგორც „შესაფასებელი ნივთი“, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ გათხოვდეს. კრიტერიუმებს ბიჭის მშობლები ადგენენ, გათხოვება კი, ქალისთვის როგორც მთავარი მიზანი, ისეა წარმოჩენილი.

წამყვანის მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობდა ხელს. მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჰკითხა სტუმრებს:

- „ - უნდა იყოს თუ არა რძალი მეგრელი?

- თქვენ არ ჰგავხართ მეგრელ დედამთილებს...

- მეგრელებს გაქვთ გვარებზე გართულება?

- რა არის მთავარი, რაც არ უნდა მეგრელს ოჯახში შესაშვებად?“

ზემოთ აღნიშნულ ბოლო კითხვაზე რესპონდენტმა უპასუხა:„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი, ეს არის პირველი და უმთავრესი, მეორე -აუცილებლად უმაღლესი განათლებით . . . მესამე არის კარგი დიასახლისი. აუცილებლად ღომი საცივი, ეს აუცილებელი პირობაა მეგრულად გაკეთებული...“

ამ პასუხის შემდეგ, წამყვანი რესპონდენტს ეკითხება: „დედისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, გოგოს როგორ გაათხოვებს თუ რძალი როგორი შემოუვა?“ მოგვიანებით კი შენიშნავს „მე როგორც მივხვდი, სამეგრელოში უფრო მთავარია იყო ქალიშვილი, ვიდრე მეგრელი“.

გადაცემის მსვლელობისას კიდევ ერთი სტერეოტიპი ძლიერდება - არაერთხელაა ხაზგასმული ის, რომ მამრობითი სქესის შვილი არის უპირატესი.

გადაცემაში მოწვეულია მომღერალი დათო ხუჯაძეც, რომელსაც წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში მხოლოდ ერთ საკითხზე შეეკამათა - რატომ ითვლება კაცის ღალატი უფრო მსუბუქად, ვიდრე - ქალის. რესპონდენტის თქმით, „ქალი უფრო მეტად ფაქიზია, ნაზია და სუფთა უნდა იყოს ვიდრე მამაკაცი“. წამყვანი განმარტებებს სთხოვს. საუბრის ბოლოს, ხუჯაძე ამბობს, „ეპატიება, კაცია რა, ცხოველია“. წამყვანი სიცილით ხვდება ამ ნათქვამს და ამბობს - „ო, ეს მოსულა, მივიღე სათანადო პასუხი“.

შესაძლოა, ამ გადაცემის მომზადებისას, წამყვანის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების წარმოჩენა და მათი დისკრიმინაციული ხასიათის ჩვენება იყო, თუმცა შექმნილი პროდუქტით მიზანი მიუღწეველი დარჩა. გადაცემაში გაჟღერებულ სტერეოტიპებს წამყვანი რომ არ ეწინააღმდეგება, ამას ადასტურებს მის მიერ წარმოთქმული რეპლიკა, „მეშინია, არ გეგონოთ, რომ რამე განსხვავებულს ვფიქრობ“.

საერთო ჯამში, გადაცემამ შემდეგ უარყოფით სტერეოტიპებს მოუყარა ერთად თავი:

ქალი, რომელიც ქალიშვილი არ არის, სიგარეტს ეწევა, ტატუ აქვს და დახეული ჯინსებით დადის, ოჯახში შესაშვები არ არის;

გოგოები კვლავაც მაჭანკლის დახმარებით თხოვდებიან;

რძლებს დედამთილები ირჩევენ;

მეგრელის ოჯახში მეგრელი რძალი უნდა შევიდეს;

მამრობითი სქესის შვილი უპირატესია;

კაცი ცხოველია და ამიტომ მას ღალატი ეპატიება, ქალს კი არა;

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. იქვე ნათქვამია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

ამავე მუხლის განმარტების თანახმად, პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედიასაშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდაქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდამონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედიაგაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.